The Winklevii-ის შურისძიება

The Winklevii-ის შურისძიება

Facebook-ის მფლობელობის გამო მარკ ცუკერბერგთან ეპიკური დამარცხებისა და სილიკონის ველიდან გარიყვის შემდეგ, კამერონ და ტაილერ ვინკლევოსები ბრუნდებიან – ამჯერად როგორც პერსპექტიული მილიარდერები მომავლის ფულის, შემოქმედებითი ეკონომიკისა და, დიდი ალბათობით, თვით დიდი ტექნოლოგიის ახალი ოპერაციული მოდელის ეპიცენტრში.

მილიარდერები კამერონ და ტაილერ ვინკლევოსები აუჩქარებლად შედიან მანჰეტენის რაიონ ფლატირონში განთავსებული შენობის მე-17 სართულზე მდებარე ოფისში. მათ დიზაინერული მაღალყელიანი ფეხსაცმელები, შავი ჯინსები და გრძელმკლავიანი მაისურები აცვიათ, რომლებიც მაღალი კლასის ქუჩის მოდის ბრენდ Heron Preston-ის მიერაა შექმნილი, და რომელთაც NASA-ს ლოგოები ამშვენებს (კამერონის მაისური წითელია, ტაილერისა – თეთრი). ტყუპებმა მაისურები იმის გამო აარჩიეს, რომ კოსმოსური კვლევის თემატიკით მათ მიერ შვიდი წლის წამოწყებულ ბრენდს – კრიპტოვალუტის სავაჭრო ოპერაცია Gemini-ს – ეხმიანება. გარდა იმისა, რომ Gemini, როგორც ზოდიაქოს ნიშანი, ტყუპების სიმბოლოა, ეს სახელი ერქვა NASA-ს მეორე კოსმოსურ მისიასაც – Apollo 11-მდელ მისიას, რომელმაც მთვარეზე პირველი ადამიანი გადასვა. 

„ჩვენ ყველანი ასტრონავტები ვართ, რომლებიც ვიღვწით ფულის, ხელოვნებისა და ფინანსების წინა ხაზზე”. თავისი ძმის აზრების დასრულებას მიჩვეული ტაილერი საუბარში ერთვება: „ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს კოსმოსურ ხომალდზე ვართ, რომელიც ახალ სამყაროებს იკვლევს”.

მარტის ამ მზიან დღეს კოსმოსური ხომალდი არნახულ სისწრაფეს ავითარებს. Bitcoin-ის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს – $58,000-ს აღწევს (როცა ძმებმა ციფრულ ვალუტაში $10 მილიონის ინვესტირება დაიწყეს, ის $8 დოლარად იყიდებოდა), რამაც მათი ერთობლივი ქონება $6 მილიარდამდე გაზარდა. ტყუპების ბოლო საინვესტიციო პროექტმა, სწრაფად მზარდმა Bitcoinსესხების გიგანტმა BlockFi-მ ახლახან განაცხადა $350 მილიონის მოზიდვის შესახებ, რამაც კომპანიის ღირებულება $3 მილიარდამდე გაზარდა. 

ამასთან ერთად, 39 წლის ძმების ყველაზე მიმზიდველი წამოწყება, ციფრული ხელოვნების აუქციონის პლატფორმა Nifty Gateway იძირება Christie’s-ის გაყიდვების ბრწყინვალებაში, სადაც, სააუქციონო ჩაქუჩი, 255 წლის სააუქციონო სახლის ისტორიაში პირველად, გაიღებს ხმას პირველი ე.წ. არაურთიერთმონაცვლე მონეტის (NFT) ხელოვნების ნიმუშის გასაყიდად – უნიკალური კომპიუტერული ფაილისა, რომელიც ბლოკჩეინის სახელით ცნობილი ციფრული ჩანაწერის საშუალებით გამოითვლება. Nifty Gateway-მ Beeple-ის სახელით ცნობილ არტისტ მაიკ ვინკელმანს სახელი ერთი წლით წინ წამოწყებული „drops”-ის სერიით გაუთქვა. დღის მიწურულს Gemini-ს მეურვეობის ქვეშ მყოფი ბიზნესი, რომელიც ციფრულ ქონებას ინახავს, Beeple-ისთვის Christie’s-ისგან $69 მილიონის კრიპტოვალუტას მიიღებს, რის შემდეგაც ნამუშევარი „Everydays: The First 5,000 Days” ჯეფ კუნსისა და დევიდ ჰოკნის შემდეგ ცოცხალი არტისტის მიერ გაყიდული მესამე ყველაზე ძვირი ნამუშევარი გახდება.

