The Forbes 400: გაღარიბებულები, გაცხრილულები თუ გარდაცვლილები

The Forbes 400: გაღარიბებულები, გაცხრილულები თუ გარდაცვლილები

გასულ წელს Forbes 400-ის რეიტინგს ჩვიდმეტი მილიარდერი გამოაკლდა. მათგან სამი განთქმულის ქონებაში საბოლოო ლურსმანი ქორწინებამ, სენდვიჩების შავმა დღემ და ქველმოქმედებამ ჩააჭედა. სხვა მრავალმა უბრალოდ ვეღარ შეძლო ფეხის აწყობა და იმ $2.1 მილიარდს ქვემოთ დარჩა, რომელიც წლევანდელ რეიტინგში მოსახვედრად საჭირო მინიმუმს წარმოადგენდა.

SUB-სტანდარტი

პიტერ ბაკის მიერ თანადაფუძნებულ სენდვიჩების ქსელ Subway-ს რთული დღეები უდგას. გაყიდვები უკვე რამდენიმე წელია, ეცემა, 2017-ში კი კომპანიამ ლამის 900 პუნქტი დაკეტა აშშ-ში. მაისში, პირველად არსებობის მანძილზე, მან თავის დამფუძნებელთა ოჯახებთან დაუკავშირებელი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა. Subway-ის გასაჭირმა, გარკვეულ საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად, ბაკის ქონება ბოლო 12 თვეში 35%-ით შეამცირა. 

განქორწინების ფასი 

Pimco-ს ყოფილი ინვესტორი ბარონის, ბილ გროსის ქორწინება აქტივებთან დაკავშირებულ საძაგელ კონფლიქტად იქცა მას მერე, რაც მისმა ცოლმა, სიუმ, 2016 წელს ოფიციალურად მოითხოვა განქორწინება ცოლ-ქმარს შორის არსებული შეურიგებელი სხვაობების ნიადაგზე. საბოლოო ჯამში, ის ქმრისგან $1 მილიარდით წავიდა და თან წაიღო $36-მილიონიანი სახლი ლაგუნა-ბიჩში (კალიფორნია), წყვილის $56-მილიონიანი არტკოლექციის ნახევარი და მათი სამიდან ორი კატა. მოკლედ, განქორწინება გროსს ძვირი დაუჯდა.  

რასაცა გასცემ… 

როგორც ირკვევა, რეიდ ჰოფმანი, LinkedIn-ის თანადამფუძნებელი (რომელიც Microsoft-ს 2006-ში მიჰყიდა), ისეთივე სიხშირით გასცემს საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხებს, როგორითაც მისი ყოფილი ბიზნესი გზავნის ი-მეილებს. Forbes-მა გაარკვია, რომ ჰოფმანს ბოლო წლებში $1.5 მილიარდი გაუღია და სულ რაღაც $1.8 მილიარდის ამარა დარჩენილა. წელს მან Giving Pledge-საც მოაწერა ხელი და საჯაროდ დადო პირობა, მთელი ჩემი სიმდიდრის ნახევარზე მეტს გამოვემშვიდობებიო. მიზანს მართლაც უახლოვდება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *