თიბისიმ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც კომპანიებს შორის 3 წლიან თანამშრომლობასა და მთის კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს. კომპანია თიბისისთან უკვე მეხუთე წელია თანამშრომლობს, ახალი შეთანხმების ფარგლებში კი პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და ისეთი მიმართულებები მოიცვა, როგორიც არის მთის კურორტების ციფრული პლატფორმების გაძლიერება, საერთო მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის გაზრდა და ონლაინ გაყიდვების გაზრდა ისევე, როგორც ფინანსური ოპერაციების გამარტივება.
“ჩვენ ამ თანამშრომლობას მეგობრობას ვეძახით. ეს მეგობრობა ძალიან ბევრს რამეს გულისხმობს, თუმცა მე ორ კონკრეტულ ასპექტს გამოვყოფ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და რაშიც თიბისი ძალიან დიდ წვლილს შეიტანს. პირველი ეს არის თვითონ მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიზნის პოპულარიზაცია, იმიტომ რომ მიზანი ძალიან საამაყოა. ეს არის მთის კურორტების კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა. ჩვენ სწორედ ამაში დავუდგებით გვერდში და ვეცდებით გავზარდოთ აღნიშნული კურორტების საიმიჯო ფონი. მეორე – ეს გახლავთ გაციფრულება, კერძოდ მოვიფიქრებთ ინოვაციურ მეთოდებს იმისთვის, რომ ხალხმა უფრო მარტივად გადაიხადოს ან მიიღოს სხვადასხვა ტიპის მომსახურება. ასევე შევქმნით მთის კურორტების ბრენდ მაღაზიას”, – განმარტავს TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი.
სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისა და პოზიციონირების კუთხით კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აპელირებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი და დარწმუნებულია, რომ თიბისისთან გრძელვადიანი თანამშრომლობით არსებული სერვისები გაუმჯობესდება და ახალი ტექნოლოგიები დაინერგება, ინოვაციების დანერგვა კი მთის კურორტებზე ვიზიტორებს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის და რაც ასევე მნიშნელოვანია, საინტერესო ნიადაგს შექმნის 2023 წლის ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს.
“სამწლიანი კონტრაქტი საშუალებას იძლევა, უფრო მეტი ვადა ავიღოთ დიდი პროექტების შესასრულებლად . გეგმები ცალსახად ძალიან ამბიციური გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ თიბისისთან ერთად უფრო სწრაფად და ეფექტიანად შევძლებთ მათ განხორციელებას. ამ თანამშრომლობით მარკეტინგული კუთხითაც უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდება ორივე მხარისთვის. რა თქმა უნდა საბოლოო საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის დიდი კოზირის ანუ სამთო კურორტების უკეთ წარმოჩენაა. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, რომელზე მუშაობაც ნაწილობრივ უკვე დაწყებულია და როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოება აუცილებლად იხილავს ამ პროექტებს”, – აცხადებს თეიმურაზ გამცემლიძე.
ზემოაღნიშნული თანამშრომლობისთვის თიბისი ბანკი ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე შეირჩა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ალავიძის თქმით შერჩევის პროცესი ძალიან კონკურენტული და მკაცრი იყო, თუმცა თიბისიმ ღირსეულად გაიმარჯვა ძლიერი ციფრული შიდა გუნდისა და უკვე მსოფლიო დონეზე აღიარებული ციფრული პლატფორმის დამსახურებით.
“ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ გავიუმჯობესოთ ცხოვრება და გავიმარტივოთ ის, გვაქვს პატარ-პატარა გარღვევები. აქამდე ის ციფრული პარამეტრები, რაც მუშაობდა მთის კურორტებზე, პასუხობდა გამოწვევებს, რომელიც მანამდე არსებობდა და იმ ტრაფიკს რომელიც იყო. ახლა მთის კურორტებზე გამტარობა ძალიან არის გაზრდილი, განვითარებაც რელევანტურია, თუმცა ამავდროულად ეს განვითარება დამატებით ახალ პლატფორმას საჭიროებს. ვფიქრობთ მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და თიბისის კოლაბორაცია როგორც კომფორტის კუთხით შემქნის უკეთეს გარემოს, ისე დახვეწს სერვისს მთის კურორტებზე”, – განმარტავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
მთის კურორტების განვითარების კომპანია 2013 წელს დაარსდა. 2014 წლამდე კომპანია მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს მართავდა, 2014 წლიდან კი ეტაპობრივად კომპანიას მმართველობაში ბაკურიანის (დიდველი, კოხტა, მიტარბი), გოდერძისა და სვანეთის (თეთნულდი, ჰაწვალი) სამთო-სათხილამურო კურორტებიც გადაეცა.
დაარსებიდან მთის კურორტების განვითარების კომპანიას ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს განხორციელებული, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ კი ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. 2019 წლის ჩათვლით ზამთრის სეზონზე ოთხივე სამთხო სათხილამურ კურორტზე 578 %-ით გაზარდა ვიზიტორების ოდენობა, ხოლო ზაფხულში – 654 %-ით. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან ერთად 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ბაკურიანში, ახალი დიდველის ტერიტორიაზე შენდება სამი ახალი საბაგირო. ეს და სხვა ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტს ახალ სიცოცხლეს შემატებს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულებისთვის.
დატოვე კომენტარი