425 მილიონი დოლარი ბოლო ორი კვირის განმავლობაში – სწორედ ამ მოცულობის თანხის მოზიდვა შეძლო თიბისი ბანკმა ობლიგაციების გამოშვებით.
19 ივნისს, თიბისი ბანკის მიერ 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები როგორც ირლანდიის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟებზე განთავსდა. ამჯერად კი თიბისი ბანკი 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს. ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში. ამ ნაბიჯით თიბისი ბანკი საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარებას ელოდება.
“უპრეცედენტო შემთხვეაა, როდესაც ევროობლიგაციები განთავსდება, როგორც ევროპის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟაზე. შედეგად, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ტრანზაქციები განახორციელოს როგორც ევროპაში, ამავე დროს საქართველოში. საკმაოდ რთული მექანიზმი გავიარეთ სამართლებრივი და იურიდიული კუთხით, თუმცა ამ ნაბიჯით გვსურდა კიდევ ერთი ინიციატივა გამოგვეჩინა: განვავითროთ თბილისის საფონდო ბირჟა.”, – ამბობს ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, პირველადი კაპიტალის ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75 %-ით განისაზღვრა. ეს კი იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით.
“მსგავსი მოთხოვნა მიანიშნებს იმაზე, რომ ინვესტორების სურვილი ძალიან დიდია. ძირითადი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აღნიშნული ტრანზაქცია დაგვეხმარება კაპიტალის გაზრდაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საქმიანობის გააქტიურებას”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე და დასძენს, რომ დამატებითი კაპიტალი და ევროობლიგაციები მათ საშუალებას მისცემს ერთი მხრივ, გააგრძელონ ბანკის სწრაფი და დინამიური ზრდა და ამავე დროს, ხელი შეუწყონ ეკონომიკის და ქართული ბიზნესების განვითარებას.
რაც შეეხება 300 მლნ დოლარის ევროოობლიგაციებს, ამ შემთხვევაშიც მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალი იყო და მან 700 მლნ დოლარი შეადგინა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოზიდული სახსრები კი კორპორატიული ბიზნესის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ინფრასტრუქტურის გადაიარაღების პარალელურად ბანკში ელოდებიან, რომ მომდევნო წლებში ტრანზაქციების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რისი მომსახურებისთვისაც ბირჟა მზად იქნება.
“გვაქვს არა ძვრები, არამედ ძალიან დიდი ნაბიჯები, თუკი გავითვალისწინებთ, იმას თუ რა ზომის ეკონომიკაა საქართველო. საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარეობს პლატფორმის და ანგარიშწორების სისტემის დახვეწა. მხოლოდ შარშან ლოკალურ ბაზარზე 10 ობლიგაცია განვათავსეთ. რაც შეეხება 300 და 125 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციებს, ევროპის ბირჟების პარალელურად, მას შეგნებულად ვათავსებთ საქართველოშიც, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარებას”, – ამბობს გიორგი შაგიძე, თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი. მისივე თქმით, თიბისი ბანკი საფონდო ბირჟის ერთ–ერთი აქციონერია და ამ შემთხვევაში მათ მთავარ მიზანს არა მოგების მიღება, არამედ ადგილობრივი ბირჟის განვითარება წარმოადგენს.
“ბაზრის განვითარებასთან ერთად, სარგებელს მივიღებთ როგორც ჩვენ, ასევე საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც”, – ამბობს გიორგი შაგიძე და დასძენს, რომ ბოლო პერიოდში ბაზარი კორპორაციული ბონდების გამოშვების კუთხითაც გააქტიურებულია.
“ვხედავთ, რომ კომპანიების მხრიდან ბონდების გამოშვების ტრენდი მზარდია. თუკი კომპანიების რესურსი დივერსიფიცირებული იქნება, დივერსიფიცირებული იქნება ჩვენი რისკებიც, ასე რომ ამ პროცესს მივესალმებით და ხელს ვუწყობთ”.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის საჭირო რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ საფონდო ბირჟის პლატფორმის განვითარების პარალელურად, პროცესს ხელს შეუწყობს საპენსიო ფონდის არსებობა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.
“2020 წლიდან კიდევ მეტ ტრანზაქციას ველოდებით. მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური გვაქვს რამდენიმე მიზეზის გამო. ბაზარზე სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება, რომლებიც ლარის ბონდების გამოშვების გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენ, როგორც თიბისი ბანკი, ასევე თიბისი კაპიტალი, ხელს ვუწყობთ ამ პროცესს. თიბისი კაპიტალი ამ ბაზარზე ერთ–ერთი აქტიური მოთამაშეა და შედეგად ბაზრის განვითარებასაც უწყობს ხელს.
კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი კომპანიებს აძლევს საშუალებას ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდების დაგირავება მოახდინონ ეროვნულ ბანკში”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე. მისივე თქმით, მსგავს კრიტერიუმებს დღეს საქართველოში რამდენიმე ათეული კომპანია აკმაყოფილებს.
თიბისი ბანკის ტრანსაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია – თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიული მრჩევლები, ხოლო, LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ. მსგავსი ორგანიზაციების მონაწილეობა კი კიდევ ერთი დასტურია საფინანსო ინსტიტუტის მიმართ ნდობის.
დატოვე კომენტარი