კომპანია თელასის 24.5%-იანი წილი დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანია “ბესტ ენერჯი გრუპმა” 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2018 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა, რომელიც “კავკასუს ონალინის” მეწილეა, ამასთანავე, მას ეკუთვნის კომპანია “თბილისი ენერჯის” საკონტროლო პაკეტიც.
აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ “ბესტ ენერჯი გრუპმა” მიიღო. საჯარო აუქციონში კომპანიის მინორიტარული წილის საწყისი ფასი $10.5 მილიონი აშშ დოლარი იყო.
სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველო კომპანიის აქციების მინორიტარულ პაკეტს ფლობდა.
რამდენიმე დღის წინ “თელასმა” 2019 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 453 მილიონი ლარი შეადგინა, მისი წმინდა მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიას დედაქალაქში 600,000 აბონენტი ჰყავს.
დატოვე კომენტარი