თბილისის საერთაშორისო

თბილისის საერთაშორისო

ვენეციის უძველესია, კანის – ლაჟვარდოვანი, ბერლინის – აკადემიური, თბილისისა კი ჩვენი საერთაშორისო კინოფესტივალია, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, დამწყები კინემატოგრაფისტებისთვის დაარსებული და 14 წლის განმავლობაში უწყვეტად მომუშავე. ბოლო ფესტივალი სწორედ ამ რიგით ნომერს ატარებდა, რაც ზემოთ ნახსენები კინოფესტივალების ბიოგრაფიაში ერთი გაელვებაა, თანამედროვე ქართული კინოსთვის კი მთელი ეპოქა.

ფაქტია – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი რეგიონის უმთავრესი კინომოვლენაა. თავად განსაჯეთ: სამხრეთ კავკასიაში სულ სამი საერთაშორისო კინოფესტივალი მუშაობს, აქედან ორი ქართულია (თბილისისა და ბათუმის საავტორო), ერთიც ერევნის „ოქროს გარგარი“. ამბობენ, რომ ჩვენი სჯობს, თუმცა პირველობის დათმობას არც მეორე მხარე აპირებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საფესტივალო შინაარსის მოვლენის მნიშვნელობას მისი პროგრამა, საერთაშორისო სტუმრები და ორგანიზების ხარისხი ქმნის. ეს სამი კომპონენტი კი თბილისის კინოფესტივალს ჩვენი ქვეყნისთვის შესაფერისი გაქანებისა და მასშტაბის აქვს.

ამ მასშტაბს კი მეტად პროზაული სეგმენტი – ფინანსები ქმნის. ვინც თბილისის კინოფესტივალს ყოველწლიურად ადევნებს თვალს, ადვილად უნდა ხვდებოდეს, კონკრეტულად რომელ წელს მიიღეს მისმა ორგანიზატორებმა საკმარისი თანხა ან პირიქით – სახელმწიფომ ან კერძო კომპანიებმა ფესტივალის დაფინანსება არ ისურვეს. არადა ეს სწორედ ის სახელმწიფო და კერძო კომპანიებია, რომელთა წარმომადგენლებსაც რომ ჰკითხო, ყველაზე მეტად კინო უყვართ, წუწუნებენ, თუ გაქირავებაში მათთვის სასურველი ფილმი არ გამოდის და სწუხან, რომ ქართული კინო ჯერ კიდევ ვერ გახდა მსოფლიო თუ არა, ევროპული კინემატოგრაფის ნაწილი მაინც. მათ უბრალოდ ავიწყდებათ, რომ თავადაც წარმოადგენენ ჯაჭვის ერთ-ერთ, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს, რომლის ამოვარდნის შემთხვევაშიც პროცესი უბრალოდ შეწყდება. მათ ისიც ავიწყდებათ, რომ მართალია, კინო ძვირი ხელოვნებაა, ის მაინც ყველაზე უკეთ აბრუნებს მასში ჩადებულ ფულს, თბილისის კინოფესტივალის რეგიონული მნიშვნელობა კი მის ბიზნესად ქცევის პერსპექტივას უფრო მეტად ზრდის.

მანამდე კი თბილისის კინოფესტივალი საკუთარ ისტორიას ქმნის, სწორედ იმ ისტორიას, რომელიც დიდი ხნის წინ, ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი ხელოვნების ცენტრ „პრომეთეს” ეგიდით გაგრძელდა. უკვე ისტორიაა მე-14 ფესტივალიც, რომლის შესახებ საუბრებსაც ჯერ კიდევ გაიგონებთ იმ უბრალო მიზეზით, რომ თბილისის საერთაშორისო რეალურად გახლავთ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელოვნებო მოვლენა.

 ***

2013 წლის ფესტივალი, სწორედ ისე, როგორც სამი წლით ადრე, ლევან კოღუაშვილის ფილმმა გახსნა. შესანიშნავი „ქუჩის დღეების“ შემდეგ „შემთხვევითი პაემნებისადმი“ მოლოდინი იმდენად დიდი იყო, გეგონებოდა, მთელი ფესტივალი მარტო ამ ერთი ფილმისთვის ტარდებოდა. სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო – გარდა იმისა, რომ ფილმის ავტორი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი რეჟისორია, საერთაშორისო ფესტივალის გამხსნელი ფილმებისადმი ინტერესი ყოველთვის დიდია.

„შემთხვევითი პაემნები“ მოლოდინად ღირდა და მარტო იმიტომ არა, რომ კინემატოგრაფიულად გამართული ნამუშევარი ვიხილეთ, არამედ იმიტომაც, რომ რეჟისორმა თანამედროვე ქართული ყოფის მთელი ბუკეტი შემოგვთავაზა. თუ „ქუჩის დღეებში“ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალი ფენის, ნარკომანების ყოველდღიურობას ვადევნებდით თვალს, „შემთხვევით პაემნებში“ მენტალური მარგინალიზმის კინოილუსტრაცია ვიხილეთ. რეალურად ფილმის გმირები ძალიან წესიერი, მშობლების დამჯერი და დადებითი ტიპები არიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი მთელი არსებით გძულს, რადგან ამ წესიერებით თავიანთ უნიათობასა და უგერგილობას უფრო მკაფიოს ხდიან, რაც ძალიან გაგონებს საკუთარ თავს და ეს სულაც არ მოგწონს… კოღუაშვილის ფილმის მთავარი ღირსება სწორედ ეს გახლავთ – პერსონაჟებთან იდენტიფიცირება წამიერად ხდება, მათი მშობლები შენი მშობლები ხდებიან, მათი მტერი – შენი მტერი, სწორედ შენსავით უყვართ ან ვერ უყვართ და ცეკვითაც შენსავით ნაძალადევად ცეკვავენ. „შემთხვევითი პაემნები“ ძალიან ცოცხალი ფილმია, იმდენად ნამდვილი, ზოგჯერ ღიზიანდები კიდეც, ეკრანზე კინოსთვის დამახასიათებელ სასწაულს რომ ვერ ხედავ – ვიღაცისთვის ეს შეიძლება ფილმის ყველაზე დიდი ნაკლიც იყოს…

ვნახეთ სხვა ადგილობრივი ნამუშევრებიც. ზოგადად თბილისის კინოფესტივალი თანამედროვე ქართულ კინოს, განსაკუთრებით კი დამწყები კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს დიდ ყურადღებას აქცევს, რაც ამ ფილმებისთვის ერთგვარი ტრამპლინის ფუნქციასაც ასრულებს. ეს უფრო სტუდენტურ ნამუშევრებს ეხება – მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მოტივაცია და ალბათ ამიტომაცაა სექცია „ქართული პანორამა“ ყოველთვის ასეთი ვრცელი, ჭრელი და იმ მხრივ საინტერესო, რომ ქართული კინოს მიმდინარე და მომავალი ისტორია ფაქტობრივად ერთ სივრცესა და დროში შეგიძლია დაინახო და შეაფასო.

***

ერთი ქართული ფილმი კი წელს განსაკუთრებით შეაფასეს, ვიღაცისთვის გადააფასეს კიდეც, ავტორებისთვის კი აშკარად დააფასეს. ეს „კომა“ გახლავთ – ოდესღაც ვან დამივით პოპულარული, ზოგის მიერ კი სრულიად იგნორირებული „სუბორდინაციის“ რეჟისორ არჩილ ქავთარაძის მორიგი ნამუშევარი. ფილმმა ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ ეკრანებზე გამოსვლამდე გამოიწვია ინტერესი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მისი გადაღება 2011 წელს, ე.წ. ციხის ამბებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს. არჩილ ქავთარაძე და კომპანია წამიერად იქცნენ გმირებად, ფილმს კი მაყურებელი გაუჩნდა. ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე კარგი იყო, რაც ამ ფილმთან დაკავშირებით შეიძლებოდა მომხდარიყო – დიდი აუდიტორია უკვე არის დამატებითი ქულა, თუმცა არც იმხელა, რომ საერთაშორისო სტატუსის მქონე კინოფესტივალზე გაიმარჯვოს.

ზოგადად საერთაშორისო კონკურსის სექცია თბილისის კინოფესტივალის სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ყოველთვის მეტ-ნაკლებად საშუალოა. ამას საკმაოდ მარტივი მიზეზი აქვს: ფესტივალის მთავარი კონკურსი ევროპელი რეჟისორების პირველ ან მეორე მხატვრულ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს, დებიუტანტს კი შედევრს ნამდვილად ვერ მოსთხოვ. სამაგიეროდ მოსთხოვ მეტ გამბედაობას, ექსპერიმენტსა და შეურიგებლობის სურვილს, რაც შარშანდელი კონკურსის პრაქტიკულად ყველა ფილმში იკითხებოდა. ეს ამოიკითხეს საერთაშორისო ჟიურის წევრებმაც (ამერიკელი რეჟისორი მაიკლ ჰოფმანი, უნგრელი კინოს მხატვარი ლასლო რაიკი, ირანელი რეჟისორი სამირა მახმალბაფი, პოლონელი კინოკრიტიკოსი მათეუშ ვერნერი და მსახიობი გიორგი ნაკაშიძე), რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრების ხასიათის მიმართ („ამბოხი! მათ ნამუშევრებში ამბოხი, შეურიგებლობა, ჟინი იგრძობა. სწორედ ესაა ახალგაზრდული კინო!” – ამბობდნენ ისინი), თუმცა შესრულებასთან დაკავშირებით მცირედი შენიშვნები, ცხადია, იყო.

არჩილ ქავთარაძეს ნუ ეწყინება, მაგრამ მისი „კომა“ ნამდვილად არ იყო კონკურსის საუკეთესო ფილმი. ცხადია, ეს ძალიან სუბიექტური აზრია, მაგრამ საკმაოდ ბევრი კარგი მაყურებლის შეფასებით გამყარებული აზრი. საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილების პატიოსნებაში ეჭვის შეტანა შეთქმულების თეორიის აღიარების ტოლფასია, მაგრამ, როგორც მაყურებელი, ნამდვილად ვისურვებდი „ოქროს პრომეთე“ პენი პანაიოტოპულოს „სექტემბერს“ (საბერძნეთი), ერდემ ტეპეგოზის „ნაწილაკს“ (თურქეთი) ან ანდრეა პალაოროს „მედეას“ (იტალია) მიეღო.

***

მე-14 კინოფესტივალს ერთი განსაკუთრებული სექცია ჰქონდა – „სიყვარული ადამიანის ძირითადი უფლებაა“ (როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა გვითხრეს, ყოველ წელს კონკრეტული სოციალური თემატიკის სექცია ექნებათ). სექციის პრაქტიკულად ყველა ჩვენებამ ანშლაგითა და ექსცესების გარეშე ჩაიარა, ეს უკანასკნელი კი მოსალოდნელი იყო, რადგან ფილმები არატრადიციული, სხვისთვის სხვანაირი სიყვარულის თემას ეხმიანებოდა. სექციაში სულ ექვსი ფილმი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, შარშანდელი კანის ფესტივალის ტრიუმფატორი „ადელის ცხოვრება“, ესპანური „ანგელოზების სქესი“, ებრაული „გასვლა სიბნელეში“, გერმანული „ტრანსმამა“, ფრანგული „ბიჭები აღმოსავლეთიდან“ და სექციის ალბათ საუკეთესო „სიყვარული ბრმაა“ („კერტუ“) – ძალიან კარგი ესტონური „კლასის“ რეჟისორ ილმარ რააგის ბოლო ნამუშევარი.

ფესტივალს ტრადიციულად სტუმარი ქვეყანაც ჰყავდა. ამჯერად თავისი კინო ფინეთმა წარმოგვიდგინა – სულ ხუთი ფილმი, რომელთა ხარისხმაც თანამედროვე ფინურ კინოზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა შეგვიქმნა. ამ ვაკუუმის ამოვსება საუკეთესოდ შეძლო სექციამ „დამზადებულია გერმანიაში“, რომლის აფიშაშიც სხვა ფილმებთან ერთად მარგარეტე ფონ ტროტას „ჰანა არენდტი“, გეორგ მაასის „ორი ცხოვრება“ და სექციის საუკეთესო, იან ოლე გერსტერის „ოჰ, ბოი“ შედიოდა.

ფესტივალს რამდენიმე საპატიო სტუმარი ჰყავდა, მათ შორის იყო ავსტრიელი რეჟისორი ულრიხ ზაიდლი, რომელმაც გარდა იმისა, რომ რეჟისურაში მასტერკლასი ჩაატარა, თავისი ცნობილი ტრილოგიის სამივე ფილმი წარმოგვიდგინა: „სამოთხე: სიყვარული“, „სამოთხე: რწმენა“ და „სამოთხე: იმედი“, რომლებიც პროგრამის უდავოდ გამორჩეული ნამუშევრები იყო. ამავე კატეგორიაში გადიოდა მალგოჟატა შუმოვსკას ELLES, შარშანდელი „ბერლინალეს“ გამარჯვებული რუმინელი კალინ პეტერ ნეცერის „ბავშვის პოზა“, ხორვატი ვინკო ბრეშანის „მოძღვრის შვილები“, მარჯან სატრაპისა და ვენსან პარონოს „ქათამი ქლიავით“ და კიდევ რამდენიმე. და იყო კიდევ ერთი ფილმი, რომელსაც მსურს, ცალკე აბზაცი მივუძღვნა…

თბილისის კინოფესტივალის ყოველი წლის პროგრამაშია ფილმი, რომლის გამოც ამ ერთკვირიანი ღონისძიების ჩატარება ღირს. შარშანწინ ეს ბელა ტარის „ტურინის ცხენი“ იყო, შარშან – მიხაელ ჰანეკეს „სიყვარული“, წლევანდელ ფესტივალს კი პაოლო სორენტინოს „დიდებული სილამაზის“ სახელს ვუწოდებდი. ეს არის ფილმი, სადაც სიძველეთა დიდებულებით თავბრუდახვეული პროგრესული სამყარო წამიერად კვდება, წმინდანები ტექნიკურად სულაც არ არიან წმინდანები, კარდინალებს ბოცვრის შებრაწვა უკეთ გამოსდით, ვიდრე უდარდელი სინიორ გამბარდელასგან რომის ალქაჯების გამოდევნა; სადაც სინამდვილეში არავინ და არაფერია ლამაზი საუკუნეებით ადრე ოსტატის მიერ მოჩუქურთმებული ქონგურების გარდა და გარდა იმ გოგონასი, ოდესღაც ფილმის გმირმა მზით გახურებულ ზღვისპირა კლდეზე რომ გაიცნო და სამუდამოდ იქვე დატოვა, რათა საკუთარი ცხოვრება მარადიული ქალაქისთვის მიეძღვნა და მის ჭირისუფლადაც ქცეულიყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *