Times Higher Education-მა 2023 წლისთვის საუკეთესო რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტების სია შეადგინა. აღსანიშნავია, რეიტინგში კვლავ „ჰარვარდი“ ლიდერობს. მართალია, მოწინავე ადგილებს აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სასწავლო დაწესებულებები ინაწილებენ, თუმცა ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტები პოზიციებს უფრო და უფრო იუმჯობესებენ.
„ჰარვარდისთვის“ საუკეთესო რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტების რეიტინგის ლიდერად დასახელება მით უფრო მისასალმებელია, რაც ცოტა ხნის წინ მისი პრეზიდენტი, კლოდინ გეი თანამდებობიდან გადააყენეს. მანამდე ეს უკანასკნელი კონგრესის კომიტეტის წინაშე წარდგა, რომელიც კამპუსში ანტისემიტიზმის საქმეს შეისწავლის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგი გეის გადაყენებამდე იყო დამუშავებული.
Times Higher Education-ის რეიტინგის ათეულში ექვსი ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებს უკავია. გაერთიანებული სამეფოდან კი ტოპ-10-ში ორი უნივერსიტეტია წარმოდგენილი. საუკეთესოთა ათეულში აზიიდან ორი სასწავლო დაწესებულება მოხვდა, მათ შორის ერთი – ჩინეთში, მეორე კი იაპონიაში მდებარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ რეპუტაციის რეიტინგი განსხვავდება THE-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგისგან. ეს უკანასკნელი უნივერსიტეტებს სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით ადარებს, მათ შორის სწავლების, კვლევისა და საერთაშორისო პერსპექტივების გათვალისწინებით.
რაც შეეხება რეპუტაციის რეიტინგს, მასში გათვალისწინებულია, თუ როგორ უყურებენ უნივერსიტეტებს აკადემიკოსები მთელს მსოფლიოში. და მიუხედავად იმისა, რომ „ჰარვარდი“ მეოთხე ადგილს იკავებს საერთო რეიტინგში, რეპუტაციის რეიტინგში მისი პოზიცია გლობალური მასშტაბით სიმტკიცეს ინარჩუნებს.
„ოქსფორდი“, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგს ბოლო რვა წლის განმავლობაში უცვლელად ლიდერობს, რეპუტაციის რეიტინგში, წინა სიის მსგავსად, მეოთხე ადგილს სჯერდება. მას „ჰარვარდთან“ ერთად უსწრებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და სტენფორდის უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ წინა რეიტინგის პოზიცია ახალ სიაში რვა უნივერსიტეტმა შეინარჩუნა – 1-ელიდან მე-7 ადგილის ჩათვლით და ასევე მე-10 ადგილზე მყოფმა სასწავლო დაწესებულებამ. ცინგხუას უნივერსიტეტი მე-9 პოზიციიდან დაწინაურდა და მე-8 ადგილზე გადავიდა. მისი ადგილი კი იელის უნივერსიტეტმა დაიკავა, რომელიც მე-8 ადგილიდან ერთი პოზიციით დაქვეითდა.
ცნობისთვის, რეიტინგი 166 ქვეყნიდან და რეგიონიდან თითქმის 40,000 აკადემიკოსის შეფასებას ემყარება.
მსოფლიოს ტოპ-10 უნივერსიტეტი რეპუტაციით, Times Higher Education-ის მიხედვით:
1 (1) ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ)
2 (2) მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ)
3 (3) სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
4 (4) ოქსფორდის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)
5 (5) კემბრიჯის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)
6 (6) კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი (აშშ)
7 (7) პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ)
8 (9) ცინგხუას უნივერსიტეტი (ჩინეთი)
9 (8) იელის უნივერსიტეტი (აშშ)
10 (10) ტოკიოს უნივერსიტეტი (იაპონია)