ივანე იოსელიანის თაოსნობით “თეთრმა ქუდმა” არსებობის 6 წლის თავზე წარმოება 6-ჯერ გაზარდა, რამაც კომპანია ბაზრის 80%-იანი წილის მფლობელად, ხოლო ქვეყანა ექსპორტიორად აქცია. კომპანიაში, სოკოს გარდა, ქართული აგრობიზნესის საერთაშორისო პოტენციალი მწიფდება.
“ნაომარი სტალინგრადის წარმოდგენა შემექმნა, როცა მოვედი. აქ საბჭოთა დროსაც სოკოს წარმოება იყო, მაგრამ 90-იანებში მთლიანად გაიძარცვა”, – მიმითითებს ივანე იოსელიანი 14 ჰექტარზე გადაჭიმული საწარმოო კომპლექსის ერთ-ერთ ნაგებობაზე.
40-მდე მაღალტექნოლოგიური სათბურით დახუნძლული ამ უზარმაზარი ტერიტორიის თანამედროვე სახე მსოფლიო თუ სამოქალაქო ომის დროინდელ მირაჟებს მთლიანად მიფანტავს. რუსთავის გზატკეცილის მეჩვიდმეტე კილომეტრზე მდებარე “თეთრ ქუდში” ქამა, კალმახა და პორტობელოს სოკოებთან ერთად თანამედროვე ქართული აგრობიზნესის საერთაშორისო პოტენციალი მწიფდება და თუკი ახლა აქ რაიმე სტალინგრადის ასოციაციას იწვევს – მხოლოდ გუგუნი, რომელსაც უცნაური სახელწოდებების მქონე მანქანები, ბროილერები თუ ბუნკერფილერები გამოსცემენ. ივანე იოსელიანს ტექნიკის ეს ხმაური რომელიმე გერმანელი კომპოზიტორის სიმფონიასავით ჩაესმის. იგი “თეთრი ქუდის” გენერალური დირექტორია – ორასკაციანი ორკესტრის დირიჟორი, რომელმაც ნოტებისა და პაუზების უშეცდომო მონაცვლეობა უნდა უზრუნველყოს. ამ საქმეს თავს მარტო ვერ გაართმევს. სოკოს კულტივაცია მრავალცვლადიანი სისტემაა – ერთი შეცდომა მთელი ამოცანის ჩიხში შესვლას განაპირობებს, ამიტომ ანსამბლის თითოეული წევრი ზედმიწევნით ზრუნავს თავისი პარტიის უშეცდომო შესრულებაზე და მათი კონცერტი ნამდვილად იმსახურებს აპლოდისმენტს.
სულ რაღაც ექვსი წლის წინ საქართველოში 300 ტონა სოკოს მოიხმარდნენ. აქედან 250 ტონაზე მეტი იმპორტირებული იყო – ნახევარი თურქეთიდან, მეოთხედ-მეოთხედი კი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. დეკემბრის ბოლო დეკადაში – ირანიდანაც. უშუალოდ მომხმარებლები ერთ კილოს მინიმუმ სამჯერ ძვირად ვყიდულობდით. 2012 წელს, როდესაც ივანე იოსელიანი “თეთრ ქუდში” მივიდა, კომპანია სულ ორი წლის იყო, პირველი მოსავალი მხოლოდ ერთი წლის წინ მიეღო, გაყიდვების 70% საბითუმოზე მოდიოდა და დამფუძნებლები იმედოვნებდნენ, თვეში 40 ტონა სოკო ეწარმოებინათ… ინტერნეტს საყვარელ ფრაზას თუ დავესესხებით – “შემდეგ რაც მოხდა, უბრალოდ განგაცვიფრებთ”: არასრულ ოთხ წელიწადში კომპანია სოკოს ქართული ბაზრის ლოკომოტივად იქცა. მუშაობის შედეგმა დამფუძნებლების ოპტიმისტურ ვარაუდს ხუთჯერ გადააჭარბა. “თეთრი