თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2020 წელს 4.22 მილიონი ლარით ფინანსდება. თუმცა, გამოწვევები უფრო დიდია, მით უმეტეს პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის პირობებში, რამაც ხელოვნების სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა. 1917 წელს დაარსებულ კონსერვატორიაში დღეს 400-მდე სტუდენტი სწავლობს. Forbes Georgia-მ კონსერვატორიის რექტორის მოადგილე, მანანა დოიჯაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელმაც მუსიკალური სასწავლებლის მთავარ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე ისაუბრა.
ქალბატონო მანანა, თქვენ უკვე რამდენიმე ათეული წელია კონსერვატორიაში წამყვან პოზიციებს იკავებთ, რა სჭირდება კონსერვატორიას დღეს?
ზოგადად სამუსიკო განათლება, ძვირად ღირებული დარგია. ეს დაკავშირებულია უმეტესწილად ინდივიდუალურ სწავლებასთან, ძვირად ღირებულ ინსტრუმენტებთან, საკონცერტო დარბაზებთან და ა.შ. დღეს კონსერვატორიას სჭირდება, როგორც მინიმუმ გაოთხმაგებული ბიუჯეტი, რათა განახლდეს აუდიტორიებში სრულიად მწყობრიდან გამოსული როიალები; უნდა გაიზარდოს სახელფასო ფონდები, რომ შევინარჩუნოთ და მოვიზიდოთ ახალგაზრდა, ჩვენი აღზრდილი კადრები; სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით ჩასატარებელია სერიოზული რეფორმები. ყველა მიმართულებაზე მოსაწვევია ქართველი და უცხოელი მაღალი კლასის, გამოცდილი პროფესორები, რაც არა მარტო გააძლიერებს კათედრებს, არამედ მოიზიდავს უცხოელ სტუდენტებს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი) მიმართულებები, რომლებზეც დამოკიდებულია კამერული და სიმფონიური ორკესტრების არსებობა და პროფესიული ხარისხი. ჩემი ღრმა რწმენით, თბილისის კონსერვატორიას შეუძლია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ევროპულ სივრცეში. ამისათვის კი უპირველესია სახელმწიფოს პოლიტიკური ნება და ხედვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურა და ხელოვნება ჩვენი ქვეყნისათვის.
როგორც სამუსიკო განათლების მიმართულებით არაერთი ინიციატივის ავტორი, როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად პრობლემატურია მუსიკალური განათლების განვითარების კუთხით დღეს საქართველოში?
ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ და გავიმეორებ, რომ თუ ჩვენს ქვეყანას რაიმე აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი – ეს მისი მუსიკალური ხელოვნებაა. სწორედ კლასიკურ მუსიკაში წარმატებებია ჩვენი ევროპული იდენტობის თვალსაჩინო მაგალითი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს დარგია ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ამ წარმატების გასაღები კი ჩვენი სამუსიკო განათლების სისტემაში დევს. სამუსიკო განათლება ერთადერთია, რომელიც საჭიროებს უწყვეტ, სისტემურ, მიზანმიმართულ სწავლას ადრეული ასაკიდან უმაღლესი სკოლის ჩათვლით. კონსერვატორია ვერ იარსებებს თუ არ იქნა დაწყებითი და საშუალო რგოლი.
2004 წელს ჩატარებულმა საგანმანათლებლო რეფორმებმა ჩვენი სფეროს სპეციფიკა დიდად ვერ გაიაზრა. გაუქმდა პროფესიული სასწავლებლები და მათ შორის სამუსიკოც. არადა ჩვენი სპეციალობისათვის წყვეტა საფეხურებს შორის სრულიად დაუშვებელია. მართალია, მოინახა გამოსავალი და შეიქმნა ამ სასწავლებლების ბაზაზე 11 წლიანი სამუსიკო სკოლები, რომლებმაც გააერთიანა დაწყებითი და საშუალო რგოლები, მაგრამ ვერა და ვერ დაადგა საშველი ამ დარგისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემური მიდგომა, ვერ განისაზღვრა მუსიკის მასწავლებლის სტატუსი, ვერ დაკანონდა ერთიანი სტანდარტები, სასწავლო გეგმები და პროგრამები.