მსოფლიოს დიდ ნაწილს 198 სმ სიმაღლის ტყუპები დღემდე ნიჩბოსნობის ჩემპიონ ეკიპაჟად მიაჩნია, რომლების როლსაც არმი ჰამერი Facebook-ის შესახებ 2010 წელს შექმნილ ცნობილ ფილმ The Social Network-ში ასრულებს. ჰარვარდში, ჯგუფელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის საიტისთვის 

მათი იდეა გამოიყენა და ააშენა იმპერია, რომელიც 2.8 მილიარდ მსოფლიო მომხმარებელსა და $97 მილიარდის ქონებას მოიცავს. ცუკერბერგთან ნაღდი ფულისა და აქციების სახით $6-მილიონიანი გარიგებიდან თორმეტიოდე წლის შემდეგ, the Winklevii, როგორც მათ ფართო საზოგადოება იცნობს, ტექნოლოგიური მოძრაობის ლიდერებად მოგვევლინენ, მათი მთავარი სამოქმედო პრინციპი კი გლობალურად არსებული ყველა აქტივის გაციფრულებას, კონტროლის დეცენტრალიზაციასა და საჭეთმპყრობლების, მათ შორის, Facebook-ის, ჩამოშორებას გულისხმობს. 

„ცენტრალიზებული სოციალური ქსელის იდეა ხუთ ან ათ წელიწადში აღარ იარსებებს, – წინასწარმეტყველებს ტაილერი, როცა მას Facebook-ის შესახებ ვეკითხებით. – ძველ სამყაროსა და ამ ახალ კრიპტოსამყაროს უფსკრული ყოფს”.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დამყარებული Bitcoin-ი და სხვა კრიპტოვალუტები უკვე ძირს უთხრის ფულის და საბანკო სფეროებს. გიგანტური ფინანსური ფირმები, როგორიცაა PayPal-ი, Square-ი, JPMorgan-ი, Fidelity და Northern Trust-ი, Bitcoin-ის სამყაროში აქტიურად იჭრებიან და ცდილობენ თავის დამკვიდრებას მომავალში, რომელსაც ციფრული აქტივები წალეკავს. ამასთან ერთად, დიდი კომპანიები – Boeing-ი, Samsung-ი, Tesla და Novartis-ი – ახალ ტექნოლოგიებს თავიანთი მიწოდების სისტემების ოპტიმიზაციისთვის, კლიენტების მონაცემთა გაზიარებისა და ბიზნესპროცესების გაუმჯობესებისთვის იყენებენ. ზოგ შემთხვევაში, ისინი Bitcoin-ს თავიანთ საბუღალტრო ბალანსზე ამატებენ. 2020-ში Bitcoin-ის უკუგებამ 300%-ზე მეტი შეადგინა, S&P 500-ის 18%-თან შედარებით. 

The Winklevii-ზე ამბობენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. თავიანთი ჰოლდინგ-კომპანია Gemini Space Station-ის საშუალებით, რომელიც მათ კრიპტობირჟასა და Nifty Gateway-ს ფლობს, ასევე მათი საოჯახო ოფისის, Winklevoss Capital-ის მეშვეობით განხორციელებული ინვესტიციებით, წყვილმა ციფრული აქტივების, სულ მცირე, 25 სტარტაპში ჩადო ფული. ეს ახლად გამოჩეკილი კომპანიები ქმნიან საფუძველს იმისა, რაც, ძმების ხედვით, ახალ ვირტუალურ სამყაროდ უნდა იქცეს, რომელსაც ისინი და სხვებიც „metaverse”-ს უწოდებენ, სადაც ისეთი ციფრული აქტივები, როგორიცაა ხელოვნება, მუსიკა, უძრავი ქონება და მთლიანი ბიზნესებიც კი იქმნება და იყიდება… და, რაც მთავარია, იმართება – ბლოკჩეინის საშუალებით. მათი მხარდაჭერილი ბევრი კომპანია მზადაა, განვითარდეს ინსტერნეტის ამ სამგანზომილებიან ვერსიაში, რომელიც უშუამავლო კომპიუტერული ქსელებით იმართება და სადაც მოგებას მონაწილეები ნახულობენ ძლიერი კომპანიების ნაცვლად. 

„ცენტრალიზებული სოციალური ქსელის იდეა ხუთ ან ათ წელიწადში აღარ იარსებებს, – წინასწარმეტყველებს ტაილერი, როცა მას Facebook-ის შესახებ ვეკითხებით. – ძველ სამყაროსა და ამ ახალ კრიპტოსამყაროს უფსკრული ყოფს. ჩვენ კი ის არხი ვართ, რომელიც ადამიანებს ოფლაინიდან ონლაინ გარდასახვაში დაეხმარება”.

ის ფაქტი, რომ გრინვიჩში, კონექტიკუტში გაზრდილი ჰარვარდელები და ყოფილი ოლიმპიელები ისეთი ანტიისტებლიშმენტური მოძრაობის ცენტრში აღმოჩნდნენ, რომელიც დღემდე ძირითადად არალეგალური ნარკოვაჭრობის განვითარებულ ონლაინბაზრობად გამოიყენებოდა, კარგად მეტყველებს, თუ რამხელა გზა გამოიარეს the Winklevii-მ კემბრიჯში (მასაჩუსეტსი) მარკ ცუკერბერგთან ჭიდილის შემდეგ. 

