ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ The Best FIFA Football Awards-ის ფარგლებში 2022 წლის საუკეთესოები დაასახელა.
FIFA-მ მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეს, ლიონელ მესის მიანიჭა. ქალთა შორის კი ეს ჯილდო კატალონიის „ბარსელონის“ ნახევარმცველ ალექსია პუტელიასს გადაეცა.
მამაკაცთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელად ლიონელ სკალონი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დასახელდა. ქალთა ფეხბურთში ეს ტიტული სარინა ვიგმანმა მოიპოვა, რომელიც ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს წვრთნის.
The Best FIFA Football Awards-ის ცერემონიიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია ქართველი ფეხბურთელისთვის, ლუკა ლოჩოშვილისთვის გადაცემული Fair Play-ის ჯილდო. იტალიური „კრემონეზეს“ მოთამაშემ ეს ჯილდო ჯერ კიდევ ავსტრიის ბუნდესლიგაში, „ვოლფსბერგერის“ რიგებში ასპარეზობის დროს მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გადარჩენისთვის დაიმსახურა. ლოჩოშვილის სწრაფი რეაგირების წყალობით ვენის „აუსტრიის“ ფეხბურთელი, გეორგ ტაიგლი, რომელმაც თავის ტრავმის გამო მოედანზე გონება დაკარგა, სიკვდილს გადაურჩა.
რაც შეეხება The Best FIFA Football Awards-ის სხვა კატეგორიის გამარჯვებულებს: კაცთა შორის საუკეთესო მეკარის ჯილდო არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ-ვილის“ გოლკიპერს, ემილიანო მარტინესს გადაეცა. ქალთა შორის ეს ტიტული „მანჩესტერის“ მეკარეს, ინგლისელ მერი ირსპის ხვდა წილად. 2022 წლის საუკეთესო გულშემატკივრებად კი არგენტინელი ქომაგები დასახელდნენ.
აღსანიშნავია, რომ FIFA-მ გასული წლის საუკეთესო თერთმეტეულიც დაასახელა, რომელთა შორის მოხვდნენ: ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ვირჯილ ვან დაიკი, ჟოაო კანსელო, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ერლინგ ჰაალანდი.
დატოვე კომენტარი