„საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ადგილობრივი სტარტაპერები ინოვაციურობით გამოირჩევიან“, – ამის შესახებ Forbes Georgia-სთან საქართველოში შექმნილი სტარტაპერებისა და ინვესტორების ახალი პლატფორმის The Crossroad-ის თანადამფუძნებელმა სვეტალ კუმარმა განუცხადა. ცნობისთვის, The Crossroad-ი სექტემბერში თბილისში პირველ მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ასობით ინვესტორი და სტარტაპერი დაესწრება.
„ეკოსისტემაში სტარტაპების 97% წარმატებას ვერ აღწევს. ჩვენი მიზანი ამ მაჩვენებლის შეცვლაა. ამისთვის ყველაზე ეფექტიანი გზა ცოდნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ინვესტორთა თანამონაწილეობაა“, – ამბობს THE Crossroads-ის თანადამფუძნებელი სვეტალ კუმარი. ის დარწმუნებულია, რომ THE Crossroads-ის ინიციატივა საქართველოში აუცილებლად გაამართლებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პლატფორმა საქართველოში წარმატებული აღმოჩნდება და სტარტაპერებისა და ინვესტორების ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება. ჩვენ სტარტაპებისთვის წამახალისებელი პროგრამები ადრეც შეგვიქმნია. მაგალითისთვის, საამიროების ბაზარზე საერთაშორისო ინვესტორები ჩავიყვანეთ, რასაც რეგიონში დიდი წარმატება მოჰყვა. ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთივე ეკოსისტემის საქართველოში შექმნა. რატომაც არა? საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“, – ამბობს სვეტალ კუმარი.
აღსანიშნავია, რომ THE Crossroads-ის ფარგლებში მისი დამფუძნებლები სტუმრებს Silicon Valey-ს უმსხვილესი აქსელერატორებიდანაც ელიან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები Google For Startups-თან, Venture Hub-თან და დაწყებულია თანამშრომლობა სხვა ფონდებთან. THE Crossroads-ის პარტნიორები იქნებიან იაპონური კორპორაცია SoftBank Robotics-ი, გერმანული კომპანია Festo, რომლებიც ინდუსტრიული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის ლიდერი კომპანიებია. ამასთანავე, ღონისძიებას გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის მხარდაჭერაც ექნება. აღსანიშნავია დაგეგმილ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების ცენტრების, უნივერსიტეტების, IT- და ინოვაციური ცენტრების მონაწილეობა.
დატოვე კომენტარი