თბილისში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით სპორტული მედიცინის ცენტრი შენდება

თბილისში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით სპორტული მედიცინის ცენტრი შენდება

თბილისში, ბოხუას ქუჩაზე შენდება პირველი სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელზეც 7 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა. სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ხათუნა საგანელიძის ინფორმაციით, პროექტს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ ახორციელებს და კონკრეტულად მედიცინის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება.

მისივე თქმით, პროექტი ჯამში 3200 კვ/მ ტერიტორიაზე ხორციელდება და როგორც მედიცინის ცენტრს, ისე საწვრთნელ მოედნებსა და სხვა საჭირო ობიექტებს მოიცავს. როგორც ხათუნა საგანელიძემ განმარტა, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ ტერიტორია დათქმით შეისყიდა და 4 სტადიონის მშენებლობის ვალდებულება უკვე შეასრულა. დანარჩენი ობიექტების მშენებლობასაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ საკუთარ თავზე იღებს.

„პროექტი შემუშავებულია და რამდენიმე წელია დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ გარემოება, რომ ხელმოტეხილი ბიჭი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადაზე გავიდა, სასწაული მოხდა და  გაიმარჯვა, გვიბიძგებს იმისკენ, რომ სპორტული მედიცინის ცენტრის არსებობა აუცილებლობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა საქართველოში ამგვარი დაწესებულება არ არსებობს და ასეთ შედეგებს ვდებთ. ბუნებრივია,  სპორტული მედიცინის ცენტრის არსებობის შემთხვევაში უფრო წარმატებულები ვიქნებოდით, რადგან სპორტსმენებს სჭირდებათ  სხვანაირი კვება, მოვლა, ტრავმების მკურნალობა და სწრაფი რეაბილიტაცია“, – განმარტა ხათუნა საგანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტის დამტკიცების პროცესი უკვე დასასრულამდეა მისული და ამ ეტაპზე ელოდებიან განვითარების გენერალურ გეგმას, რის შემდეგაც მის განხორციელებას შეუდგებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *