თეთრი სახლის ოფიციალური პირის ინფორმაციით, აშშ-სა და ინდოეთს შორის პროდუქტიული მოლაპარაკებების შემდეგ, ინდურმა ნავთობგადამმუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება უკვე დაიწყეს. თეთრი სახლის განმარტებით, ინდოეთმა იმპორტი 50%-ით შეამცირა.
თეთრი სახლის განცხადების მიუხედავად, ინდური წყაროები იმავეს არ ადასტურებენ. მათი განმარტებით, კლება ჯერჯერობით თვალსაჩინო არაა, თუმცა შესაძლოა, ის დეკემბერ-იანვრის საიმპორტო რიცხვებში გამოიხატოს. Reuters-ის წყაროს თანახმად, ნავთობგადამმუშავებლმა კომპანიებმა ნოემბრის წინასწარი შეკვეთები უკვე განახორციელეს, რაც დეკემბრის ნაწილობრივ შეკვეთებსაც ითვალისწინებს.
გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, ინდოეთის მთავრობას ადგილობრივი კომპანიები რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუფრთხილებია.
ზემოხსენებულ ინფორმაციაზე განცხადება ინდოეთის ნავთობის სამინისტროსა და ინდურ ნავთობგადამმუშავებელ კომპანიებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.
რუსეთი ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია. სექტემბერში რუსეთიდან ინდოეთში დღიურად 1.62 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც ქვეყნის ნავთობიმპორტის მესამედს შეადგენს. თვეების განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკურ წნეხს ინდოეთი წარმატებით უძლებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტარიფების დაწესებამ შედეგი მაინც გამოიღო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფი დაუწესა. რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებაზე შეუთანხმებლობის გამო კი მალევე ინდოეთს დამატებით 25%-იანი ტარიფი დაუწესდა.