თბილისის სავაჭრო ცენტრების ნაწილში ვაკანტური ფართი გაიზარდა. მათ შორის Tbilisi Mall-ში, Merani Shoppin Gallery-სა და HomeMart-ში. ამის შესახებ Colliers International-ის მიერ მომზადებულ კომერციული ბაზრის 2020 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.
მეორე მხრივ, მიმოხილვის მიხედვით, 2020 წელს საერთო ჯამში ვაკანტურობის კოეფიციენტმა უმნიშვნელო, თუმცა პოზიტიური ცვლილება განიცადა. კერძოდ, 2019 წლის შემდეგ კოეფიციენტი 1 პროცენტული მაჩვენებლით გაუმჯობესდა და 9%-ს გაუტოლდა. Colliers International-ის მიხედვით, შემცირებული ვაკანტურობის კოეფიციენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს City Mall Saburtalo-ში, Gldani Mall-სა და City Mall Gldani-ში ფართის ათვისებასთან.
რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებში მოიჯარეთა კატეგორიებს, მიმოხილვის მიხედვით, კატეგორიების განაწილებაში უმნიშვნელო ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, მოდისა და ელექტრონიკის წილი 1%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ამ კატეგორიებში მოიჯარეების მიერ ათვისებული ფართის ჯამური რაოდენობა 4,000 კვ/მ-ს შეადგენს.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების სხვა სექტორების მსგავსად, პანდემიის გამო თანამედროვე სავაჭრო ცენტრებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯამურად, დაახლოებით 5 თვის მანძილზე სავაჭრო ცენტრები არ ფუნქციონირებდნენ.
„ჩვენი შეფასებით და მესაკუთრეებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა“, – წერია მიმოხილვაში.
Colliers International-ის მიერ შეგროვებული მონაცემებით, 2020 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 9 ათასი კვ/მ ფართი გამოთავისუფლდა. შედეგად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, წმინდა ათვისებული ფართის რაოდენობა დაახლოებით 6,000 კვ/მ-ს შეადგენს.
„2020 წლის მდგომარეობით, ძირითადი მაჩვენებლების გარკვეულმა ნაწილმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ზოგიერთი კი მცირედით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ სავაჭრო ცენტრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება 2021 წელს, რელოკაციის, იჯარის შემცირების ან ხელშეკრულების სხვა პირობების თვალსაზრისით“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
გარდა ამისა, მიმოხილვაში წერია, რომ 2020 წელს თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები 169 მოიჯარემ დატოვა. გამოთავისუფლებული ობიექტების ჯამურმა ფართმა 11,385 კვ/მ შეადგინა.
მიმოხილვის მიხედვით, ვაკანტური ფართის 57% მდებარეობდა ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირებზე. Dunkin’ Donuts-ი, OVS kids-ი, Parfois, Flo, Finca Bank-ი არიან იმ მოიჯარეებს შორის, რომლებმაც დახურეს თითო ფილიალი თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი პანდემიის გამო არ დახურულა.
„თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე ვაკანტურობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღმაშენებლის გამზირზე ვაკანტურობა 10%-დან 16%-მდე გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს რუსთაველზე აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა და 2020 წლის მონაცემებით 13%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. პეკინზე ასევე ზრდა დაფიქსირდა, 7%-დან 11%-მდე.
უმნიშვნელო, 1%-იანი ზრდა შეინიშნებოდა ჭავჭავაძის გამზირზე“, – აღნიშნულია Colliers International-ის მიერ მომზადებულ კომერციული ბაზრის 2020 წლის შეჯამებაში.
დატოვე კომენტარი