სასტუმრო “გროუვი” თბილისის ისტორიულ უბანში, დავით აღამაშენებლის გამზირისა და თამარ მეფის ხიდის კვეთაზე, მდინარე მტკვრის პირას მდებარეობს. სასტუმროს სახელი ფასადის წინ კვიპაროსის ხეების განლაგებას უკავშირდება, რომელიც არქიტექტურული კომპოზიციის განუყოფელ ნაწილად იქცა. თაღისა და ორი ვიწრო კოშკისაგან შემდგარი ნაგებობა უნიკალურ და დინამიკურ მოცულობას ქმნის.
სასტუმრო “გროუვი” თანამედროვე თბილისის სახეა. ეს არის ბუტიკის ტიპის 39-ოთახიანი სასტუმრო ახალი და გამორჩეული დიზაინის მქონე ექვსი სხვადასხვა კატეგორიის ოთახით. სასტუმროს თითოეული ნომრის განსხვავებული დეტალები ინტერიერს კომფორტულობასა და ამავდროულად ექსკლუზიურობას სძენს.
სასტუმროს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენს რესტორანი “კვიპაროსი” (The Cypress). გარდა იმისა, რომ აქ კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალი საუცხოო მენიუს შემოგთავაზებთ, ეს ადგილი თბილისის სხვა რესტორნებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ აქ პრემიუმ-კლასის ღვინისა და შამპანურის საერთაშორისო ბრენდების დიდი არჩევანია. ბარსა თუ ლაუნჯში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ექსკლუზიური სასმელებია წარმოდგენილი. The Cypress-ის ბარი ვისკის მოყვარულებსაც მოეწონებათ – ის ქალაქში ვისკის ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა ცნობილი.
სასტუმროში განსაკუთრებული დიზაინის, სრულად აღჭურვილი შეხვედრების ოთახი გთავაზობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ როგორც პირადი, ისე საქმიანი შეხვედრებისათვის. შეხვედრების ოთახში თქვენი საქმიანი მოლაპარაკებებისათვის მყუდრო გარემოა შექმნილი. ნებისმიერი ღონისძიება სასტუმრო “გროუვში” უზრუნველყოფს სრულ ექსკლუზიურობას – იქნება ეს ბიზნესფორმატი თუ წვეულება. თქვენი ღონისძიება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ორგანიზებას გავუწევთ მხოლოდ თქვენს ღონისძიებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ და თქვენი სტუმრები განსაკუთრებულად გრძნობთ თავს. შეხვედრების ოთახის ტერასიდან გადაშლილი მომნუსხველი ხედი თბილისზე დამატებით ელფერს შესძენს თქვენს ღონისძიებას.
თანამედროვე აღჭურვილობის მქონე ცხრასართულიან სასტუმროში დაგხვდებათ მოდერნისტული გარემო, ინტერიერი ობიექტების გარეშე, სადაც ავეჯი და ობიექტები კედლებშია დამონტაჟებული, რაც დამატებით და ხალვათ სივრცეს ქმნის. სასტუმროს მეხუთე სართულზე განთავსებულია ტერასა ხედებით თბილისზე, ასევე სრული აღჭურვილობის საკონფერენციო დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის.
თანამედროვე, მოდერნისტული დიზაინის მქონე ახალი სასტუმრო ტურისტული სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტია. სასტუმროს მშენებლობისთვის დაახლოებით 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. The Grove Design Hotel-ს საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია Solutions HI მართავს. კომპანია ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ამ გუნდის უმრავლესობას კი ქალბატონები წარმოადგენენ, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო
ბაზარზე გამოცდილებითა და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
თამარ დოლიძე – გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის განყოფილების დირექტორი
თამარ დოლიძე კომპანია Solutions Hi-ს 2017 წლის მარტში შეუერთდა და დღეს იგი The Grove Design Hotel-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის განყოფილებას ხელმძღვანელობს. თამარის მრავალწლიანი წარმატებული კარიერა თიბისი ჯგუფიდან დაიწყო და დეველოპერულ კომპანია “რაკიინ დეველოპმენტში” გრძელდებოდა. SolutionsHI-ს იგი მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების “ყატარის ავიახაზებიდან” შეუერთდა, რომელშიც თამარი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მარკეტინგის, პიარისა და ელექტრონული კომერციის აღმასრულებლის პოზიციას იკავებდა. ხუთვარსკვლავიან საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის სტაჟისა და გამოცდილების მქონე თამარი ახალ რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებს ეძებს და პოულობს, რათა მეტი წარმატება მოუტანოს კომპანიას, რომელშიც დღეს მუშაობს. The Grove Design Hotel-ი თანამედროვე თბილისის სახეა – ეს არის ოქროს შუალედი უაღრესად კომფორტულსა და უნიკალურს შორის. სწორედ სასტუმროს ეს სტატუსი და მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმი, საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ქმნის გარანტირებულ წინაპირობას, რომ The Grove Design Hotel-ი მალე წამყვან პოზიციებს დაიკავებს საერთაშორისო სასტუმრო ინდუსტრიაში.