ქუდი” თვეში უკვე 200 ტონა სოკოს აწარმოებს და უმეტესი წილი საცალო გაყიდვებზე მოდის, ხოლო საბითუმო 10%- საც არ შეადგენს. თანამშრომლების რაოდენობაც გაორმაგდა. კომპანია ქვეყნის ფარგლებში 3 ათასზე მეტ კონტრაგენტსა თუ ობიექტს ამარაგებს სოკოთი, როდესაც 2010-ში გაყიდვის პუნქტები თბილისის მასშტაბით სულ 3-4 ადგილით შემოიფარგლებოდა. იმპორტის საჭიროება თითქმის აღარ დგას – “თეთრი ქუდი” ბაზრის 80%-იან წილს აკონტროლებს. სწრაფი ტემპით იზრდება ექსპორტი. კომპანიის პროდუქცია გადის სომხეთსა და დუბაიში, შეზღუდული რაოდენობით – რუსეთშიც. გაფართოება იგეგმება ყატარის მიმართულებით. ყოფილი იმპორტიორების მონოპოლიის ჩამოშლით გასაყიდი ფასი 3.5-ჯერ დაეცა. მოიგო ყველამ: კომპანიამაც, ქვეყანამაც და ჩვენ – მომხმარებლებმაც. ივანე იოსელიანი მხრებს იჩეჩს: “უბრალოდ, კომპანიის ამბიცია მანამდე გაცილებით პატარა იყო, ვიდრე დღეს არის”.
კომპანიის ამბიციასთან ერთად იზრდება გამოწვევების მასშტაბებიც, რომელთა ნაკლებობას სოკოს წარმოების ინდუსტრია ისედაც არ უჩივის. 10 დღეში სოკო უკვე ვადაგასულია, რაც რეალიზაციის დროს დაახლოებით 3 დღემდე ამცირებს. “როცა დიასახლისი იყიდის სოკოს, შეიძლება სამი ან ხუთი დღე მაცივარში ედოს და შემდეგ ჩვეულებრივად გამოიყენოს კერძში, მაგრამ თაროზე ძალიან მნიშვნელოვანია გარეგანი მხარე, – განმარტავს ივანე იოსელიანი. – როგორც კი სოკო ოდნავ ფერს შეიცვლის, მომხმარებლისთვის იგი უკვე აღარ არის მიმზიდველი”. ეს, თავის მხრივ, გამორჩეულად რთულ ამოცანას უსახავს დისტრიბუციას. მექანიზმმა საათივით უნდა იმუშაოს, რათა რუსთავიდან მოშორებულ ქართულ და უცხოურ ქალაქებსა თუ სოფლებში პროდუქცია მეორე დღესვე აღმოჩნდეს. ნებისმიერი სტიქიური მოვლენა ან რაიმე მიზეზით ფრენის შეფერხება კომპანიას დიდ ზარალს უქადის. უფრო ადვილია დაასახელო გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ამ ბიზნესზე კრიტიკულად ზემოქმედებენ, ვიდრე პირიქით. ყველაფერი მნიშვნელოვანია, დაწყებული რელიგიური რიტუალებით, – როგორიცაა მარხვა – დასრულებული საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარების დონით: ავიაგადაზიდვები საქართველოდან თავისი სატარიფო ბადით, სატერმინალო მომსახურებებით, აეროპორტის, უსაფრთხოების, სატერმინალო მოსაკრებლებით ერთ-ერთი უძვირესია მსოფლიოში. “ამსტერდამიდან დუბაიმდე ერთი კილოგრამი სოკოს ტრანსპორტირება დაახლოებით 25 ევროცენტი ჯდება, საქართველოდან დუბაიში ავიაგადაზიდვის ფასი ექვსჯერ მეტია, დაახლოებით 1.5 ევრო”, – ამბობს ივანე იოსელიანი.
