თვითმფრინავების ელექტროგადამცემი სისტემების გერმანულმა დეველოპერმა, თხევად წყალბადზე მომუშავე ელექტროთვითმფრინავით, მსოფლიოში პირველი პილოტირებული ფრენა განახორციელა. HY4-ის სადემონსტრაციო თვითმფრინავები შტუტგარტში დაფუძნებულ ფირმა H2FLY-ს ეკუთვნის, რომელიც 2021 წელს Joby Aviation-მა შეიძინა.
HY4-ის სადემონსტრაციო თვითმფრინავმა ჯამში ოთხი პილოტირებული ფრენა შეასრულა, მათ შორის ერთი – სამ საათზე მეტის ხანგრძლივობის. თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ჰიდროელექტროსაწვავის უახლესი სისტემითა და კრიოგენურად შენახული თხევადი წყალბადით. აირისებრი წყალბადის თხევადი წყალბადით ჩანაცვლებამ ეფექტიანად გააორმაგა HY4-ის მაქსიმალური დიაპაზონი – 750 კილომეტრიდან თითქმის 1,500 კილომეტრამდე.
H2FLY-ის სადემონსტრაციო ფრენები კომპანიის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონსორციუმის, Project HEAVEN-ის (წყალბადის ენერგიისა და ვერტიკალური ელექტროთვითმფრინავების ქსელი) კულმინაციაა. კონსორციუმი თვითმფრინავებში თხევადი, კრიოგენური წყალბადის გამოყენებას სწავლობს და ისეთ პარტნიორებს აერთიანებს, როგორიცაა: Air Liquide-ი, Pipistrel Vertical Solutions-ი, German Aerospace Center-ი (DLR) და EKPO Fuel Cell Technologies-ი.
ცნობისთვის, თხევადი, კრიოგენური წყალბადით (LH2) დატვირთულ ცისტერნებს, აირისებრ წყალბადთან (GH2) შედარებით, საგრძნობლად მსუბუქი წონა აქვთ, რაც მათ მთლიანი დატვირთვით, ხანგრძლივი ფრენის საშუალებას აძლევს. H2FLY ამჟამად ფრენების კომერციალიზაციაზე მუშაობს.