თანამედროვე ეკონომიკის გაკოტრება

თანამედროვე ეკონომიკის  გაკოტრება

ნიუ-ჯერსის გუბერნატორის, კრის კრისტის, გახმაურებული გამარჯვების შემდეგ ხალხი ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე, განსაკუთრებით, რესპუბლიკელთა პარტიასთან დაკავშირებით, რადგან, რაც შეეხება დემოკრატებს, პოლიტიკოსები და ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება დიდი ხნის გადაწყვეტილი საკითხია (არ არის, მაგრამ ეს სხვა თემაა). ObamaCare-ის კრახი და საგარეო პოლიტიკის კრიზისი, გამოწვეული პრეზიდენტის მიერ ამერიკის ძალაუფლების დასუსტებით, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა.
ასევეა ეკონომიკის სფეროც. ამ სფეროშიც კანდიდატებმა უნდა გამოაჩინონ იმ საკითხების სიღრმისეული წვდომის უნარი, რომლებიც ასე სახიფათოდ დარჩა ბევრი პოლიტიკოსისა და ეკონომისტის თვალთახედვის მიღმა: ეკონომიკური აზროვნება დღეს გაკოტრებულია. ეს ინტელექტუალური გამოფიტვა და უნაყოფობა ახლახან თვალსაჩინოდ აისახა ზოგიერთ პუბლიკაციაში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგასახადო პროექტში.

New York Times-ის და Wall Street Journal-ის პირველი გვერდები და Economist-ის მთავარი სტატია მიძღვნილია მართლაც უცნაური თემისადმი: მსოფლიო ეკონომიკას იმიტომ უჭირს, რომ არ არის საკმარისი ინფლაცია. Journal-ში გამოქვეყნებული სტატია აქცენტს ევროპაზე აკეთებს: „ინფლაციის მეტისმეტად დაბალი დონე საფრთხეს შეუქმნის ევროპის ხანმოკლე აღმასვლას… ბოლოდროინდელი მონაცემები მიგვანიშნებს სახიფათოდ დაბალ ინფლაციაზე (რომელსაც იაპონია ორი ათეული წლის განმავლობაში ებრძოდა, აშშ-ის ცენტრალური ბანკი კი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ის თავიდან აეცილებინა), რომელიც ევროპას კარს მოსდგომია” .Times-ის სტატიაც ასეთივე უცნაურია: „ფედერალური მთავრობა სულ უფრო მეტად ღელავს იმაზე, რომ ინფლაცია საკმარისად სწრაფი ტემპით არ იზრდება. ეკონომისტები – მათ შორის, ჯენეტ იელენი, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ ფედერალური მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე დაასახელა მომავალი წლის არჩევნებისთვის – დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ მცირე ინფლაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუსტი ეკონომიკის შემთხვევაში”.

ეს ავადმყოფური მოსაზრება, რომ ინფლაციის ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკურ აღმასვლას, რეზიუმეს სახით მოცემულია Phillips Curve-ში („ფილიპსის მრუდი”). ეს ფენომენი ატარებს ახალზელანდიელი ეკონომისტის სახელს, რომელმაც აღმოაჩინა, რომ უმუშევრობის შესამცირებლად უნდა შეიქმნას გარკვეული დონის ინფლაცია და პირიქით, ინფლაციის შესამცირებლად საჭიროა მაღალი დონის უმუშევრობა. მიუხედავად იმისა, რომ „ფილიპსის მრუდი” უარყოფილი იყო წლების განმავლობაში ჩატარებული უამრავი კვლევით, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტების კვლევებით, ეს კონცეფცია დღევანდელი დოგმაა.
ფული ღირებულების საზომია, ზუსტად ისევე, როგორც სანტიმეტრი და წუთი – სიგრძისა და დროის საზომი. ფული ამარტივებს გარიგებებს – ყიდვა-გაყიდვას – ორ მხარეს შორის. ის აუცილებელი პირობაა პროდუქტებსა და მომსახურებაზე ოპერაციების საწარმოებლად და ბევრად მოქნილია, ვიდრე ბარტერი. ფულის ფაქტობრივი ღირებულების ცვლილება იმაზე მეტად არ უწყობს ხელს სტაბილურ ზრდას, ვიდრე წუთების რაოდენობის ცვლილება ერთ საათში ან სანტიმეტრებისა – ერთ მეტრში.

