საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ამავე თვესთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 56%-ით გაიზარდა და 118,507 შეადგინა.
გარდა ამისა, 37%-ით გაიზარდა ქუთაისის აეროპორტში შესრულებული რეისების რაოდენობა და 350-ს გაუტოლდა.
ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1,671,016 მგზავრს მოემსახურა. ეს 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით გაზრდილი მონაცემია.
ამასთანავე, გასული წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მთლიანობაში 5,040 რეისი შესრულდა. ამ შემთხვევაში კი 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 57%-ით არის გაზრდილი.