ახალი კვლევის თანახმად, რომელიც დასაქმების არაკომერციული ორგანიზაციის, Generation-ის მიერ ჩატარდა, პანდემიის დასრულებასთან ერთად, თაობა იქსის წარმომადგენლები შესაძლოა გლობალური უმუშევრობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ციფრული სისტემის როლის ზრდამ და სამუშაოების ავტომატიზაციამ უფრო მეტად გაართულა 45 წელს გადაცილებული პირებისთვის სამსახურის პოვნისა და უკვე არსებული პოზიციის შენარჩუნების პროცესი. ახალი კვლევების თანახმად, დამსაქმებლები პანდემიის შემდგომ 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანების სამუშაოზე აყვანისგან თავს შეიკავებენ. მიზეზად მათ მიერ ახალი უნარ-ჩვევების ათვისების სურვილის არქონა სახელდება.
Generation-ის კვლევა 2021 წლის მარტი-მაისის პერიოდში ჩატარდა და 18-დან 60 წლამდე ასაკის როგორც დასაქმებული, ასევე დაუსაქმებელი 3,800 პირი გამოიკითხა. კვლევის პროცესში შვიდი ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და ინდოეთის 1,404 დამსაქმებელიც მონაწილეობდა.
მიუხედავად ქვეყნებსა და სამუშაო ტიპებს შორის განსხვავებისა, თითქმის ყველა შემთხვევაში ერთმანეთის იდენტური შედეგები მივიღეთ. დამსაქმებელთა უმრავლესობისთვის 45-დან 60 წლამდე პირები ყველაზე არამიმზიდველ კანდიდატებად განიხილებიან, რასაც ბოლო 6 წლის მონაცემებიც ადასტურებს. უკანასკნელ პერიოდში, სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში შეინიშნება ხანგრძლივი უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
აღსანიშნავია, რომ Generation-ის კვლევებით ასევე დადგინდა, რომ ამ ასაკის წარმომადგენლების 38% არ გამოთქვამს მზაობას ახალი ტექნოლოგიების შესწავლისთვის, 27%-ს ვერ ან არ ეუფლება ახალ უნარ-ჩვევებს, ხოლო 21%-სთვის სხვა თაობის წარმომადგენლებთან მუშაობა სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ამის მიუხედავად, დამსაქმებელთა 89% აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში 45 წელს გადაცილებული დაქირავებული პირები უფრო კარგად ასრულებენ სამუშაოს, ვიდრე მათზე ახალგაზრდა ასაკის დასაქმებულები. სპეციალისტები თვლიან, რომ ტრენინგებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო სახის პროგრამების დახმარებით ამ პრობლების გადაჭრა შესაძლოა მარტივად მოხერხდეს. კვლევებში მონაწილე 45 წელს გადაცილებული პირების 73% კი აღნიშნავს, რომ კარიერული ცვლილების დროს მათთვის შედეგიანი და ყველაზე მეტად გამოყენებული სწორედ ტრენინგები აღმოჩნდა.
დატოვე კომენტარი