როგორც სალვადორ დალიმ ითამაშა შორსმჭვრეტელის როლი სიურრეალიზმის განვითარებაში, ისე კატალონიელმა შეფ-მზარეულმა ფერან ადრიამ კულინარული ხელოვნება ახალ სიმაღლეებზე აიყვანა თავისი ავანგარდული “მოლეკულური” სამზარეულოთი. ამა წლის სექტემბერში, ფლორიდის შტატის ქალაქ პეტერბურგში მდებარე დალის მუზეუმში ორი ესპანელი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინება. ექსპოზიცია ძირითადად ფერან ადრიას კულინარული შემოქმედებას, ასევე დალის საკვები პროდუქტებით შთაგონებულ ნახატებს გაგვაცნობს.
უილიამ ჯეფეტის კურატორობით ორგანიზებულ გამოფენაზე “ფერან ადრია: საკვების გამოგონება” წარმოდგენილი იქნება ცნობილი მზარეულის მიერ შექმნილი გასაოცარი კულინარიული შედევრები, რომელთა გვერდით ვიხილავთ მათი შთაგონების წყაროს რეალური სამყაროდან. “ისევე როგორც ამას სალვადორ დალი ახერხებდა თავის დროზე, ფერან ადრიაც ყოველთვის აჭარბებს ჩვენს მოლოდინს. საკვების მეშვეობით იგი სვამს კითხვებს, რომლებიც ჩვენი თვალით დანახულ და აღქმულ მსოფლიოს ეხება”, – ამბობს დალის მუზეუმის დირექტორი ჰენკ ჰაინე და დასძენს: “ადრია იმდენად ღრმად იყო ჩაფლული საკვების შექმნასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებში, რომ, შეიძლება ითქვას, მან გარკვეულწილად ხელახლა აღმოაჩინა ეს სფერო”. ფერან ადრიამ კულინარულ სამყაროში ექსპერიმენტული მოგზაურობა დაიწყო თავის სახელგანთქმულ რესტორან El Bulli-ში, რომელიც დალის სახლისგან სულ რამდენიმე მილის მოშორებით, ესპანურ კოსტა-ბრავაში მდებარეობდა. რესტორანი, რომელიც 2011 წელს დაიხურა, თავისი არსებობის განმავლობაში ხუთჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად. გავრცელებული ინფორმაციით, ყოველწლიურად რესტორანი 2 მილიონი მაგიდის დაჯავშნის მოთხოვნას იღებდა.
სტუმრებს საშუალება ექნებათ, გასინჯონ ადრიას კერძები, რომელთაგან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სპეციალურად დალის კაფეს გახსნის პატივსაცემად ლობსტერებისაგან დამზადებული გასპაჩო.
დატოვე კომენტარი