“თიბისი ბანკის” კორპორაციული სესხების პორტფელში უმოქმედო სესხების (NPL) წილი პანდემიური კრიზისის შედეგად 2.7%-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ გადაცემა “Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.
თხელიძე აღნიშნავს, რომ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად, მრავალი კორპორაციული სესხის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მათ ბიზნესების მხარდაჭერისთვის სარეაბილიტაციო დეპარტამენტიც შექმნეს.
“ჩვენი კორპორაციული კლიენტების სესხების პორტფელი არის 5.5 მილიარდი ლარი, მათ შორის კლიენტები, რომელთაც გაუჭირდათ სესხის მომსახურება და დაკვალიფიცირებული არიან NPL-ებად, ანუ “Non performing” სესხებად, არის 2.7%. ზრდა იყო როგორც კორპორაციულ NPL-ში, ასევე ჯამურ NPL-ში და ეს მატება იყო დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი.
ბანკში 2019 წელს არსებული 2.5%-დან NPL-ი გაიზარდა 4.7%-მდე – ეს არის ციფრები. მაგრამ ციფრების უკან არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორები. ის ბიზნესები, რომლებიც არ მოხვდნენ ამ კატეგორიაში, მათ ნაწილს დასჭირდა რესტრუქტურიზაცია და სწორად მორგება რეალობაზე, რაც მოხდა პირველ რიგში მათი მონდომებით და ბანკის მხარდაჭერით. მაგრამ არის სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდა და დღეს ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ არის. ამასთან, თუკი კრიზისამდე არ ჰქონდათ სახარბიელო ფინანსური შედეგები, კრიზისმა კიდევ გააღრმავა. ვიცით, რომ ეს სეგმენტი 70%-ით დოლარსა და ევროში არის ნომინირებული და დევალვაციაც ერთ-ერთი მძიმე ფაქტორია“, – განაცხადა გიორგი თხელიძემ.
მისივე თქმით, ბანკმა შექმნა სარეაბილიტაციო მიმართულება, რომელიც ფოკუსირებულია იმ მომხმარებლებზე, რომელთაც დღეს სახარბიელო მდგომარეობა არ აქვთ.
„როდესაც გაივლის გარკვეული პერიოდი და ეს კლიენტები ჩადგებიან მწყობრში, ჩვენ მაშინ გამოვდგებით კარგი პარტნიორები”, – დასძინა გიორგი თხელიძემ.
ცნობისთვის, „თიბისის“ მთლიანი სასესხო პორტფელი 2020 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით 14.9 მილიარდ ლარს შეადგენს.
დატოვე კომენტარი