„ნაპოლიში“ წარმატებული დებიუტის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული, სპორტული თუ არასპორტული გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად ქართველ ფეხბურთელს ვრცელი სტატია ამერიკულმა The New York Times-მა მიუძღვნა, რომლის ჟურნალისტებიც მასალის მოსამზადებლად ბათუმში იმყოფებოდნენ – ქალაქში, რომლის მთავარ საფეხბურთო კლუბში, „დინამოში“, ხვიჩა „ნაპოლიში“ გადასვლამდე თამაშობდა.
„ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ანარქიულმა სტილმა იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია. რაც მთავარია, მან ფეხბურთი კვლავ სახალისო გახადა“, – ვკითხულობთ სტატიისთვის წამძღვარებულ ტექსტში.
The New York Times-ის სტატია ბათუმიდან იწყება. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას ბათუმის „დინამოში“ თამაშის პერიოდში სტადიონი მუდმივად სავსე იყო. ასევე, ხაზგასმულია, რომ ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ის საქართველოს ყველაზე დიდი კლუბის „დინამო თბილისის“ სენსაციად იქცა.
„ნაპოლიში“ გადასვლასთან დაკავშირებით საუბრისას, The New York Times-ის ჟურნალისტები ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს, 10 მილიონ აშშ დოლარს უსვამენ ხაზს და საპირისპიროდ, მის შედეგებზე საუბრობენ – ხუთი გოლი იტალიის სერია A-ში, ორი – ჩემპიონთა ლიგაზე.
„ნაპოლის გულშემატკივრებმა მას უდიდესი ჯილდო მიანიჭეს, მეტსახელად „კვარადონა“ უწოდეს, კლუბის ისტორიაში ყველაზე საყვარელი პლეიმეიკერის სახელის მიხედვით“, – წერს The New York Times-ი.
დატოვე კომენტარი