ნუთუ ასე ძნელია ქვეყნისათვის 8 სპეციალური სამუსიკო სკოლის მოვლა და იმ ფასდაუდებელი მონაპოვარის შენარჩუნება, რომელიც ჩვენ ამ სფეროში გაგვაჩნია? აი უკვე რამდენი წელია, რაც კონსერვატორიაში კონტიგენტი შემცირებულია. საუკეთესო ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას, რეგიონებში უნიჭიერესი, დაინტერესებული ბავშვები გვეკარგება პირობების უქონლობის გამო; სამარცხვინოა მუსიკის მასწავლებლების ხელფასები. საჭიროა ამ დარგის სერიოზული დაფინანსება, ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება და გარწმუნებთ, რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივიღებთ საოცარ შედეგებს.
თქვენ 11 წლის მანძილზე (2000-2011) იყავით კონსერვატორიის რექტორი. 2011 წლის ანგარიშში, თქვენ იხსენებთ იმ პერიოდს, რომელიც 90-იანი წლებიდან კონსერვატორიამ თქვენთან ერთად გაიარა. როგორ ფიქრობთ, რა იყო თქვენი და ასევე კონსერვატორიის მთავარი მიღწევები ამ პერიოდში?
სამხატვრო-სამეცნიერო საბჭოს მიერ 2000 წელს ჩემი რექტორად არჩევა დიდწილად განაპირობა ჩემი ინიციატივით და სახელმწიფოს დაფინანსებით,1997 წელს10 წლის დუმილის შემდეგ კონსერვატორიის დიდი დარბაზის აღდგენამ და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსებამ, რომლისთვისაც სპეციალურად იქნა შეძენილი “სტენვეის” ფირმის ორი საკონცერტო როიალი. ერთი წლის შემდეგ კი დაფუძნდა ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” და განახლდა დიდი დარბაზის საკონცერტო ორგანი. კონსერვატორიის რექტორად არჩევა ჩემთვის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი ტვირთიც იყო
იმისათვის, რომ სასწავლო და შემოქმედებით პროცესებს ნორმალურად დაეწყო ფუნქციონირება, საჭირო იყო კონსერვატორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამაზე დიდად იყო დამოკიდებული თბილისის კონსერვატორიის ინტეგრაციაც საერთაშორისო სივრცეში. დიდი დარბაზისგან განსხვავებით იმ ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსების არანაირი შანსი არ იყო. კონსერვატორიის ბიუჯეტი 400 000 ლარს შეადგენდა, პროფესორის ხელფასი – 42 ლარს, სტუდენტის სტიპენდია – 3 ლარს. თუ მარტო ფინანსურად შევხედავთ ჩემს რექტორობის პერიოდს, მოგახსენებთ, რომ 2000 წლიდან 2011 წლამდე კონსერვატორიის ბიუჯეტი 3.4 მილიონამდე გაიზარდა. ამ წლების მანძილზე კი ჩემ მიერ კონსერვატორიაში მოზიდული იყო 7 მილიონზე მეტი ლარის არასაბიუჯეტო თანხები.
გარდა ამისა, ჩემი რექტორობის საწყის პერიოდში მთავარი პრობლემა უშუქობა და სიცივე იყო. ცალკე მოგონების თემაა თუ რა ბატალიები გავიარეთ და როგორ მოვაგვარეთ ეს პრობლემები. რაც შეეხება შენობის კაპიტალურ რემონტს, 2002 წელს ჩემს იდეას კონსერვატორიის მზრუნველთა საბჭოს შექმნის თაობაზე მხარი დაუჭირეს ბატონებმა: მამუკა ხაზარაძემ, ავთანდილ წერეთელმა, გოგი თოფაძემ, ბადრი პატარკაციშვილმა. ამ ადამიანებმა იმ უმძიმეს წლებში ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს კონსერვატორიას და ზოგადად ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას. 2003 წელს კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმი” დავიყოლიეთ სპონსორობაზე. ერთი წლის შემდეგ კი ფონდი “ქართუც” შემოგვიერთდა. კონსერვატორიის ისტორიული შენობის, როგორც თბილისის არქიტექტურული ძეგლის აღდგენაში მერიაც აქტიურად იყო ჩართული. ამგვარად, შენობის რეკონსტრუქცია 2002-2007 წლებში სართულ-სართულ, ზაფხულის თვეებში, 24 საათიან რეჟიმში სრულდებოდა, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლოდა. შენობის განახლებასთან ერთად მთლიანად შეიცვალა ინვენტარი, ძველი ტექნიკა და გაკეთდა ბევრი რამ სხვაც, რისი ჩამოთვლაც შეუძლებელია ინტერვიუში, მაგრამ ერთი ჩემთვის ძალზედ ძვირფასი პროექტი მაინც მინდა ვახსენო – 11-წლიანი სამუსიკო სემინარიის დაარსება 2009 წელს. თბილისის კონსერვატორია მსოფლიოში ერთადერთი უმაღლესია, სადაც ერთ ქუდ ქვეშაა გაერთიანებული სამუსიკო განათლების ყველა რგოლი – დაწყებითიდან უმაღლესის ჩათვლით.
