სად დგას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია? – ეს ის მთავარი კითხვაა, რომელზე პასუხის ძიებასაც ჯანდაცვის ექსპერტები აქტიურად ცდილობენ.
ლონდონის ექიმების მიერ სამეფო კოლეჯში (Royal College of Physicians (RCP) გამართული “ელ. სიგარეტების სამიტის” ფარგლებში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დოქტორ სივაკუმარ ტურაირაჯასინგამ, ფსიქიატრიის ასოცირებულმა პროფესორმა სცადა.
“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, თუმცა, ამავდროულად ყურადღება უნდა გავამახვილოთ თამბაქოს ეკონომიკურ ფაქტორებზეც. როგორც ვიცით, მწეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენი მთავარი კითხვაა, რამდენად ეფექტიანია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციაში (FCTC) მოცემული რეკომენდაციები და რამდენად მუშაობს ის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში?” – ამბობს დოქტორი სივაკუმარ ტურაირაჯასინგა.
როგორც პანელისტი აღნიშნავს, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია ფართოდ არის გავრცელებული.
“თუმცა, თუ საერთო სურათს შევხედავთ, დავინახავთ რომ FCTC რეკომენდაციების იმპლემენტაციასა და თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას შორის ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს”, – აღნიშნავს პანელისტი.
მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების დიდი ნაწილი არ ახდენს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციას. მაშინ, რა ხერხებს იყენებენ ისინი?
“აღნიშნულ ქვეყნებში ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპია არაეფექტიანია”. როგორც პანელისტი აღნიშნავს, შემთხვევითობის პრინციპით ჩატარებულ კვლევებში აღნიშნული მაჩვენებელი მაღალია, თუმცა, თუ მიღებულ მონაცემებს მთლიან მოსახლეობაზე განვაზოგადებთ, მაშინ ვნახავთ, რომ შემცირების სიხშირე დაახლოებით 26%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიდგომა გრძელვადიან პერიოდში არ იძლევა მაღალ შედეგებს.
“შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნები უმეტესწილად იყენებენ მკაცრ აკრძალვებს და არ ითვალისწინებენ ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების, მაგალითად ელექტრონული სიგარეტების შესაძლო პოტენციალს”, – აღნიშნავს დოქტორი სივაკუმარ ტურაირაჯასინგა.
საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისგან განსხვავებით, ზიანის შემცირების სტრატეგიას იყენებენ ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორებიც არის: ახალი ზელანდია და ნორვეგია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნორვეგიაში ერთი ან ორი ათწლეულის შემდეგ მოხდება თამბაქოს მოხმარების სრულად აღმოფხვრა, რისი ვარაუდის საფუძველსაც ქვეყანაში მწეველთა რაოდენობისა და მოწევის ინიციაციის დაბალი მაჩვენებლები იძლევა (ქვეყანაში აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებია).
“ნორვეგიაში ძალიან სწრაფად მცირდება თამბაქოს მოხმარების საერთო რაოდენობა. 16-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ყოველდღიური მოხმარების მაჩვენებელი 2%-ზე დაბალია. ქვეყანაში მცხოვრები მწეველების ძირითადი ნაწილი კი 60 წლის ზემოთ არის”, – აღნიშნავს დოქტორი კარლ ლუნდი, ნორვეგიის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
მოწევის მაჩვენებლებში კლების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული თამბაქოს კონტროლის ეფექტიანი მიდგომები, ტრადიციულ თამბაქოზე გადასახადების რეგულარული ზრდა, და რაც მთავარია, ბაზარზე სნუსის გამოჩენაა.
“რამდენიმე ათწლეულში, ნორვეგია სრულად გათავისუფლდება თამბაქოს კვამლისგან. ამის მიზეზი კი სნუსის (ნიკოტინის შემცველი პერორალური პროდუქტი) ხელმისაწვდომობაა, რომელიც ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა”, – აღნიშნავს დოქტორი კარლ ლუნდი.
სნუსი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები რისკის მქონე ალტერნატივაა.
“2000-2021 წლებში, ბაზარზე სნუსის წილი 7%-დან 50%-მდე გაიზარდა. პარალელურად კი ერთ სულ მოსახლეზე თამბაქოს მოხმარება 2 კგ-დან 1 კგ-მდე შემცირდა. რაც ნიშნავს იმას, რომ სნუსის გამოჩენის შედეგად, მწეველებმა თავი დაანებეს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას და სნუსს მოიხმარდნენ არა როგორც ტრადიციული სიგარეტის დანამატს, არამედ ექსკლუზიურად”, – აღნიშნავს დოქტორი ლუნდი.
ნორვეგიის მსგავსად, თამბაქოს უკვამლო მომავლის შექმნას ისახავს მიზნად ახალი ზელანდიაც. თუმცა, მათი მიზანი უფრო ამბიციურია.
“ახალი ზელანდიის მთავრობა მიზნად ისახავს, 2025 წლისთვის ქვეყანა გახდეს კვამლისგან სრულიად თავისუფალი, რაც მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების 5%-მდე შემცირებას გულისხმობს”, – აღნიშნავს ბენ იოუდანი, Youdan Consulting-ის დირექტორი.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ თამბაქოს ზიანის შემცირება აღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის შემუშავებული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.
2022 წლის დასაწყისში ახალი ზელანდიის მთავრობამ გამოაქვეყნა “Tobacco End Game” სტრატეგია, რომელიც თამბაქოს ზიანის შემცირებასა და მის ინსტრუმენტებს მიზნის მიღწევის პროცესში მნიშვნელოვან იარაღად აღიარებს.
ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგია ასევე მიზნად ისახავს, ქვეყანაში თამბაქოს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რაც ქვეყნის მასშტაბით თამბაქოს გაყიდვების ობიექტების 600-მდე შემცირებას გულისხმობს. ასევე, იგეგმება 2009 წელს დაბადებულ ახალგაზრდებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის აკრძალვა და ეს აკრძალვა იმოქმედებს მუდმივად.
თუმცა, მკაცრი შეზღუდვების პარალელურად, მოწევასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში თამბაქოს ელექტრონული სიგარეტების როლი კვლავ მნიშვნელოვანია.
“2021-2022 წლებში გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ახალ ზელანდიაში გრძელდება მწეველთა რაოდენობის შემცირება, თუმცა, საინტერესოა, რომ 2018 წლიდან, მაშინ როდესაც ქვეყანაში თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებაში ზრდა შეინიშნებოდა, ტრადიციული თამბაქოს მწეველთა შორის საგრძნობი კლება დაფიქსირდა. უფრო მეტიც, ამ პერიოდში ქვეყანაში არ მოქმედებდა თამბაქოს კონტროლის მკაცრი ინიციატივები”, – აღნიშნავს ბენ იოუდანი.
როგორც პანელისტი ამბობს, ელ. სიგარეტებს და თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ საყოველთაო ჯანდაცვაზე მაშინ, როდესაც სხვა ფაქტორები არ უწყობენ ამას ხელს.
“ბოლო ათწლეულში, ბაზარზე თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების გამოჩენამ სრულად შეცვალა მწეველთა შესაძლებლობები”, – ამბობს ბენ იოუდანი.
აღნიშნული შესაძლებლობების გამოყენება კი მხოლოდ გონივრული საკანონმდებლო ინიციატივების გატარების და ზიანის შემცირების პროცესში ელექტრონული სიგარეტების შესაძლო სარგებლის გათვალისწინებით არის შესაძლებელი, რაც შესაძლებლობას მისცემს მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს, ხელი შეუწყონ მოსახლეობაში საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევას.
დატოვე კომენტარი