თქვენ რომ უცხოელი ინვესტორი იყოთ, გარისკავდით საქართველოში ფულის ჩადებას? ამ შეკითხვას ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „რედაქტ2“-ში უპასუხა.
მისი თქმით, ეს რთული კითხვაა, მაგრამ მარტო სახელმწიფოს გარანტიები, შეიძლება, საკმარისი არ ყოფილიყო, რადგან შესაძლოა, მთავრობამ პოზიცია შეიცვალოს. ბიზნესმენმა ENKA-ს შემთხვევა გაიხსენა, სადაც სახელმწიფო იყო მხარე და ვნახეთ, სადამდეც მივიდა საბოლოოდ ეს საქმე.
„ვიღაცამ ხომ მოაწერა ხელი ENKA-თან კონტრაქტს და ეს ვიღაცა არის სახელმწიფო; მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ახლა ამბობენ, რომ თურმე კონტრაქტის პირობები კაბალურია, არასწორია და არ მოსწონთ… წარმოგიდგენიათ?! კი მაგრამ, 800 მლნ დოლარის დახარჯვას აპირებს ინვესტორი, გამოისყიდა მიწები, დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, იქამდე კი ჩატარდა საჭირო კვლევები, დაიდო დასკვნები… და დღეს საუბრები მიდის იმაზე, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი ახალ ინვესტორს მივყიდოთო – როგორ უნდა გამოისყიდო?“ – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
როგორც ბიზნესმენი ამბობს, ასეთი მაგალითების გამო, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა ძალიან რთულია.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზებად სააქციო კაპიტალის კლება, რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა და სასესხო ვალდებულების დაფარვა სახელდება. აღნიშნული მიზეზები კონკრეტულ პერიოდს – 2021 წლის პირველ ნახევარს ეხება, მაგრამ მთავარია ტენდენცია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ვხედავთ.