მსოფლიოში თამაშების შექმნის ყველაზე დიდ ყოველწლიურ ღონისძიებას, Global Game Jam-ს საქართველოც უერთდება.
28-30 იანვარს თბილისში, სასტუმროში „თბილისი მოქსი“ 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართება, რომელზეც მონაწილეებს შეეძლებათ, სრული თავისუფლება მისცენ საკუთარ შემოქმედებითობას, სცადონ სიახლეები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და შექმნან სრულყოფილი თამაშები სულ რაღაც 172,800 წამში.
ასეთივე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე გაიმართება.
ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების იმპლემენტირებას და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში.
ჰაკათონის პრინციპი ასეთია: მონაწილეები გუნდებს აყალიბებენ და ერთობლივი ძალებით, გუნდურად, ცდილობენ ყველაზე გამართული და საინტერესო ციფრული თუ არაციფრული თამაში შექმნან.
ღონისძიებას ერთი კონკრეტული თემატიკა ექნება და ყველა თამაში სწორედ ამ თემის ირგვლივ შეიქმნება, თუმცა რა იქნება წლევანდელი ღონისძიების თემა, გახსნის დღემდე საიდუმლოდ რჩება.
Global Game Jam Georgia-ს საუკეთესო თამაშის ავტორი გუნდი კი ფულად ჯილდოს – 5000 ლარს მიიღებს.
ღონისძიებაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ თამაშების ინდუსტრიაში ცნობილ სპიკერებსაც და გაიზიარონ მათგან ცოდნა და გამოცდილება.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და ღიაა კოვიდპასპორტის მფლობელი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც 18 წლის ან უფროსია და აქვს ცოდნა, გამოცდილება ან ინტერესი თამაშების, დეველოპმენტის, დიზაინის, მუსიკის, ხელოვნების ან ნებისმიერი იმ დარგის/საგნის მიმართ, რაც, თამაშის შესაქმნელად მნიშვნელოვანია.
დაინტერესებულ პირებს ჰაკათონში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე.
ღონისძიება ორგანიზებულია Startup Büro-ს მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook-ის ბმული.
დატოვე კომენტარი