თბილისმა Techstars Startup Week-ს კიდევ ერთხელ უმასპინძლა. სტარტაპ კვირეული 13 დეკემბერს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. სტარტაპ კვირეული არის მეწარმეობისა და იმ ადამიანების დღესასწაული, რომლებიც ქმნიან და აყალიბებენ სამეწარმეო ეკოსისტემას საკუთარ ქალაქში.
წლევანდელ სტარტაპ კვირეულზე წარმოდგენილი იყო 280-ზე მეტი Startup Week პროგრამა 40-ზე მეტი ქვეყნიდან და 140-ზე მეტი ქალაქიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 131 ათასზე მეტი ადამიანი.
ტრადიციულად, წელსაც Techstars Startup Week-ის ყავდა ინსპირაციული სპიკერები და გაიმართა სხვადასხვა ფორმატის დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა უახლესი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
„იმის ცოდნა, რომ მარტო არ ხარ, შეუძლია ყველა ცვლილება გამოიწვიოს. სტარტაპ კვირეულმა მონაწილეებს მისცა მრავალი სანეთვორქინგო შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ჩაერთონ და დაუკავშირდნენ თანამოაზრე პირებს, დაესწრონ პრაქტიკულ სემინარებსა და სხვა აქტივობებს იმ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ სამეწარმეო სულისკვეთებას ჩვენი სტარტაპ საზოგადოებისთვის შესაბამის თემებზე.
ათეულობით ღონისძიებით, სხვადასხვა ცერემონიით, ძირითადი მომხსენებლებით, პიტჩ-შეჯიბრებებით, ნეთვორქინგით და დახურვის წვეულებით, Startup Week არის ადგილი, სადაც ყოველწლიურად ერთიანდება სტარტაპ საზოგადოება“, – განაცხადა კვირეულის თანაორგანიზატორმა გური ქოიავამ.
სტარტაპ ბიუროს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, საქართველოში, უკვე მეორედ, Techstars-ის სტარტაპ კვირეული ასე შეჯამდა: 5 დღე, 25+ ღონისძიება, 35+ პარტნიორი, 3000+ მონაწილე!
კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო თემატიკა გამოიკვეთა, მათ შორის: პროგრამირება, დიზაინი და რობოტიკა, NFT, როგორ ვაკეთოთ სტარტაპი სახლიდან გაუსვლელად, დილის საუბრები ანგელოზ ინვესტორთან, როგორ გავხადოთ ზუგდიდი ჭკვიანი ქალაქი, საქართველოს ტექ-სტარტაპ ეკოსისტემის რუკის პრეზენტაცია და სხვა.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპ კვირეული 13 დეკემბერს დაიწყო და 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გადასცემდა. სტარტაპ კვირეული 2010 წელს კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო. პროექტს საფუძველი ენდრიუ ჰეიდმა ჩაუყარა. სტარტაპ კვირეული სწრაფად გახდა პოპულარული და მალე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
დატოვე კომენტარი