Facebook-თან საარბიტრაჟო სასამართლოში მორიგებისა და 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაში მონაწილეობის შემდეგ, ძმებმა ვინკლევოსებმა MBA-ის ასაღებად 2010 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტს მიაშურეს, ხოლო შემდეგ, ვენჩურული ინვესტიციების განსახორციელებლად, Winklevoss Capital-ი ჩაუშვეს. ძმებს სურდათ, Sand Hill Road-ზე არსებულ ფირმებს შეერთებოდნენ, რომლებიც დღევანდელ უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებს აფინანსებდნენ, თუმცა მათ მალე აღმოაჩინეს, 

რომ სილიკონ-ველიში მათ მიმართ ცივად იყვნენ განწყობილები. დაუნდობელი Facebook-ისა და მისი მზარდი ქსელის მხრიდან სანქციების შიშით სტარტაპები ერთიმეორის მიყოლებით უარს ამბობდნენ ძმების კაპიტალზე. 

როგორც ბენ მეზრიხის 2019 წლის წიგნი Bitcoin Billionaires-ი გადმოგვცემს, Bitcoin-ი ძმებს პირველად ხმელთაშუა ზღვის კურორტ იბიცაზე 2012 წლის ივნისში გააცნეს ამ კრიპტოვალუტის პირველმა მიმდევრებმა, რომლებიც, the Winklevii-ს მსგავსად, ტრადიციული ტექ-აუტსაიდერები იყვნენ. იდეა, რომ ფული იყო საბოლოო სოციალური ქსელი და რომ Bitcoin-ი თავისუფალი იყო ცენტრალური ბანკის კონტროლისგან და მას ზურგს მათემატიკური სიზუსტე უმყარებდა, ზედმიწევნით დისციპლინირებული სპორტსმენებისთვის ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა. 

მათი ოფისის კედელზე დაკიდებული პოსტერი Gemini-ს ბოლოდროინდელი მეტროს  მარკეტინგული კამპანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელ მამებს და მათ სიტყვებს ასახავს: „რევოლუციას წესები სჭირდება“

ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ მათ Facebook-ის ფულის Bitcoin-ში დაბანდება დაიწყეს. „ამ კომუნამ ძალიან თბილად მიგვიღო”, – ამბობს ტაილერი, რომელიც უფრო ანალიტიკურ ტყუპისცალად ითვლება (კამერონი უფრო კრეატიულია). 

2013 წლის მაისში მათ $1.5 დააბანდეს ბრუკლინში არსებულ ბირჟა Bitlnstant-ში, რომელიც საკომისიოს სანაცვლოდ ადამიანებს დოლარებს Bitcoin-ში რამდენიმე წუთში აცვლევინებდა. ბიზნესი სწრაფად გაიზარდა – როგორც ამბობენ, მასზე მოდიოდა მთლიანი Bitcoin-ების ვაჭრობათა 30%. სამწუხაროდ, ამ შესყიდვების ნაწილი ნარკომოვაჭრეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც dark web-ის ნარკობაზრობაზე მოქმედებდნენ და წლის ბოლოსთვის საიტი დაიხურა. მისი კომპიუტერული გენია და აღმასრულებელი დირექტორი ჩარლი შრემი, რომელთანაც the Winklevii თანამშრომლობდნენ, დააპატიმრეს და ერთი წლით ფედერალურ ციხეში ჩასვეს არალიცენზირებული ოპერაციების წარმოებისთვის. 

დამცირების კიდევ ერთი გაკვეთილის შემდეგ ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ჯერ კიდევ დაბადების სტადიაში მყოფ ბაზარზე წარმატების მისაღწევად საჭირო იყო მათი უშუალო ჩართულობა და, რაც მთავარია, ქაოსური, დაურეგულირებელი ინდუსტრიის მოწესრიგება. 2014 წელს მათ დააფუძნეს თავიანთი საკუთარი კრიპტობირჟა Gemini. 

თავდაპირველად Gemini იყო Bitcoin-ის მხოლოდ ყიდვისა და გაყიდვის ადგილი, მაგრამ დღეს ის უკვე 33 კრიპტოვალუტის ვაჭრობასა და მეურვეობას განაგებს, მათ შორისაა Ether – ვალუტა, რომელსაც თავისი კომპიუტერული ენა აქვს, რაც საშუალებას აძლევს დეველოპერებს, შექმნან აპლიკაციები ცენტრალური სერვერების გარეშე; zcash-ი – Bitcoin-ზე დაფუძნებული პირადი ინფორმაციის დამცველი ტოკენი; და mana – მკვიდრი კრიპტოვალუტა ვირტუალური რეალობის სამყარო Decentraland-იდან. ტყუპებს ასევე აქვთ თავიანთი პირადი, ეთერეუმზე დაფუძნებული ტოკენი სახელად Gemini Dollar-ი, რომელიც აშშ დოლარზეა მიმაგრებული და, შესაბამისად, სტაბილურია.