ჯონ მეინარდ კეინზი ინფლაციას სამართლიანად მიიჩნევდა დაბეგვრის ერთ-ერთ ფორმად და თანაც – განსაკუთრებით შეურაცხმყოფელად. ის სტიქიურად ქმნის გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს, მისთვის სულ ერთია გაწეული ძალისხმევა, შრომის დაფასება ან მომხმარებელთა მოთხოვნა. ის სპეკულაციას უფრო აფასებს, ვიდრე წარმატებისკენ მიმავალ ისეთ ტრადიციულ გზას, როგორიცაა ბეჯითი მუშაობა, ეკონომიური ხარჯვა და ინოვაციები, რითაც ძირს უთხრის სოციალურ ნდობას და მორალურად ანგრევს საზოგადოებას.

მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბანკირები, ისეთები, როგორებიც არიან ბენ ბერნანკე და მისი სავარაუდო შემცვლელი ჯენეტ იელენი, ამტკიცებენ, რომ საჭიროა მეტი ინფლაცია. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა მისი წლიური მაჩვენებელი 2%-2,5% ყოფილიყო. ინფლაციის ასეთი დონის პირობებში ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალია $40 000, წელიწადში $800-$1000-ს დაკარგავს. თუ ოდესმე გადააწყდებით რომელიმე ცენტრალურ ბანკირს ან მაღალი თანამდებობის ეკონომისტს, რომელიც ამ უცნაურ თვალსაზრისს იზიარებს, ჰკითხეთ მას, რომელმა არჩეულმა ორგანომ მიანიჭა ფედერალურ მთავრობას – ან რომელიმე ცენტრალურ ბანკს – ასეთი დაბეგვრის შემოტანის უფლებამოსილება.
გასული ათწლეულის დასაწყისში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ წამოიწყეს სუსტი დოლარის პოლიტიკა, რომელმაც გამოიწვია ე.წ. „უძრავი ქონების ბუშტი”, სასაქონლო ბუმი, სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასების ინფლაცია, ფინანსური სექტორის დასუსტება და მისი მგრძნობიარობის ზრდა და ე.წ. „ობლიგაციების ბუშტი”, შესაძლოა, „აქციების ბუშტიც”. მაგრამ იმ ექიმების მსგავსად, რომლებიც XIX საუკუნის შუა წლებში სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ლისტერის „მიკრობების თეორიას” და ამას იმით გამოხატავდნენ, რომ ოპერაციის წინ ხელის დაბანაზე უარს აცხადებდნენ, ეს პოლიტიკოსებიც ამ ავთვისებიანი თეორიების ერთგულნი რჩებიან.

იდეა, რომ ინფლაციის გაკონტროლება ისევეა შესაძლებელი, როგორც თერმოსტატის ან ავტომობილის აქსელერატორისა, აბსურდულია. ცენტრალურ ბანკს შეუძლია შექმნას საბანკო რეზერვები, მაგრამ მათი გამოყენება კრედიტის შექმნის თვალსაზრისით, მის კონტროლს არ ექვემდებარება. 1970-იან წლებში აღმოჩნდა, რომ ცენტრალური ბანკი ვერ აკონტროლებდა ფულის ბრუნვის სისწრაფეს (ანუ რამდენჯერ იყო დოლარი გამოყენებული წლის განმავლობაში), რაც იყო კიდევაც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ინფლაციამ ასეთ საშიშ დონეს მიაღწია. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ სცადა ახალი ილეთის გამოყენება თავისი ე.წ. „რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამებით”. ეს პოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა გრძელვადიანი ობლიგაციების დიდი რაოდენობით შესყიდვას გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების ჩასახშობად, წარმოდგენილი იყო, როგორც ეკონომიკის სტიმულირების მეთოდი, რომელმაც ასევე მარცხი განიცადა. ნაცვლად მძლავრი ექსპანსიისა, ამ ნაბიჯმა დააზარალა ეკონომიკა საკრედიტო ბაზრების დეფორმირებით. საბინაო გადასახადების რეგულირება ამახინჯებს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრებს; ფედერალურმა მთავრობამ იგივე გაუკეთა ჩვენს კაპიტალის ბაზრებს.

ეკონომიკური უვიცობის კიდევ ერთი მაგალითია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანგარიში, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის თითქოსდა დამანგრეველი ეკონომიკური პოლიტიკა. ყოველ ექვს თვეში ერთხელ ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ანალიზს, რამდენად იყენებენ ქვეყნები საკუთარ ვალუტებს, რათა მოიპოვონ კონკურენტუნარიანი უპირატესობა აშშ-ის ექსპორტზე. ამ ანგარიშის მიხედვით, გერმანია დამნაშავე იყო იმაში, რომ ეკონომიკური აღმავლობის მიღწევის საქმეში ის თითქმის მთლიანად ეყრდნობოდა ექსპორტს, რითაც აზარალებდა მეზობელ სახელმწიფოებს და საერთოდ, მთელ მსოფლიოს. „გერმანიის ანემიური სწრაფვა შიდა მოთხოვნის ზრდისაკენ და მისი დამოკიდებულება ექსპორტზე ხელს უშლიდა წონასწორობის აღდგენას იმ დროს, როდესაც ევროზონის ბევრი სხვა ქვეყანა იძულებული იყო შეეზღუდა მოთხოვნა და იმპორტი რეგულირების უზრუნველსაყოფად.

ადამ სმიტი მართალი იყო როდესაც The Wealth of Nations-ში (ერების სიმდიდრე) ორი საუკუნის წინ აღნიშნა, რომ ვაჭრობის დროს ორივე მხარე იღებს რაღაც სარგებელს გაცვლიდან, სხვაგვარად, ისინი არ წავიდოდნენ ასეთ გარიგებაზე.

ვაჭრობა ზრდის სიმდიდრეს. შეხედეთ გლობალური მომარაგების ამ წარმოუდგენლად რთულ ქსელს, რომელიც შესაძლებელს ხდის ისეთი პროდუქტის არსებობას, როგორიცაა iPad. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს წარმოდგენა არა აქვთ იმ უბრალო ფაქტის შესახებ, რომ ერთმანეთთან ვაჭრობენ არა ქვეყნები, არამედ კომპანიები და პიროვნებები. ფინანსთა სამინისტრო ასკვნის, რომ სასაქონლო ვაჭრობის აქტიური სალდო კომპანიის მიერ მიღებული მოგების ეკვივალენტურია, ხოლო დეფიციტი კომპანიის დანაკარგის ტოლფასია. ეს რომ მართალი ყოფილიყო, როგორ გახდებოდა აშშ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი ეკონომიკის ქვეყანა მაშინ, როდესაც ბოლო 400 წლიდან 350 წელი სავაჭრო ბალანსის დეფიციტს განიცდიდა?

ეკონომიკის ინტელექტუალური სისუსტის დღეისათვის ბოლო მაგალითია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემოთავაზება, რომ ქვეყნებმა სწრაფად შემოიღონ ქონების ერთჯერადი 10%-იანი გადასახადი. გვერდზე გადავდოთ ფანტაზია „ერთჯერადის” შესახებ. სად, მსოფლიოს რომელ კუთხეში იპოვეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის თითქოსდა ნათელმა თავებმა იდეა, რომ კაპიტალის ასეთი მასშტაბური ნგრევა დაეხმარება ეკონომიკურ ზრდას? ვწუხვარ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალჩინოსნებო, მაგრამ კაპიტალის შექმნისა და ინვესტიციის გარეშე წინ ვერ წავალთ.

მდგრადი კეთილდღეობის რეცეპტი მარტივია: სტაბილური ფული, დაბალი საგადასახადო კოეფიციენტი და გონივრული ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რასაც კანონის უზენაესობა ჰქვია. ფულისადმი არასერიოზული მიდგომა იგივეა, რაც არასერიოზული მიდგომა წონისა და ზომისადმი. ეს ვნებს კომერციას – და კიდევ ბევრ სხვა რამეს.

ხშირად კანდიდატები თავს უფლებას აძლევენ დაემორჩილონ მაღალჩინოსან ეკონომისტებს. ამის დაშვება კი არ შეიძლება – ზუსტად ისევე, როგორც ლინკოლნის მსგავსი წარმატებული პრეზიდენტები არ უშვებდნენ, რომ იმპოზანტური იერის გენერლებსა და ადმირალებს თავს მოეხვიათ მათთვის თავიანთი დამოკიდებულება სამხედრო საკითხებისადმი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *