მალე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მერობისა და დეპუტატობის კანდიდატები გვპირდებიან, თვითმმართველ ერთეულებს უხვად აქვთ. განსაკუთრებით გამოირჩევა სოციალური პრობლემები. სოციალური პრობლემები საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობასაც აწუხებს, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში ისინი, ფაქტობრივად, ურბანულ პრობლემებზე საუბრით გადაიფარა. თბილისის მერობის კანდიდატები ბევრს საუბრობენ თბილისის საცობებისგან განტვირთვაზე, ავტომობილებისთვის პარკირების ადგილების არსებობასა და მოწესრიგებაზე, ქალაქის გამწვანებაზე, ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე, ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ რეგულაციების გამკაცრებაზე და ა.შ. ერთი შეხედვით, ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარება მოკლევადიან პერიოდში სოციალურ (მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობას) გარემოს არ შეეხება ან ზოგ შემთხვევაში, მის საპირისპიროდ იმუშავებს (მაგალითად, მშენებლობების დარეგულირებას თუ მშენებლობების შეზღუდვა მოჰყვა შედეგად).
რატომ გახდა თბილისში ურბანულ პრობლემებზე საუბარი უფრო პრიორიტეტული, ვიდრე სოციალურ საკითხებზე (თუმცა, ზოგ შემთხვევაში თანაკვეთა არის)? ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: 1. თბილისის ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე საქართველოს რეგიონების. თბილისს აქვს იმის ფული (თბილისის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე მეტია), რომ ურბანული პრობლემების მოგვარება დაიწყოს. თბილისის მოსახლეობა უფრო მდიდარია, ვიდრე რეგიონების და აქედან გამომდინარე, აქცენტი არამარტო სოციალური პრობლემების მოგვარებაზე კეთდება. 2. თბილისში საკმაოდ გაძლიერდა ურბანული აქტივიზმი. ეს გამოიხატება საპროტესტო აქციებში, სოციალურ ქსელებში აქტიურობასა და ურბანულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების პროცესებში ჩართულობაში.
ის, რომ პირველ რიგში მოსახლეობა თვითმმართველობისგან ურბანული პრობლემების მოგვარებას უნდა ითხოვდეს და არა სოციალურის, ამომრჩევლის მხრიდან სწორი მიდგომაა. საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური დეცენტრალიზაციის დონე თითქმის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას შეუწყოს ხელი. ამის არეალი ძალიან შეზღუდულია. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა და ეს ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობამ საპარლამენტო არჩევნებზე უფრო უნდა გაამახვილოს ყურადღება. სხვა საკითხია, რამდენად სწორია ის, რომ დეცენტრალიზაციის დაბალი დონე გვაქვს და ადგილობრივი ხელისუფლებების როლი ეკონომიკურ საკითხებში უმნიშვნელოა. ჩემი აზრით, არასწორია, თუმცა ამ სტატიის თემას ეს არ წარმოადგენს.
ქვეყნის დეცენტრალიზაციის დაბალი დონის შედეგია ის, რომ 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 30% (1,114,600 ადამიანი) თბილისში ცხოვრობს. თბილისზე მოდის საქართველოს ეკონომიკის 49% (16.6 მილიარდი ლარი) და დაქირავებით დასაქმებულთა 39% (290 ათასი ადამიანი). თბილისში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 15 000 ლარია, როცა მთლიანად საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 9 120 ლარია.
თბილისი არის საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ა.შ. ცენტრი. აქედან გამომდინარე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში აქტიურად ჩამოდიან სამუშაოდ, განათლების მისაღებად, სამკურნალოდ და ა.შ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ ნაწილდებოდა თბილისის ეკონომიკა სექტორების მიხედვით 2015 წელს. ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა, ავტომობილებისა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების რემონტია (26%), სადაც 2015 წელს 3.5 მილიარდი ლარის დამატებული ღირებულება შეიქმნა. მეორე ადგილზე მომსახურების სხვა სახეებია (კომუნალური, რესტორნები, სასტუმროები, გართობა, სპორტი და ა.შ.) 2.31 მილიარდი ლარით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა 2.27 მილიარდით.
თბილისის წილი ბიზნესსექტორის ბრუნვაში მნიშვნელოვნად აღემატება თბილისის წილს საქართველოს ეკონომიკაში. ბიზნესსექტორის ბრუნვის მიხედვით, 2016 წელს თბილისზე მოდიოდა საქართველოში არსებული ბიზნესის ბრუნვის 72% (43 მილიარდი ლარი) და ბიზნესში დასაქმებულთა 66%. დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება კი დაახლოებით 1,100 ლარია, რაც 2-ჯერ აღემატება შიდა ქართლის ბიზნესსექტორში არსებულ საშუალო თვიურ ანაზღაურებას.
საინტერესოა, სხვა ქვეყნების დედაქალაქებზე ან ეკონომიკურად ყველაზე დიდ ქალაქებზე ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის. ინფორმაცია ჩვენი მეზობელი ქვეყნების უმსხვილეს ქალაქებსა და მსოფლიოს ეკონომიკურ ცენტრებზე მოვიძიეთ. ბაქოს წილი აზერბაიჯანის ეკონომიკაში 76%-ია. ეს განპირობებულია იმით, რომ მსხვილი ნავთობკომპანიები ბაქოშია განთავსებული. ერევანზე სომხეთის ეკონომიკის 41% მოდის. თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში – სტამბულში – თურქეთის ეკონომიკის 38% იქმნება. განვითარებულ ქვეყნებში მსხვილი ქალაქების წილი ეკონომიკაში შედარებით ნაკლებია. მაგალითად, მსოფლიო ფინანსური ცენტრების – ნიუ-იორკის, ლონდონისა და ტოკიოს წილები 9%, 22% და 32%-ია, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის ეკონომიკა დაახლოებით 1.6 ტრილიონი, ლონდონის 0.7 ტრილიონი, ხოლო ტოკიოსი 1.8 ტრილიონი დოლარია. აშშ-ის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ოთხი ქალაქის: ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოსა და დალასის ეკონომიკების წილი აშშ-ის მშპ-ში 19%-ია, ანუ 2.6-ჯერ ნაკლები, ვიდრე თბილისის წილი საქართველოს ეკონომიკაში.
თბილისის ეკონომიკის სიდიდემ განაპირობა ის, რომ თბილისში მცხოვრები მოსახლეობის საშუალო წლიური შემოსავალი (დაახლოებით 15,000 ლარი ერთ მოსახლეზე) გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის. თბილისის მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს აჭარის მოსახლეობის შემოსავალია – ერთ მოსახლეზე 8,000 ლარით. თუმცა თბილისის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება. ერთ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავალი შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთშია – 5 500 ლარი, რაც თბილისის მაჩვენებელზე 2.7-ჯერ ნაკლებია.
საინტერესოა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებული ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარება სხვა ქვეყნებთან. ამისათვის, საქართველოს რეგიონების შემოსავალი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით აშშ დოლარებში გადავიყვანეთ. PPP დოლარის გამოყენება აუცილებელია, როცა სხვადასხვა ქვეყნის შემოსავლებს ვადარებთ ერთმანეთს, რადგან ეს მეთოდოლოგია აბათილებს ქვეყნებს შორის საქონელსა და მომსახურების ფასებს შორის სხვაობას და შემოსავალს რეალური მსყიდველობითი უნარით წარმოგვიდგენს.
თბილისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეიტინგში თუ შევიტანთ, სადაც ქვეყნები ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით არიან რანჟირებული, ის 75-ე ადგილს დაიკავებს ერთ მოსახლეზე 16, 429 PPP დოლარით. თბილისის შემოსავალს ცოტათი უსწრებს მონტენეგროს შემოსავალი, ხოლო ჩამორჩება ისეთი ქვეყნების, როგორიცაა: ჩინეთი, ბრაზილია, სერბეთი. საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში 104-ე ადგილი უჭირავს 10,044 PPP დოლარით. 103-ზე ბოსნია და ჰერცეგოვინაა, ხოლო 105-ზე – სვაზილენდი. ცალკე აღებული აჭარა 110-ე ადგილს დაიკავებს და ცოტათი გაუსწრებს სომხეთსა და უკრაინას. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი 8,276 PPP დოლარით. გურიის მოსახლეობის შემოსავალი ახლოს არის ფილიპინებში არსებულ შემოსავლებთან. თანაბარი შემოსავლებია ინდოეთსა და სამცხე-ჯავახეთში – წელიწადში 6,616 PPP დოლარი. საქართველოს რეგიონებიდან რეიტინგში ყველაზე ქვემოთ შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი აღმოჩნდება 127-ე ადგილზე, ვიეტნამსა და ნიგერიას შორის.
დატოვე კომენტარი