კომპანია “Deloitte საქართველომ” თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა წარადგინა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა.
კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს.
ტრადიციულად, საქართველოს ეკონომიკის თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის. 2013 წლის შემდეგ, თბილისში FDI იზრდება და თუკი 2013 წელს დედაქალაქში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 742 მლნ დოლარს შეადგენდა, 2017 წელს ის 1.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
სექტორების მიხედვით, კი ყველაზე დიდი წილი – 480 მლნ დოლარი – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროზე მოდის, მას მოსდევს საფინანსო სექტორი 302 მლნ დოლარით და უძრავი ქონების ბაზარი 158 მლნ დოლარით.
კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა 1 158 677 ადამიანია, რაც მთლიანი საქართველოს მოსახლეობის 31%-ს შეადგენს. აქედან სამუშაო ძალას 510 916 პირი წარმოადგენს, რაც საქართველოს მთლიანი სამუშაო ძალის 25.8%-ია. 384 ათასი პირი დასაქმებულია, რაც ქვეყნის მთლიან დასაქმებაში 22.5%-ს შეადგენს. 126 ათასი ადამიანი უმუშევარია. აღსანიშნავია, რომ თბილისში უმუშევრობის დონე 24%-ს შეადგენს, რაც საქართველოს ყველა რეგიონზე მაღალი მაჩვენებელია და ასევე აღემატება ქვეყანაში უმუშევრობის საშუალო დონესაც.
თბილისში საშუალო ანაზღაურება 17%-ით მაღალია საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით, თუმცა როგორც კვლევაშია აღნიშნული ის ჩამორჩება მსგავსი ეკონომიკის მქონე სხვა ევროპული ქალაქების საშუალო ანაზღაურებას.
თბილისში საშუალო თვიური ანაზღაურება 465 დოლარია. სექტორების მიხედვით საშუალო ანაზღაურება შემდეგია: სოფლის მეურნეობის დარგები – 235 დოლარი; სასტუმრო ბიზნესი – 308 დოლარი; ჯანდაცვა – 424 დოლარი; ტრანსპორტი და ლოგისტიკა – 529 დოლარი; უძრავი ქონება – 565 დოლარი; კომუნიკაციები და IT – 621 დოლარი; მშენებლობა – 701 დოლარი; პროფესიული სერვისები – 828 დოლარი.
დატოვე კომენტარი