საქართველოში სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის ახალი პლატფორმა The Crossroads-ი შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც 1-3 სექტემბერს თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით სტარტაპერი, ინვესტორი და საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელი ეწვევა.
The Crossroads – ასე ჰქვია პლატფორმას, რომელიც საქართველოში შეიქმნა და მის მიზანს სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება, გაძლიერება და რეგიონული სტარტაპ-ჰაბის შექმნა წარმოადგენს. ქართული ბრენდი სექტემბერში პირველ მასშტაბურ ღონისძიებას გეგმავს, სადაც ფონდები და სტარტაპები ერთმანეთს გაიცნობენ და თანამშრომლობას დაიწყებენ.
THE Crossroads-ის ქართველი თანადამფუძნებლის, ნიკოლოზ კობახიძის აზრით, საქართველოს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სტარტაპების რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბების უდიდესი პოტენციალი აქვს. „საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს ინტელექტუალური პოტენციალი წარმოადგენს“, – ამბობს ნიკოლოზ კობახიძე. მისივე თქმით, სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) სტარტაპ-იდეების დაფინანსების პროგრამა აამოქმედა და საქართველოში წლიურად ათობით ახალი სტარტაპი იქმნება.
თუმცა სტარტაპ-კომპანიის შექმნა ავტომატურად მის წარმატებას არ ნიშნავს. „ეკოსისტემაში სტარტაპების 97% წარმატებას ვერ აღწევს. ჩვენი მიზანი ამ მაჩვენებლის შეცვლაა. ამისთვის ყველაზე ეფექტიანი გზა ცოდნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ინვესტორთა თანამონაწილეობაა“, – ამბობს THE Crossroads-ის თანადამფუძნებელი სვეტალ კუმარი.
„არიან სტარტაპერები, რომლებიც მხოლოდ ისეთ ინვესტორებს ენდობიან, რომლებსაც საერთაშორისო, წარმატებული ბრენდი აქვთ შექმნილი, როგორიცაა მაგალითად, Google-ი. მაგრამ გვავიწყდება ის, რომ იგივე Google-ი არ დაინტერესდება საქართველოთი, თუ არ ეცოდინება, რომ ქვეყანაში რაღაც საინტერესო ხდება. THE Crossroads-ის ფარგლებში, ჩვენ სტარტაპებსა და ინვესტორებს შორის სანდო კავშირს უზრუნველვყოფთ“, – ამბობს ნოკოლოზ კობახიძე.
2020 წელმა ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის სფეროში პროგრესი დააჩქარა. ნიკოლოზ კობახიძეს და სვეტალ კუმარს სწორედ პანდემიის პერიოდში გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ პლატფორმა, სადაც სტარტაპერები და ინვესტორები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, სტარტაპერები პროექტებს წარადგენდნენ და პოტენციური თანამშრომლობაც შედგებოდა.
THE Crossroads-ის ღონისძიებაზე დასწრებისა და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტარტაპერებსაც ექნებათ. დამფუძნებლების თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან, ბალტიისპირეთიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ლათინური ამერიკიდან და სხვა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება გამოფენა, სადაც სტარტაპერები თავიანთ იდეებს, გეგმებსა და სტრატეგიებს საერთაშორისო ინვესტორებს წარუდგენენ. პროექტების წარდგენის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და მისი ვადა 30 ივნისს იწურება. THE Crossroads-ის თანადამფუძნებლის, სვეტალ კუმარის თქმით, სტარტაპერების წამახალისებელი პროგრამა სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და კუმარი დარწმუნებულია, რომ THE Crossroads-ის ინიციატივა საქართველოშიც აუცილებლად გაამართლებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პლატფორმა საქართველოში წარმატებული აღმოჩნდება და სტარტაპერებისა და ინვესტორების ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება. ჩვენ სტარტაპებისთვის წამახალისებელი პროგრამები ადრეც შეგვიქმნია. მაგალითისთვის, საამიროების ბაზარზე საერთაშორისო ინვესტორები ჩავიყვანეთ, რასაც რეგიონში დიდი წარმატება მოჰყვა. ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთივე ეკოსისტემის საქართველოში შექმნა. რატომაც არა? საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ადგილობრივი სტარტაპერები ინოვაციურობით და ძალიან საინტერესო იდეებით გამოირჩევიან“, – ამბობს სვეტალ კუმარი.
სექტემბრის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია საერთაშორისო პარტნიორი კომპანია CPL Events-ი, რომლის დამფუძნებელიც, ლინდა პერეირა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური და სტარტაპ-კონფერენციის – Web Summit-ის თანაორგანიზატორია. Web Summit-ი პორტუგალიაში ყოველწლიურად დაახლოებით 70,000 მონაწილეს მასპინძლობს და მას დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიზნესტურიზმის განვითარებაში.
THE Crossroads-ის დამფუძნებლები სტუმრებს Silicon Valey-ს უმსხვილესი აქსელერატორებიდანაც ელიან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები Google For Startups-თან, Venture Hub-თან და დაწყებულია თანამშრომლობა სხვა ფონდებთან. THE Crossroads-ის პარტნიორები იქნებიან იაპონური კორპორაცია SoftBank Robotics-ი, გერმანული კომპანია Festo, რომლებიც ინდუსტრიული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის ლიდერი კომპანიებია. ამასთანავე, ღონისძიებას გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის მხარდაჭერაც ექნება. აღსანიშნავია დაგეგმილ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების ცენტრების, უნივერსიტეტების, IT- და ინოვაციური ცენტრების მონაწილეობა. „დიდი სურვილი გვაქვს, ღონისძიებაზე მოვიწვიოთ წარმატებული ქართველი FinTech-პლატფორმის დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე, Skype-ის ერთ-ერთი თანაშემქმნელი, FARFETCH-ის დამფუძნებელი და სხვა ცნობილი ე.წ. unicorn კომპანიების შემქმნელები“, – ამბობს ნიკოლოზ კობახიძე.
THE Crossroads-პლატფორმის შექმნის შედეგად, მისი დამფუძნებლები სტარტაპების საერთაშორისო დონეზე გაფართოებას ელიან, რაც, მათი თქმით, ხელს შეუწყობს საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ახალი ბიზნესების ჩამოყალიბებას და, რაც მთავარია, სამუშაო ადგილების შექმნას.
როგორც ნიკოლოზ კობახიძე აცხადებს, სექტემბრის ღონისძიება ტურიზმის სექტორისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ქვეყანას ასობით ვიზიტორი ეწვევა. მისივე განმარტებით, მოსალოდნელია ინვესტორებსა და სტარტაპებს შორის პოტენციური ტრანზაქციებიც, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
THE Crossroads-ს მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და GITA, რომლებიც, პლატფორმის დამფუძნებლების თქმით, მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ სექტემბრის ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში.
როგორც THE Crossroads-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სვეტალ კუმარი ამბობს, საქართველოს მიმართ დაინტერესება დიდია ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც ბოლო პერიოდში ახალი სტარტაპების შექმნის წლიური რაოდენობა საკმაოდ მზარდია.
„THE Crossroads-ი საქართველოში შეიქმნა და პირველი ღონისძიებაც თბილისში ჩატარდება, ხოლო მომდევნო წლების მასპინძელი ქვეყნები პლატფორმის შესაბამისი კონკურსის მიხედვით აირჩევა“, – ამბობს ნიკოლოზ კობახიძე.
THE Crossroads-ის დამფუძნებლების თქმით, შექმნილი პლატფორმა და დაგეგმილი ღონისძიება საფუძველს ჩაუყრის საქართველოში საერთაშორისო კორპორაციების შემოსვლას, რაც თავისთავად მზარდი ეკონომიკური განვითარების საწინდარი იქნება.
დატოვე კომენტარი