მაგრამ კომპანიის გენერალური დირექტორი რთულ გამოწვევებს რომ უფრთხოდეს, “თეთრი ქუდისგან” თავს შორს დაიჭერდა. 2011 წელს ბაზრის სახასიათო დაბრკოლებების გამოსავლენად ინდუსტრიაში ღრმად ჩახედვა სულაც არ იყო საჭირო. მაგალითად გამოდგება თუნდაც იმდროინდელი საზოგადოებრივი განწყობა სოკოს მიმართ, რომელიც ბრენდისადმი ნდობის შენების დაწყებას არა ნულიდან, არამედ მინუსიდან განაპირობებდა. ამგვარი დამოკიდებულება აძნელებდა საცალო ქსელებთან ურთიერთობას. მათ უბრალოდ არ სჯეროდათ, რომ დიდი რაოდენობის რეალიზაციას შეძლებდნენ და საკუთარ თაროებზე პროდუქტის განთავსებაზე უარს ამბობდნენ. “ყველაზე საინტერესო ქეისი იყო, როცა გადავწყვიტეთ, სოკო დაგვეჭრა და ისე გაგვეყიდა. ჰოლანდიის საცალო ბაზარზე ვნახეთ, ამ სახით რა შთამბეჭდავი რაოდენობა იყიდებოდა”, – იხსენებს ივანე იოსელიანი. საქმე ისაა, რომ მწიფე სოკოს ქუდი ბოლომდე გაშლილია, რამაც შესაძლოა, მყიდველი დააფრთხოს. კომპანიამ საცალო ქსელებთან დაჭრილი სოკოს რეალიზაციის შესახებ დაიწყო საუბარი. “ყველასთვის სასაცილო იყო. აქეთ გვასწავლიდნენ ქართველი მომხმარებლის უნდობლობის ამბავს, – განაგრძობს გენერალური დირექტორი. – მხოლოდ Carrefour-ი დაგვთანხმდა, რომ ექსპერიმენტის სახით, მოკლე დროით, ერთ-ერთი მაღაზიის დახლზე დაჭრილი სოკო წარმოგვედგინა”. ამჟამად “თეთრი ქუდი” დღეში დაახლოებით ნახევარ ტონა დაჭრილ სოკოს ყიდის სხვადასხვა ქსელში.
სადისტრიბუციო ქსელის გარდა, გაფართოვდა კომპანიის ასორტიმენტიც. “2012 წელს, როდესაც კალმახა სოკოს ორტონიანი მოსავალი მივიღეთ, გაყიდვების დეპარტამენტი გაგიჟდა – სად და როგორ უნდა გავყიდოთ ამხელა მოსავალიო”, – ამბობს ივანე იოსელიანი. დღეს კომპანია თვეში 30- 40 ტონამდე კალმახა სოკოს აწარმოებს. კალმახა სოკო “თეთრი ქუდის” მთელი პროდუქციის 25%-ს შეადგენს.
მკაცრად კონტროლირებულისაპროცესო ციკლისა და მიკროკლიმატის მქონე სათბურებში, სტერილურ უნიფორმებში გამოწყობილი თანამშრომლები ნერვიულად უყურებენ საათს. “გადაღებას ორ წუთში თუ არ მორჩებით, რამდენიმე ტონა ქამა სოკო გაგვიფუჭდება”, – მიხსნის ივანე იოსელიანი და სხვა სათბურებისკენ მიმიძღვის, თან დეტალურად მომითხრობს კომპოსტირების, პასტერიზაციის, მიცელიუმის დათესვა- გაბარდვის, ნაყოფსხეულების აღმოცენების, საფარი ფენის გაფხვიერების, მორწყვისა და დაკრეფის 63-დღიანი ციკლის შესახებ, აგრეთვე უხვად ასახელებს შესაძლო რისკებს, რომელთა განეიტრალებაც მხოლოდ ტენიანობისა და ტემპერატურის მუდმივი კონტროლით, ჰაერმიმწოდებელი სისტემის ფილტრაციით, სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვითაა შესაძლებელი. ყოველი მომდევნო წინადადება უფრო და უფრო გაჯერებულია ტექნიკური სპეციფიკით. რაც მეტად შედის აზარტში, მით ნაკლები სიტყვის მნიშვნელობა მესმის და როგორც კი ამას ატყობს, ლაკონიურ რეზიუმეს აკეთებს: “მოკლედ, სოკოებს ვატყუებთ, თითქოს შემოდგომა დადგა და წვიმა მოვიდა. იწყებენ ზრდას. ტენიანობა, ტემპერატურა, ჟანგბადი და CO მხოლოდ ოთხია იმ 17 კომპონენტისგან, რომელთა მართვაც გვიწევს”.