კრიპტობირჟებს შორის (დღეს ასეთი 300-ზე მეტი არსებობს), Gemini 2015 წლის ოქტომბერში გახდა ერთ-ერთი პირველი Bitcoin-ზე ფოკუსირებული ფინანსური ინსტიტუცია, რომელსაც ფინანსური სერვისების ნიუ-იორკის დეპარტამენტმა trust bank-ის ფუნქცია მიანიჭა. ეს ნიშნავდა, რომ მასზე იგივე სარეგულაციო მოთხოვნები ვრცელდებოდა, როგორიც სხვა ბანკებზე, მაგალითად, State Street-სა და Northern Trust-ზე, რაც ყველა 50 შტატში დეპოზიტების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა.

იმის მიუხედავად, რომ Gemini-ს სავაჭრო ბრუნვა ($29 მილიარდი ბოლო 12 თვეში) ბევრად დაბალია ისეთ გიგანტებთან შედარებით, როგორიცაა Binance-ი და Coinbase-ი, ის მათ ინდუსტრიაში „ნდობის” ქულებით უწევს მეტოქეობას და ეს მნიშვნელოვანია ისეთ ბაზარზე, სადაც ბირჟები ხშირად ჰაკერული თავდასხმების მსხვერპლი ხდება და ყალბი ვაჭრობების მოცულობები ჩვეულებრივი მოვლენაა. ისეთ აგრესიულ გარემოში, სადაც Coinbase-ი $68 მილიარდადაა შეფასებული, Gemini, სავარაუდოდ, $5 მილიარდად შეფასდებოდა, მას რომ გარე დაფინანსება სჭირდებოდეს. 

მაშინ როცა Facebook-ის ადრეული კორპორაციული მანტრა იყო „იმოძრავე სწრაფად და დაანგრიე რაღაცები”, the Winklevii, რომლებიც ჰარვარდის პრეზიდენტ ლარი სამერსისგან ცუკერბერგის წინააღმდეგ კოლეჯის „ქცევის სტანდარტების” ამოქმედებას მოითხოვდნენ, ყოველთვის მოქმედებდნენ „ჯობს მოითხოვო უფლება თავიდან, ვიდრე პატიება ბოლოში” პრინციპით. მათი ოფისის კედელზე დაკიდებული პოსტერი Gemini-ს ბოლოდროინდელი მეტროს მარკეტინგული კამპანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელ მამებსა და მათ სიტყვებს ასახავს: „რევოლუციას წესები სჭირდება”.

თავისი ოპერაციების „რეგულირებულად” აქტიური რეკლამირებით Gemini პოზიციონირდება მოგებისთვის, როცა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) საბოლოოდ აღიარებს კრიპტოვალუტაში მოვაჭრე საბირჟო ფონდებს, როგორც ეს კანადასა და სხვა ქვეყნებში მოხდა. 2013 წლიდან მოყოლებული the Winklevii-მ დაიწყეს მიმართვა SEC-ისდამი Bitcoin-ების ბირჟაზე მბრუნავი ფონდის (ETF) შესაქმნელად. დღემდე მათ ორჯერ მიიღეს უარი, ბოლოჯერ – 2018 წელს, რის მიზეზადაც SEC-ი ინდუსტრიის მოუმწიფებლობას ასახელებდა. 

დღეს SEC-ში უკვე 6 კრიპტო-ETF-ის აპლიკაციაა შეტანილი ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა Wisdom Tree, Van Eck-ი, Fidelity, First Trust-ი და Anthony Scaramucci-ს Skybridge Financial-ი. Gemini-ს, რომელიც ახლა სთავაზობს კლიენტებს საკრედიტო ბარათების ბონუსებს Bitcoin-ებში და შემნახველ ანაბარს, რომელიც 7%-ს იხდის კრიპტოდეპოზიტებზე, SEC-ში შეტანილი აქვს აპლიკაცია ალტერნატიული ბაზრის შესაქმნელად, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით შექმნილი აქციებითა და სხვა ფასიანი ქაღალდებით ივაჭრებს.

„Gemini არის ხიდი, რომელიც ხალხს დაეხმარება ცენტრალიზებული ფინანსებისგან, თავისი ახლანდელი ბანკისგან ახალ სამყაროში მიგრაციაში – ამბობს კამერონი. – ჩვენი ბიზნესმოდელი ეფუძნება არა პირადი ინფორმაციის მონეტიზაციას, არამედ ბაზრობებსა და სავაჭრო პროცენტებს”.

ტყუპების მზარდ კრიპტოფოკუსირებულ სტარტაპების კოლექციაში არც ერთი არაა ისე გახმაურებული და პოტენციალის მაჩვენებელი, როგორც მისი NFT ბაზრობა, სააუქციონო პლატფორმა Nifty Gateway.

კომპანია 2018 წლის ნოემბერში, 26 წლის, ასევე იდენტურმა ტყუპებმა და ნიჩბოსნებმა, დანქენ და გრიფინ ფოსტერებმა დააფუძნეს, რომლებმაც სპორტის ეს სახეობა სკოლაში The Social Network-ის ნახვის შემდეგ აირჩიეს. კოლეჯი ორივეს ახალი დამთავრებული ჰქონდა 2017-ში – დანქენს სენტ-ლუისის Washington University-ს ხარისხით კომპიუტერულ მეცნიერებებში, ხოლო გრიფინს მათემატიკის განხრით Emory-ში. კოლეჯის ბოლო წელს დანქენმა მოსინჯა CryptoKitties-ი, ციფრული ობსესია, რომელიც ათწლეულის წინანდელ Beanie Babies-ის მანიას წააგავდა, იმ განსხვავებით, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან, შეაგროვონ და ივაჭრონ უნიკალური ანიმირებული კატისებრი არსებებით მას შემდეგ, რაც მათ ეთერეუმის ბლოკჩეინში NFT-ის სახით დაარეგისტრირებენ. 

ყველა ერთსა და იმავეს ჩიოდა, – ამბობს დანქენი 2019 წლის ინტერვიუში. –  NFT-ების შესყიდვა ძალიან რთული პროცესი იყო. Nifty Gateway ჩვენ წვდომის პრობლემების გადასაწყვეტად წამოვიწყეთ, და არ გავჩერდებით, სანამ NFT-ის შემგროვებელთა რაოდენობა 1 მილიარდს არ მიაღწევს”.

დასაწყისისთვის, Cock Fosters-მა შექმნა Nifty Gateway არა სააუქციონო პლატფორმის სახით, არამედ უბრალოდ როგორც ადგილი, სადაც შეიძლებოდა NFT-ების შეძენა Mastercard-ის ან Visa-ს საშუალებით, ნაცვლად Ether-ით შეძენის დამქანცველი პროცესისა. სინამდვილეში the Winklevii-მ Nifty Gateway პირველად 2019 წლის ივლისში, ნიუ-იორკის თანამედროვე ციფრული ხელოვნების ბაზრობაზე აღმოაჩინეს. ნამუშევარი, სახელად „CryptoPunk 4530”, რომელიც ასახავს სიგარეტის მწეველ ქალს mohawk ვარცხნილობით, რომელიც ძველებული ვიდეოთამაშის მსგავსი მოუხეშავი სტილითაა დარენდერებული, ტაილერმა შენიშნა. იმიჯი იყო ერთ-ერთი უნიკალური ნიმუში 10000 მსგავსი პორტრეტისა, რომლებიც Google-ის ვეტერანებს მეტ ჰოლსა და ჯონ ვატკინსონს ეკუთვნოდათ და თავდაპირველად რიგდებოდა უფასოდ. ამჯერად მისი ფასი $5000 იყო. ტაილერმა თავისი ტელეფონით Nifty Gateway-ზე ანგარიში შექმნა და თავისი საკრედიტო ბარათით გადაიხადა.

როგორც კი the Winklevii თავიანთ ოფისში დაბრუნდნენ, Gemini-ს ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ვაინერმა მათ უთხრა, რომ თვალყურს ადევნებდა Nifty Gateway-ს, რომელიც ახლახან გამოჩნდა ადამ დრეიპერის BoostVC აქსელერატორის boot camp-იდან. ერთი თვის შემდეგ Gemini-მ შვიდი თვის სტარტაპთან ხელშეკრულება გააფორმა. The Cock Fosters-ებმა ბრუკლინში Airbnb-ის ბინაში Gemini-ს ინჟინრებთან გადმოინაცვლეს იმის ასაშენებლად, რაც დღეს უკვე ყველაზე ექსკლუზიური ციფრული ხელოვნების პლატფორმაა. მაშინ როცა ბევრი ციფრული პლატფორმა ოპერირებს eBay-ს მსგავსად და ყველანი ღია არიან ყველა კრეატორისთვის, Nifty Gateway სელექციურად კურირებს თავის არტისტებს და მათ ნამუშევრებს „drops”-ების სახით ყიდის, უდგება რა თავის გვერდს ფეშენ-ბრენდების, Nike-ისა და Supreme-ის მსგავსად. 

NFT ხელოვნების ბაზარი აფეთქდა. CryptoArt.io-ს მონაცემებით, თებერვალში შვიდ უდიდეს ონლაინპლატფორმაზე გაყიდული NFT ხელოვნების $91-დან $75 მილიონი Nifty Gateway-ზე მოდიოდა. გვიანი მარტისთვის მან ასეთი ხელოვნების კოლექციონერებს მიჰყიდა სულ გაყიდული $188-იდან $132 მილიონის ნამუშევრები. ერთი წლის წინ, როდესაც Cock Fosters-ებმა Nifty Gateway წამოიწყეს, მათი თვიური გაყიდვები $100,000-ზე ნაკლები იყო. 

