საერთო სამუშაო სივრცეების ქართულმა ქსელმა, Terminal-მა თბილისში მეექვსე ფილიალი გახსნა. ახალმა სივრცემ ბინა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ დაიდო, რის გამოც, ინტერიერის დიზაინი ქართული კინოსა და თეატრის მოტივებზე შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ კონცეფცია და ფასები Terminal-ის ახალ ფილიალშიც უცვლელი რჩება: მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიქსირებული სამუშაო ადგილებით, შეხვედრების ოთახებით, კაფეთი და მოსასვენებელი ზონებით. ცნობისთვის, ამ ეტაპზე, Terminal-ის მეექვსე ფილიალი სატესტო რეჟიმში მუშაობს, რის გამოც, ახალი გარემოს უკეთ გასაცნობად, 10 დეკემბრამდე მისულ მსურველებს სატესტო დღით სარგებლობა შეუძლიათ.
„ვცდილობთ, არ გავჩერდეთ. ქოვორკინგ-ინდუსტრია ახალია საქართველოში, თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს ბაზარი ძალიან მზარდია. Terminal-ს, როგორც ამ ინდუსტრიის შემომტანს საქართველოში, ამ სფეროში საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყოთ მაქსიმალურად მზარდი და მოქნილი კომპანია“, – აცხადებს Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი.
აღსანიშნავია, რომ Terminal Mozaika მეორე ფილიალია, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნა, რასაც კომპანიაში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული განსაკუთრებული მოთხოვნით ხსნიან. „ვარდების ბაღის ფილიალმა გვაჩვენა, რომ მარცხენა სანაპიროზე საერთო სამუშაო სივრცეებზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა, რის გამოც გადაწყდა კიდევ ერთი ფილიალის დამატება დავით აღმაშენებლის გამზირზე. Terminal Mozaika საკმაოდ დიდი ფილიალი გამოვიდა: 120 ინდივიდუალური ადგილით, 8 საკონფერენციო დარბაზით და ინდივიდუალური ოფისებით. ვფიქრობ, რომ ექვსი ფილიალით, ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ“, – აღნიშნავს Terminal-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ჯინჭარაძე.
ცნობისთვის, საერთო სამუშაო სივრცეების ქსელი – Terminal-ი რეგიონში ყველაზე მსხვილია. კომპანიამ ოპერირება 2016 წელს დაიწყო და დღეს თბილისში უკვე ექვსი ფილიალით არის წარმოდგენილი. Terminal-ის კომუნა 4000-მდე წევრს აერთიანებს: მათ უმეტესობას სტარტაპერები, ფრილანსერები, საერთაშორისო კომპანიები და მსხვილი ბიზნესჯგუფები შეადგენენ.
დატოვე კომენტარი