მარიამ ბიძინაშვილი – ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მარიამი პროფესიით იურისტია, თუმცა 18 წლიდან ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს. მისი პირველი სამუშაო ადგილი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” იყო, რომელსაც დღემდე განსაკუთრებული ადგილი უკავია მის ცხოვრებაში. შემდეგ იყო M|Group-ი, “ყატარის ავიახაზები” და ახლა სასტუმრო The Grove Design Hotel-ი. მარიამის გამოცდილება ადამიანური რესურსების მიმართულებით იწყება “ყატარის ავიახაზებიდან”, სადაც მან ხუთი წელი იმუშავა. ამჟამად მარიამი სასტუმრო “გროუვის” ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერია. მას მიაჩნია, რომ სწორად შერჩეული ადამიანური რესურსი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მთავარ ღირებულებასა და დიდი წარმატების საწინდარს წარმოადგენს. მისთვის თითოეული თანამშრომელი განსაკუთრებული მონაპოვარია და მათ განვითარებაზე ზრუნვა მისი საქმიანობის მთავარი მისიაა. კარგი HR-მენეჯერი ყოველთვის დაინტერესებული უნდა იყოს თითოეული თანამშრომლის წარმატებით, რადგან ეს თავისთავად კომპანიის წარმატებაც გახლავთ.
მაკა თავაძე – დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი
მაკას კარიერა სასტუმროს ბიზნესში “ქორთიარდ მერიოტიდან” დაიწყო, სადაც გახსნის პერიოდში დიასახლისის პოზიციაზე მუშაობდა. საერთაშორისო კომპანიამ ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება შესძინა და სამომავლოდ დიდწილად განსაზღვრა მისი წარმატება აღნიშნულ ბიზნესში. “ქორთიარდ მერიოტის” შემდეგ დასუფთავების სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა საერთაშორისო კომპანია Ascott-ის ბრენდის სასტუმრო Citadines City Centre-ში განაგრძო, სადაც შვიდი წელი იმუშავა და პარალელურად, სასტუმრო “ძველი მეტეხის” გახსნის პერიოდში, დაგეგმა და დააკომპლექტა ამ სასტუმროს დასუფთავების სამსახური. მისი ამჟამინდელი გამოცდილება უკავშირდება საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია SolutionsHI-ს, სადაც დასუფთავების სამსახურის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა მათი მენეჯმენტის ქვეშ მყოფ “შოთა@ რუსთაველი” ბუტიკ-სასტუმროში. მას შემდეგ და დღემდე მისი საქმიანობა გრძელდება მენეჯმენტ-კომპანიის მეორე წარმატებულ პროექტში – The Grove Design Hotel-ში.
მარიამ სხირტლაძე – მიმღები დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მარიამი “გროუვის” ყველაზე ახალგაზრდა, 23 წლის მენეჯერია. 18 წლის იყო, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” რომ დაიწყო მუშაობა. პირველმა გამოცდილებამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. რეცეფციაში მისი წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ სასტუმრო “შერატონი” რენოვაციის მიზნით დროებით დაიხურა. მალევე მან სტარვუდის სხვა ბრენდში – W hotels-ში გააგრძელა მუშაობა. ყატარში მდებარე სასტუმრო W Doha–ში მუშაობა მისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაახლოებით ორი წელი ხელმძღვანელობდა რეცეფციას სასტუმრო “გოლდენ პალასში”. კომპანია SolutionsHI-სთან წელიწადია, რაც თანამშრომლობს და უკვე მეორე პროექტში იღებს მონაწილეობას. რეცეფციას ხელმძღვანელობდა სასტუმრო Shota@Rustaveli-ს გახსნის წინა პერიოდიდან. სასტუმრო The Grove Design-ის გუნდის წევრიც გახსნამდე გახდა და მიმღებ დეპარტამენტს დღემდე ხელმძღვანელობს.
დატოვე კომენტარი