არც ერთი NFT ხელოვანი არ გამდიდრებულა ამ აჟიოტაჟისას ისე, როგორც მაიკ ვინკელმანი, იგივე Beeple-Crap, 39 წლის ორი შვილის მამა ჩარლსტონიდან (სამხრეთი კაროლინა), რომელმაც კომპიუტერული მეცნიერებების ხარისხი Purdue-ს უნივერსიტეტში მიიღო და სკოლის მერე ხელოვნება არ უსწავლია. ის 3D გრაფიკის პროგრამის დახმარებით აღმაშფოთებელ და ხშირად საძაგელ ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარი გვიჩვენებს გადაჩეხილ მატარებელზე მჯდომ დონალდ ტრამპს, რომელიც ჰამბურგერს ჭამს, ტრამპს კი, თავის მხრივ, უზარმაზარი კორონავირუსის ნაწილაკი მიირთმევს. სხვა ნამუშევარი გვიჩვენებს Toy Story-ს Buzz Lightyearის მსგავსად გამოწყობილ კიმ ჯონგ უნს ხელოვნური მკერდით.

თავისი ჰობის ფარგლებში Beeple ქმნიდა ციფრულ იმიჯს ყოველდღე, ათი წლის განმავლობაში, და თავის პროვოკაციულ „Everydays”-ებს, პოპკულტურისა და პოლიტიკის თავისებური დისტოპიური ხედვით პოსტავდა ისეთ სოციალურ საიტებზე, როგორიცაა Facebook-ი და Instagram-ი. მის ნამუშევრებს ინტერნეტში საკულტო მიმდევრები გაუჩნდა, თუმცა არტისტმა ვერ მოახერხა მონეტიზება თავისი ციფრული მედიუმისა, რომლის კოპირებაც მაუსის ერთი დაწკაპუნებით შეიძლებოდა. 

გასულ შემოდგომაზე, თავისი ექსკლუზიური პლატფორმის საინტერესო და ღირებული ციფრული ხელოვნების ნიმუშებით შესავსებად Nifty Gateway-მ არტისტებს მიმართა. Instagramზე Beeple-ის 1 მილიონი მიმდევრის გათვალისწინებით, ეს გასაგები არჩევანი იყო. NFT-ის შესახებ ვინკელმანის განათლების შემდეგ, Nifty Gateway-ის ინჟინრებმა მას აუხსნეს, როგორ შეეძლო თავისი ხელოვნების დინამიკურად პროგრამირება ისე, რომ ის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი ყოფილიყო, ან ყოფილიყო საბოლოო შედეგზე დამყარებული. არტისტი თავის „Everydays” ნამუშევრებში უკვე ეხებოდა პოლიტიკურ თემებს და 2020 წლის არჩევნები შთაბეჭდილების მოხდენის საშუალებად აღიქვა.

ტრამპის ხელახლა არჩევის შემთხვევაში Beeple-ის NFT სახელად „Crossroad” გარდაიქმნებოდა შიშველ, ოფლიან ათლეტად, რომელიც ცეცხლში მრისხანედ მიაბიჯებდა. მისი წაგების შემთხვევაში NFT იქცეოდა განმეორებად ვიდეოდ, რომელიც გვიჩვენებდა ცისარტყელას ქვეშ პირჩაღმა მწოლიარე ტრამპს, ზურგზე ამოტვიფრული Loser-ის მსგავსი წარწერითა და მის თავზე მოფარფატე Twitter-ის ლოგოს მიმსგავსებული ჩიტით. 31 ოქტომბერს „Crossroad”-ი იქცა ყველაზე პოპულარულ ობიექტად Nifty Gateway-ზე და ის $66,666.66-ად იყიდა 32 წლის კოლუმბიის უნივერსიტეტის MBA-ის მფლობელმა ციფრული აქტივების სპეკულანტმა. მყიდველმა ნამუშევარი თებერვალში გასაყიდად ისევ Nifty Gateway-ზე გამოიტანა და 90-მაგი მოგებით, $6.6 მილიონად გაყიდა. Beeple-მა ამ ტრანზაქციით დამატებით მიიღო $660000 პლატფორმის საგადასახადო სტრუქტურის შესაბამისად, რომელიც ხელოვანს ყოველი განმეორებითი გაყიდვისას 10% საკომისიოს მიაკუთვნებს. 