დიახ, იგი მმართველია და არა ბოტანიკოსი. ახალგაზრდა გენერალური დირექტორი დიდი სურათის მარტივად მოხაზვის უნარით, ხმის ღრმა ტემბრითა და მშვიდი, თითქმის უემოციო, მაგრამ შთამაგონებელი მეტყველების მანერით თავდაჯერებულობას ასხივებს. სოფლის მეურნეობასა და აგროპროდუქტის გაყიდვაში ხუთი წლის წინ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ მოახერხა, მისი გადაწყვეტილებები “თეთრი ქუდის” დამფუძნებლებისა და თანამშრომლებისთვის თანაბრად პატივსაცემი ყოფილიყო. ივანე იოსელიანს შეგვიძლია შევხედოთ, როგორც ცოცხალ არგუმენტს იმის დასამტკიცებლად, რომ კარგი მენეჯერი უნივერსალური გასაღებია წარმატების კარის გასახსნელად ყველა ინდუსტრიისთვის. მისი არჩევანის გათვალისწინებით ნათელია, თუ რა ტიპის მმართველია: ივანე იოსელიანისთვის არ არსებობს ცნება “სწორი ბიზნესის კეთება”. ამას იგი ნებისმიერი ბიზნესის სწორად კეთებას ამჯობინებს.
“თეთრი ქუდის” გენერალური დირექტორი 2007-2012 წლებში ჯერ “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” კომერციული დირექტორი გახლდათ, შემდეგ “საქინვესტის” დირექტორის პირველი მოადგილე, ბოლოს კი Tiflis City-ის დირექტორის მოადგილე. – რატომ მაინცდამაინც სოკო? “ნაწილობრივ ინტუიციური მომენტი იყო, ნაწილობრივ – საკუთარი ძალის რწმენა. ძალიან სწრაფი ზრდის პოტენციალი იგრძნობოდა”, – მიმხელს გენერალური დირექტორი.
კომპანიაში მოსვლისთანავე მან მმართველობის ახალი სტრუქტურა ჩამოაყალიბა, რაც საშუალო რგოლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებათა სპექტრის გაფართოებაში გამოიხატებოდა. ეს საკმაოდ არატიპურია ქართული კომპანიებისთვის. “რაღაცის უფლება განაპირობებს შესაბამის პასუხისმგებლობას, – განმარტავს ივანე იოსელიანი. – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კადრს ჰქონდეს ინტელექტი, მიიღოს გადაწყვეტილებები არასტანდარტულ ვითარებაში. ასეთი რამ ჩვენს ბიზნესში ხშირად ხდება”.
ახალი გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, კომპანიამ დასავლური სტანდარტების სწრაფად დანერგვაზე ზრუნვა დაიწყო (უბრალო ფორმალობების მოგვარება დარჩა Global Gap-ისა და ISO 22000-ის სერტიფიკატების მოპოვებამდე, რაც “თეთრ ქუდს” რეგიონში, სოფლის მეურნეობის დარგში, ამ ორივე სტანდარტით აღჭურვილ ერთადერთ კომპანიად აქცევს).
