თბილისის ცენტრში, ახალი სასტუმროს Castor & Pollux-ის გახსნის ოფიციალური ღონისძიება 9 დეკემბერს გაიმართა.
პრემიუმ კლასის სასტუმროს მთავარი უპირატესობა ლოკაციაა – თბილისის ისტორიული უბანი, სასტუმროს უზარმაზარი ვერანდიდან კი მთელი ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. აღსანიშნავია, რომ „Castor & Pollux“-ის გარშემო უამრავი ღირსშესანიშნავი ტურისტული ობიექტი მდებარეობს, რაც ძალიან მოსახერხებელია სტუმრებისთვის.
Castor & Pollux-ის ინტერიერის დიზაინზე იზრუნა კომპანიამ „Objects“, რომლის დახვეწილი სტილიც სასტუმროს განსაკუთრებულად შთამბეჭდავს ხდის.
სასტუმროს კონცეფცია ეფუძნება სტუმარმასპინძლობის სფეროს უმაღლესი დონის სტანდარტებს და სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.
Castor & Pollux-ში 110 კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ნომერია კატეგორიების მიხედვით: დელუქსი, სუპერიორი და სტანდარტი. გარდა ამისა, სასტუმროში არის ოთახები შშმ პირებზე მორგებული პირობებით და საოჯახო ტიპის ნომრები ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახებით.
სასტუმროს სარესტორნო სივრცეში შედის: „რესტორანი 23“ მრავალფეროვანი ქართული და უცხოური სამზარეულოთი, „სტეიკჰაუსი“, თევზის რესტორანი და ბარი. სპეციალურად ამ ბარისთვის უცხოეთიდან მოწვეული ახალგაზრდა ბარმენი სტუმრებს გამორჩეულ საფირმო კოქტეილებს მოუმზადებს.
საქმიანი შეხვედრებისა და კონფერენციების გასამართად სასტუმროში მოწყობილია უმაღლესი დონის ტექნიკური საშუალებებით სათანადოდ აღჭურვილი სამი საკონფერენციო დარბაზი, რომლებიც 25, 50 და 100-კაციან ჯგუფებს უმასპინძლებს. გაზაფხულიდან მომხმარებლებს აუზი, სპა და ფიტნეს დარბაზიც მოემსახურება.
კომპანია „ვერა რეზიდენსმა” პროექტი 25 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციით, „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.
ახალი სასტუმრო, ვერაზე, პოლიკარპე კაკაბაძის 45 ნომერში მდებარეობს. კომპანიამ სტუმარმასპინძლობის სექტორში პოზიციონირება ამავე ქუჩაზე პატარა, 16-ნომრიანი სასტუმროთი დაიწყო. ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილას წამოწყებულმა პროექტმა გაამართლა და კომპანია 2018 წელს საქმის გაფართოებას შეუდგა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Castor & Pollux-ში სულ მალე 120 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროს გუნდი სპეციალურად გადამზადებული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან შედგება.
სასტუმროში ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე ახალი ობიექტი 15-20%-ითაა დატვირთული. სასტუმროს დამფუძნებლის გიორგი ქორიძის ინფორმაციით, ჯავშნების უმეტესი წილი საქმიან ვიზიტებზე მოდის, უახლოეს მომავალში კი დატვირთულობის ზრდას ელოდებიან. S