„Drops”-ი, რომელსაც Beeple $1 დოლარად აუქციონზე ყიდდა, ახლა ასიათასობით დოლარი ღირს, რაც ყოველი გაყიდვისას არტისტს $10000 დოლარს გამოუმუშავებს. მისი სხვადასხვა NFT-ი Nifty Gateway-ზე მთლიანობაში $10 მილიონად გაიყიდა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი, 11 მარტს, $69-მილიონიანი გაყიდვა შედგა. The Winklevii-ს NFT პლატფორმა, რომელიც არტისტებისგან 15% საკომისიოს იღებს, ვინკელმანისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მან ასევე შექმნა სწრაფად მზარდი ბიზნესი Nifty Gateway-სთვის. 

„ჩვენ ახლა $4 მილიონს უკვე ხუთ წუთში ვაკეთებთ“, – ამბობს კამერონი „Drops”-ის შესახებ, რომლებიც ადრე, საუკეთესო შემთხვევაში, $50000-ს თუ შემოიტანდა და დასძენს: „მოკლედ, მთელი სახელოვნებო სამყარო, გართობის სამყარო ჩვენს კარზე აკაკუნებს“.

Nifty Gateway-სა და სხვა NFT პლატფორმებზე წარმოებული ციფრული ხელოვნებისა და საკოლექციო ნივთების ოქროს ციებ-ცხელება, NBA Top Shot-ის მსგავსად, მუდმივად არ გაგრძელდება. თუმცა, ისევე როგორც ზოგიერთი dotcom ბაბლის კომპანია, მაგალითად, ისევე როგორც Amazon-ი გადარჩა და საბოლოოდ გაიფურჩქნა კიდეც, the Winklevii-ც აშენებენ Nifty Gateways და Gemini-ს ხანგრძლივი პერიოდისთვის, როგორც ვაჭრობის ადგილსა და მეურვეს ყველა სახის აქტივებისთვის, მათ შორის უძრავი ქონების, პასპორტების, ფართო მოხმარების საგნების, საკოლექციო მასალების, ვიდეოთამაშების პერსონაჟების, ფილმების, მუსიკისა და ბილეთებისთვისაც კი.

„საჭიროა, აირჩიო ისეთი ნიში, სადაც საბაზრო დაფარვა დიდია, – ამბობს კამერონი. – არაა საჭირო ოკეანის ადუღება”. 

საბოლოოდ, ტყუპები თავიანთ ორ სავაჭრო სივრცეს Geminiსა და Nifty Gateway-ს ერთ პლატფორმაზე ინტეგრირებულს ხედავენ, სადაც NFT-ების გამოყენება სესხის უზრუნველყოფისთვისაც იქნება შესაძლებელი, რაც მფლობელებს საშუალებას მისცემს, ციფრული აქტივები სახსრების მოსაზიდად გამოიყე­ნონ მათი გაყიდვის გარეშეც. 

ტაილერი და კამერონი ასევე ხედავენ მომავალში მომხმარებლების პირადობის დასადასტურებლად წინასწარ შესწავლის აუცილებლობას, რის შედეგადაც შეძლებენ ისეთი NFT-ის შექმნას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, უტყუარად დაადასტუროს თავისი ვინაობა. მას მკაცრი შემოწმება ექნება გავლილი – დაახლოებით Facebook-ის მსგავსად, ოღონდ პირადობის დადასტურების უდავო მტკიცებულებით.

„ეს, დაახლოებით, არის დაცვის სახეობა, რომელიც Gemini-ს გამოშვებული NFT-თი იქნება გამყარებული”, – ამბობს ტაილერი.

ინვესტირების სხვა მნიშვნელოვანი სფერო the Winkleviiსთვის დეცენტრალიზაციის მხარდამჭერი ბლოკჩეინ-აპლიკაციებია – იდეა, რომ აღარ იქნება საჭირო Google-ის, Facebookისა და Microsoft-ის მსგავსი კომპანიები, რადგან ვებსერვისები და აპლიკაციები შეიქმნება, იმუშავებს და იმართება მომხმარებლების მიერ.

2014 წელს Winklevoss Capital-ი სან-ფრანცისკოს ღია წყაროზე დაფუძნებულ დეველოპერ Protocol Labs-თან გაერთიანდა, და საწყისი ფული ჩადო სხვადასხვა პროექტში, რომლებსაც უნდა შეექმნათ ისეთი ახალი ინტერნეტინფრასტრუქტურა, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ცენტრალიზებულ სერვერებზე. კომპანიის ერთ-ერთი ასეთი მცდელობა, Filecoin-ი, გულისხმობს მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მომხმარებლის გამოუყენებელი მყარი დისკის სივრცეების გაქირავებას, რისთვისაც ისინი ანაზღაურების სახით ეთერეუმის ბლოკჩეინის ჟეტონ Filecoin-ს მიიღებენ. ასეთ ქსელში „კვანძების” სახით უკვე ჩართულია 250000 კომპიუტერი, რომლებიც დეცენტრალიზებულ ქლაუდ-კომპიუტერს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ Filecoin-ს გარღვევა ჰქონდა: მისი ჟეტონები წელს 350%-ით გაძვირდა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $6 მილიარდს შეადგენს.