როგორც გამოცდილ ლიდერს, როგორ ფიქრობთ რა მიდგომები დაგეხმარათ კონსერვატორიის მიზნების მიღწევაში? რა არის ზოგადად საქმის წარმატებისათვის საჭირო?
ნება მიბოძეთ, ამ კითხვაზე თეზისების სახით გიპასუხოთ: საქმისადმი უანგარო დამოკიდებულება, დასახული მიზნის შესრულების გადაულახავი სურვილი, მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებების მქონე პრტოექტების განხორციელება, ფინანსების მოზიდვის უნარი, გუნდური პრინციპით მუშაობა, პირველივე ნაბიჯებიდან იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, ვისაც რეალურად აქვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, დროის და სიტუაციის მძაფრი აღქმა, სტრატეგიის ზუსტი გათვლა და დაგეგმვა, ორივე მხარისთვის ურთიერთმისაღები მომგებიანი პარტნიორული ურთიერთობა, უნარი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები აქციო შენს თანამოაზრეებად. არ არის არაფერი რისი გაკეთებაც ადამიანს არ შეუძლია.
პანდემიის გავლენებზეც რომ გვითხრათ. როგორ აისახა შექმნილი ვითარება მუსიკის სფეროზე და თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით “დიდი პაუზის“ შემდეგ?
პანდემიამ ხელოვნებას ცუნამივით გადაუარა. გაუქმდა და გადაიდო ხელოვნების ყველა დარგის აქტივობები, კონცერტები, საოპერო, საბალეტო, დრამატული თეატრის სპექტაკლები; დაიხურა კინოდარბაზები, მუზეუმები, საგამოფენო სივრცეები. გადაიდო არა მარტო ფესტივალები, არამედ პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსები: შოპენის, რუბინშტეინის, დედოფალი ელისაბედის, მარია კანალსის და მრავალი სხვა. მეტიც, დაზარალდა საშემსრულებლო განათლების სფეროც მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, მათ შორის ჩვენი კონსერვატორიაც. საშემსრულებლო სპეციალობებში ამ რეჟიმში ჩატარებულ გაკვეთილებს სრულფასოვან სწავლას ვერ დავარქმევ. შეუძლებელია მუშაობა ბგერაზე, პედალიზაციაზე, ინტონაციაზე, დინამიკაზე და ა.შ.
ამ დიდი პაუზის შემდეგ ცოცხალი მუსიკის საღამოების აღდგენა მარტივი არ იქნება იმ ეკონომიკური სირთულეების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია. ეს დამოკიდებული იქნება იმ ქვეყნების პოლიტიკაზეც, თუ რამდენად პრიორიტეტულია მათთვის ხელოვნება და კულტურა. გერმანია არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ქვეყანა თავის მუსიკოსებზე და ზოგადად ხელოვნებაზე.
და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მუსიკა ბიზნესი?
ხელოვნებას მუდამ თან სდევს ბიზნესი. ბახს, ჰაიდნს, მოცარტს, ბეთჰოვენს, მიქელანჯელოს, რაფაელს, ლეონარდოს… აღარ გავაგრძელებ ჩამონათვალს, სპეციალურად უკვეთავდნენ ნაწარმოებებს. ეს ხომ გარკვეულწილად იმდროინდელ ბიზნეს გარიგებად უნდა ჩავთვალოთ. მას შემდეგ ხელოვნების და ბიზნესის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა და დაიხვეწა. დღეს, როდესაც ყველა სფერო კომერციალიზებულია, რა თქმა უნდა, მუსიკა ბიზნესიცაა.
მსოფლიოში მრავლადაა შექმნილი არტისტული სააგენტოები, რომლებიც “ყიდიან” კომპოზიტორებს, კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს. არსებობენ სხვადასხვა ტიპის მუსიკოსები. ერთნი ერთგულნი არიან მაღალი ღირებულებების, მეორენი – “მუშაობენ” პუბლიკაზე. როგორც გვერდიგვერდაა სიკეთე და ბოროტება, ასე თანაარსებობს მაღალი და ხშირად პოპულარული, მაგრამ მდარე ხელოვნება. და მიუხედავად ჩრდილოვანი მხარეებისა, კაცობრიობას კლასიკურ მუსიკაზე უკეთესი და ამაღლებული არაფერი შეუქმნია. სამყარო მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია.
დატოვე კომენტარი