საწარმოო პროცესის ავტომატიზაცია და დასავლური სამუშაო სტანდარტების დანერგვა საერთო ძალისხმევის მხოლოდ პატარა ფრაგმენტი იყო. გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიას ყველაზე დიდ გამოწვევად გაყიდვების მიმართულება მოევლინა. “ნებისმიერი წარმოება თავის გეგმებს – მოკლევადიანს, საშუალოვადიანს, გრძელვადიანს – გაყიდვებზე აწყობს, – ამბობს იგი. “თეთრი ქუდის” გაყიდვების, ანუ ჩვენს სუფრაზე ქორფა სოკოს მოხვედრის საკვანძო ინგრედიენტი – დისტრიბუცია აღმოჩნდა. ეს მიმართულება კომპანიას ოთხ ნაწილად აქვს გაყოფილი – HoReCa, რეგიონები, საბითუმო და საცალო გაყიდვები. “თეთრმა ქუდმა” რთული სისტემა ააგო პროდუქტის დილერებამდე მისატანად. უკიდურესად მნიშვნელოვანია თავად დილერი რამდენად სწრაფად განათავსებს სოკოს საკუთარ ქსელში. პროდუქტიდან კლიენტამდე გაბმულ ჯაჭვში სუსტი რგოლების გადასაზღვევად კომპანიას ყოველდღიურად 3,000 გაყიდვის წერტილის კონტროლი უწევს. “ძალიან საყურადღებოა, რა და როგორ დევს დახლზე. შეიძლება ზოგიერთ პერიოდში ზარალიც იყოს კონკრეტულ სეგმენტზე მუშაობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროდუქტის პოპულარიზაციასა და სამომხმარებლო ჩვევის განვითარებას იწვევს, – აღნიშნავს ვანო იოსელიანი. – სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დისტრიბუციის საკუთარი სისტემა განგვევითარებინა. უნიკალური დისტრიბუცია გვაქვს. ასეთი რამ არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია, არა მარტო სოკოს, არამედ სოფლის მეურნეობის არც ერთ დარგში. თუმცა კიდევ უფრო შორს გვსურს წასვლა”.
შორს წასვლის წინაპირობა არსებობს: “თეთრი ქუდის” წარმატებულმა ბიზნესმოდელმა უცხოელი დამფუძნებლების გარდა, ქართული და უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ნდობაც მოინადირა. კომპანიამ ბოლო ოთხ წელიწადში $11,000,000- ზე დიდი საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ამერიკელი და სომეხი დამფუძნებლებისგან მიიღო, ნაწილიც ხელსაყრელ პროცენტში ისესხა EBRD-სგან, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან და ისეთი ქართული პროგრამებისგან, როგორიცაა “აწარმოე საქართველოში” და შეღავათიანი აგროსესხი. ყველა მიმართულებით პოზიტიური დინამიკის შემყურე ინვესტორები დივიდენდების აღებაზე უარს ამბობენ და მოგებას ისევ კომპანიის განვითარებაში აბრუნებენ.
ბოლო მოზიდულ მილიონს “თეთრი ქუდი” საკუთარი საკომპოსტე მეურნეობის განვითარებაში დებს, რაც დამატებით 40-მდე ადამიანს დაასაქმებს. ჰოლანდიური ტიპის საკომპოსტე საამქროს მშენებლობა უკვე დაწყებულია (ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორია ბიუროკრატია, რომელიც უცხოელ ინვესტორებს უკვე შეძენილი მიწის დარეგისტრირებას უკრძალავს). ინვესტიცია თავიდან საწარმოო ხაზის გაფართოებისთვის იყო ჩაფიქრებული, მაგრამ სავალუტო რყევებმა გააძვირა ნედლეული, რომლის იმპორტირებაც ხდებოდა. კომპანიას წელიწადში 8 ათას ტონამდე ქამა სოკოს კომპოსტი შემოჰქონდა, რაც ხუთ წელიწადში $10,000,000-მდე დაუჯდა. გარდა კომპოსტისა, იმპორტული იყო ტორფიც. რამდენიმე თვის წინ “თეთრმა ქუდმა” ლიცენზია აიღო დმანისის რაიონში კარიერის დამუშავებაზე. შედეგად მაისისთვის კომპანია მთლიანად ქართულ ნედლეულზე აღმოცენებულ სოკოს გაყიდის. გამონაკლისია თესლი, რომელსაც პროდუქტის თვითღირებულების წარმოქმნაში მიზერული წილი აქვს.
ნედლეულის ლოკალური წარმოება ადგილობრივ ფერმერებსაც ეხმარება. “სამი წლის წინ გამიჭირდა საქართველოში ხორბლის ნამჯის შეძენა. ფერმერებს ერჩივნათ, დაეწვათ. სტერეოტიპი იყო ასეთი, რომ ეს უნდა დაწვა, ან მიწაში დატოვო, რადგან მისი ბაბუა და ბაბუის ბაბუა ასე აკეთებდა, – მომითხრობს ივანე იოსელიანი. – ახლა უზარმაზარი რაოდენობა გვაქვს შესყიდული და სოფლის მეურნეობის ნარჩენების სანაცვლოდ, რომლებიც მანამდე იწვებოდა, ფერმერმა მოგება ნახა”. ხუთი წლის წინ შეუძლებელი იყო ნედლეულის მოძიება ერთი და იმავე სტანდარტული ხარისხითა და სტაბილური მოწოდებით, თუმცა “თეთრი ქუდის” წარმოების განვითარების კვალდაკვალ, საქართველოში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებაც საკმაოდ განვითარდა.
ორიოდე წლის წინ FORBES-შიგამოქვეყნებულ სვეტს, რომლის ავტორი, უილიამ დანბარი, ქართულ სამზარეულოს ერთფეროვნად მოიხსენიებდა, კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. საქართველოს გასტრონომიული ფრონტის უსახელო გმირებმა “სულელი უცხოელი” ენაზე, როგორც შამფურზე ააგეს და ყვითელი პრესის ნელ ცეცხლზე დაწვეს. იმედია, ამჯერადაც არ დაგვძრახავთ – ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა: რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ საქართველოს კულინარიული ტრადიციების სიმდიდრეზე, ფაქტი ფაქტად რჩება. კერძებში სოკოს გამოყენება საკმაოდ მწირია არა მხოლოდ ევროპის, არამედ ამიერკავკასიის ქვეყნებთან შედარებითაც. სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ერთ სულ მოსახლეზე სოკოს მოხმარების გაცილებით დიდი წილი მოდის, ვიდრე საქართველოში. პროპორციული სხვაობა საკმაოდ სოლიდურია. საქართველოში საშუალო წლიური მოხმარება ერთ ადამიანზე დაახლოებით 0.5 კილოგრამს შეადგენს, მაშინ როცა, მაგალითად, იტალიაში ერთ ადამიანზე ხუთჯერ მეტი – 2.6, ხოლო გერმანიაში თითქმის ოთხჯერ მეტი – 1.8 კილოგრამი მოდის. ეს “თეთრი ქუდისთვის” ცუდიცაა და კარგიც. ცუდით დავიწყოთ – ევროკავშირში ქართული სოკოს ექსპორტი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდანაა, რადგან იქაურმა მწარმოებლებმა მასშტაბის ეკონომიას ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ მიაღწიეს, მწარმოებლები ძალიან პატარა მარჟაზე მუშაობენ და მათი საბითუმო ფასი საქართველოსაზე ბევრად მცირეა (მარტო პოლონეთი წელიწადში ჩვენზე 1000-ჯერ მეტ სოკოს აწარმოებს). “თუ ‘თეთრი ქუდის’ წარმოება ითვლება რეგიონში ყველაზე დიდად, ევროპაში ჩვენხელა წარმოებები საშუალოდ ითვლება, – ამბობს ივანე იოსელიანი. – მათ გაცილებით დივერსიფიცირებული აქვთ პროდუქტები, მათი წარმოების ციკლი, ფაქტობრივად, უნარჩენოდაა აწყობილი. ჩვენც აქეთკენ მივდივართ, თუმცა ბევრი დრო დაგვჭირდება”.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ საქართველოში არის ბაზრის სამ- ოთხჯერ ზრდის სივრცე, რაც “თეთრ ქუდს” კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდიდა რეგიონში: თურქეთში, აზერბაიჯანში, ყატარსა და სამ ქვეყანაში, სადაც მისი პროდუქტი უკვე გადის – სომხეთში, დუბაისა და რუსეთში. ამ უკანასკნელი მიმართულების დატვირთვას კომპანია განგებ ერიდება, რადგან სტაბილურ ბაზრებს ანიჭებს უპირატესობას.