ივნისში Protocol Labs-ი მასპინძლობს ვორკშოპს დეცენტრალიზებული Amazon-ის, Google-ისა და Facebook-ის ასაშენებლად, რომლებიც მომხმარებლების პირად ინფორმაციასა და რეკლამაზე დამოკიდებულების ნაცვლად მათ Filecoin-ების ჟეტონებით გადაუხდის. დადგება დრო, როცა Filecoin-ებით დაკავშირებული კომპიუტერები კონკურენციას გაუწევს ამ ტექნოლოგიური გიგანტების ქლაუდ-სერვერებს. 

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Oasis Labs-ი კიდევ ერთი იმედის მომცემი Winklevii-ს მფლობელობაში არსებული სტარტაპია. ბერკლიში University of California-ს უსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის პროფესორის მართული კომპანიის სპეციალიზაცია ულტრამგრძნობიარე მონაცემებია – მაგალითად, ადამიანის გენომი. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს ექნებათ კონტროლი თავიანთ პირად მონაცემებზე და მათი გამოყენებისთვის კორპორაციებისგან კომპენსაციას მიიღებენ. Winklevoss Capital-ის პორტფოლიოს წევრი Stacks-ი მხარს უჭერს რამდენიმე პროექტს, რომლებიც პირდაპირ Big Tech-ის ცენტრალიზებული კონტროლის საპირისპიროდაა შექმნილი. Boom-ი დეცენტრალიზებული საფულეა NFT-ების შესაქმნელად და გასაგზავნად; Pravica დეცენტრალიზებული საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც იმეილს, ჩატსა და ვიდეოს ერთ სივრცეში კრებს. Sigle-ი ვორდპრესის დეცენტრალიზებული ვერსიაა ვებსაიტების შესაქმნელად.

„ჩვენ ახლა $4 მილიონს უკვე ხუთ წუთში ვაკეთებთ, – ამბობს კამერონი „Drops”-ის შესახებ, რომლებიც ადრე საუკეთესო შემთხვევაში $50000-ს თუ შემოიტანდა. – მოკლედ, მთელი სახელოვნებო სამყარო, გართობის სამყარო ჩვენს კარზე აკაკუნებს“, – დასძენს ის.

„შემდეგი ათწლეულის განმავლობაში თქვენ გახდებით სოციალური პროტოკოლების განვითარებისა და ადამიანების მიერ სერვისების დეცენტრალიზებული ფორმების შექმნის მოწმე”, – ამბობს ტაილერი. 

ტყუპების ბოლოდროინდელი ინვესტიცია Artie, ქმნის ვიდეოთამაშებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ჩამოტვირთვა და ასევე თამაშების შიდა აქტივებს. შესაძლებელია მათი ექსპორტიც ან გაყიდვა არა მხოლოდ ღია ბაზრებზე, არამედ იმპორტიც კონკურენტ თამაშებში. Artie-ს „უაპლიკაციო” თამაშები ეთერეუმის ბლოკჩეინში შექმნილ აქტივებს იყენებენ და მათი გასტრიმვა ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი, დაახლოებით ისევე, როგორც Youtube-ის ნებისმიერი ვიდეოს ჩასმა შეგიძლიათ ნებისმიერ ვებსაიტზე.

მილიარდერი, Zynga-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ პინკუსი Artie-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია, ისევე როგორც YouTube-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ჩედ ჰარლი. „ჩვენ ვხედავთ, რომ მომხმარებლებს ამ კედლით შემორტყმული ბაღების მოსპობა სურთ, – ამბობს Artie-ის თანადამფუძნებელი არმანდო კირვინი. – მათ სურთ მეტი არჩევანი, არ სურთ მონოპოლიები, უნდათ, დაუბრუნდნენ თავისუფალ და ღია ვებს. და ესაა ჩვენი საბოლოო თავშესაფარი”.

რა თქმა უნდა, დეცენტრალიზებული მეტავერსიის შექმნის ყველა სერიოზული მცდელობის ირონიაა, რომ საბოლოოდ უნდა გაქრეს მისი მთავარი არქიტექტორების საჭიროება. ტაილერ და კამერონ ვინკლევოსებს ეს არ აღელვებთ. Goldman Sachs-მა ახლახან იწინასწარმეტყველა, რომ Bitcoin-ის ფასი უახლოეს ხუთ წელიწადში თავისუფლად შეიძლება ავიდეს $300000-ზე. 

„დეცენტრალიზაცია სპექტრივითაა, – ამბობს კამერონი და ფანჯრიდან ნიუ-იორკის კრაისლერის შენობისკენ იყურება. –  ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ მისი დარაჯები”.

ეს ბლოკჩეინ-რევოლუციის ჯერ კიდევ დასაწყისია. მარკ ცუკერბერგ, ჩაინიშნე.

 

ფოტო: მაიკლ პრინსი;

ილუსტრაცია: იოში სოდეოკა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *