ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ, The Economist-მა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველი ადგილი ავსტრიის დედაქალაქმა, ვენამ დაიკავა – ცენტრალური ევროპის ქალაქმა უმაღლესი შეფასება მიიღო სტაბილურობის, ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში და შედარებით უფრო დაბალი შეფასება კულტურისა და გარემოს კატეგორიაში. საინტერესოა, რომ აღნიშნული რეიტინგის სათავეში ვენა 2018-2019 წლებშიც იმყოფებოდა, მაგრამ გასულ წელს, მუზეუმებისა და რესტორნების მასობრივი დახურვის გამო, მხოლოდ მე-12 ადგილს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგში დასავლეთ ევროპისა და კანადის ქალაქები ლიდერობენ, რაც, უმეტესწილად, პანდემიის შემდეგ ცხოვრების ნორმალური ტემპის სწრაფი აღდგენითაა განპირობებული. საინტერესოა, რომ რეიტინგის საუკეთესო ათეულში სამი კანადური ქალაქი – კალგარი, ვანკუვერი და ტორონტო მოხვდა.
The Economist-ის რეიტინგის პირველი ათეული (უფრო კი, თერთმეტეული) შემდეგნაირად გამოიყურება:
#1 – ვენა, ავსტრია – 99.1 ქულა
#2 – კოპენჰაგენი, დანია – 98 ქულა
#3 (ფრე) – ციურიხი, შვეიცარია – 96.3 ქულა
#3 (ფრე) – კალგარი, კანადა – 96.3 ქულა
#5 – ვანკუვერი, კანადა – 96.1 ქულა
#6 – ჟენევა, შვეიცარია – 95.9 ქულა
#7 – ფრანკფურტი, გერმანია – 95.7 ქულა
#8 – ტორონტო, კანადა – 95.4 ქულა
#9 – ამსტერდამი, ნიდერლანდები – 95.3 ქულა
#10 (ფრე) – ოსაკა, იაპონია – 95.1 ქულა
#10 (ფრე) – მელბურნი, ავსტრალია – 95.1 ქულა
საერთო ჯამში, რეიტინგი 172 ქალაქს მოიცავს, მათ შორის 33 – სიაში პირველად მოხვდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ სიის ბოლოში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქალაქები არიან. ეს, უმეტესწილად, რეგიონში მიმდინარე ომებით, კონფლიქტებითა და ტერორიზმით არის განპირობებული. ჩამონათვალის ბოლოში თეირანი, ალჟირი, ტრიპოლი, დამასკო და ლაგოსი მოხვდნენ.
The Economist-ის ექსპერტების განცხადებით, რეიტინგის საშუალო მაჩვენებელი წლიდან წლამდე საგრძნობლად გაიზარდა, რაც უმეტესწილად კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი რეგულაციების გაუქმებამ გამოიწვია. თუმცა, ინდექსი, პანდიამდელ ნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ დაუბრუნდა.
დატოვე კომენტარი