ამის მისაღწევად ვანო იოსელიანი სოკოს ნამდვილი მისიონერი გახდა. პერიოდულად პროდუქტი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასშიც კი გაუყიდია, რათა “მკვდარი სეზონის” სტერეოტიპი დაენგრია, თითქოს სოკოს მოხმარების დრო მხოლოდ მარხვაა. “ინტენსიურად ვიმუშავეთ იმაზე, რომ მენიუს გამრავალფეროვნება მომხდარიყო და იმ მწირი ტრადიციული კერძების გარდა, როგორიცაა სოკო კეცზე ან სოკოს ჩაშუშული, ჩვენი პროდუქტი სხვა, არა მხოლოდ სამარხვო კერძებშიც გამოეყენებინათ”, – ამბობს “თეთრი ქუდის” გენერალური დირექტორი. ზოგიერთი რესტორანი სტუმრებს სალათში უმად ჩაჭრილ ქამა სოკოსაც სთავაზობს, რაც ხუთი წლის წინ დაწესებულებისთვის უბრალოდ განაჩენი იქნებოდა. მარკეტინგი კარგად მუშაობს: “რესტორნები ხანდახან უსასყიდლოდ, სხვადასხვა დღესასწაულზე, სოკოს ისეთ კერძებს წარადგენენ სუფრაზე, რომლის დეგუსტაციაც თუ არ მოხდა, ალბათ მომხმარებელი არც შეუკვეთს”.
ახალი ტერიტორიების ათვისებისას წინდახედული მენეჯერი ინტუიციურ ნახტომებს ფრთხილ და მყარ ნაბიჯებს ამჯობინებს. “ოფიციალურ სტატისტიკას არ ვფლობ, თუმცა უხეში გათვლით ქართველი ექსპორტიორების 60% უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბაზარს კარგავს. თქვენი აზრით, ეს რატომ ხდება? – კითხულობს იგი და უმალვე თავად პასუხობს, – ბაზარზე შესვლა კონკურენტ მეწარმეს ან იმპორტიორს აიძულებს: ა) დასწიოს ფასი; ბ) გააუმჯობესოს ხარისხი; გ) მოძებნოს სხვა ადმინისტრაციული ან კომერციული რესურსი, რათა დაკარგული ადგილი დაიბრუნოს. ქართველი მეწარმეების უმრავლესობა შესვლაზე მეტს ფიქრობს, ვიდრე თავის დამკვიდრებაზე”.
რაც შეეხება უშუალოდ წარმოებას, ივანე იოსელიანი კონკრეტულ გეგმებს არ ამხელს, თუმცა დივერსიფიკაციის სურვილს აშკარად ამჟღავნებს: “ზუსტად იმავეს გამეორება გვინდა: ავარჩიოთ თავისუფალი ნიში, გავდევნოთ იმპორტი, გავაჩინოთ საექსპორტო პოტენციალი”. იმედია, კომპანიის აგროკულტურული პროდუქცია სოკოსავით გამრავლდება. თუ ასე მოხდა, ჩათვალეთ, თავი ქუდში გვაქვს. ყველა იხეირებს – კომპანიაც, ქვეყანაც და ჩვენი რაციონიც.
დატოვე კომენტარი