მარან ნელსონის Clara Labs-ი გრძნობისა და აღქმის უნარის მქონე ავტომატურ თანაშემწეებს ქმნის, რათა სილიკონის ხეობა, და სამყარო, ი-მეილის ტირანიისგან იხსნას.
ბოლო ორ წელიწადში, ერთი ათჯერ მაინც, მარან ნელსონის მადლიერმა ბიზნეს კოლეგებმა მის აღმასრულებელ თანაშემწეს, კლარას, ყვავილები და შოკოლადები გაუგზავნეს. მადლიერების გრძნობა კლარას მიერ ბრწყინვალედ შესრულებულმა სამუშაომ აღძრა. კლარა ი-მეილებს 15 წუთის განმავლობაში პასუხობს, შუაღამე რომ იყოს, მაინც. იცის, პალო-ალტოში სუშის რომელ რესტორანს გაუწიოს რეკომენდაცია ლანჩზე შეხვედრისათვის და მგზავრობის დრომითითებულ განრიგსაც გზავნის ელექტრონულად. მართლწერის შეცდომებს არ უშვებს. არც საქმეების გადამოწმება და მონიტორინგი ავიწყდება.
მაგრამ კლარა ვერ იღებს სიამოვნებას დაუღალავი ადმინისტრაციული შრომის შედეგად მიღებული ყვავილებისგან: ის კიბორგია – ნახევრად ალგორითმი, ნახევრად ადამიანი. ის არის შედეგი ორწლიანი გამალებული სინჯებისა და $5-მილიონიანი დაფინანსებისა სან-ფრანცისკოს სტარტაპ Clara Labs-ში. აღმასრულებელი დირექტორი ნელსონი, თანადამფუძნებელი ტექნოლოგიური დირექტორი მაიკლ აკილიანი (ორივენი 25 წლისანი არიან, ნელსონი კი 2016 წლის Forbes-ის 30 30-წლამდელის ლაურეატი გახლავთ) და რამდენიმე დიდი სახელის მქონე ინვესტორი, როგორიცაა, მაგალითად, Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ბენიოფი, დარწმუნებულნი არიან, რომ კლარა ჩვენი მუშაობის მანერას შეცვლის და პირველს, რასაც გააკეთებს, ინბოქსების კოშმარებთან გამკლავებაში დახარჯულ გულისგამაწვრილებელ დროს დაგვიზოგავს.
მთელი იმ მანქანური სწავლების ტექნოლოგიის მიუხედავად, კულისებში რომ მიმდინარეობდა, Clara Labs-ის რობოტ-ასისტენტებთან მუშაობა მარტივია. თვეში $99-დან $399-მდე (იმის მიხედვით, რამდენია დატვირთვა და როგორია მოთხოვნები), აღმასრულებელს ენიჭება „კლარა“, ი-მეილის ექსკლუზიური მისამართით. სახელის შეცვლა შეგიძლიათ: ნელსონის სულ პირველმა კლიენტმა, მონაცემთა ანალიზის სტარტაპ Mattermark-ის დენიელ მორილმა სახელი „კლაუდია რობერტსონი“ არჩია; Reddit-ის თანადამფუძნებელმა და Clara Labs-ის ინვესტორმა ალექსის ოჰანიანმა კი მაქს პაუერზე შეაჩერა არჩევანი – „სიმპსონების“ საყვარელ ეპიზოდში ჰომერ სიმპსონის ალტერ-ეგოს პატივსაცემად.
კლარა ექსკლუზიურად ი-მეილით ახდენს კომუნიკაციას და სრულიად ბუნებრივ ენაზე. შეგიძლიათ, ის ნებისმიერ მიმოწერაში დაამატოთ, რომელიც დაგეგმვას ეხება, ხოლო თქვენს cc ხაზზე შეუმჩნევლად მოთავსებული, თქვენს საძაგელ, გუნებისა და სამუშაო დღის წამხდენ ინტერაქციებს თავის თავზე აიღებს. თქვენს ონლაინკალენდრებზე თუ მისცემთ წვდომას, შეხვედრებს, სატელეფონო ზარებს, ლანჩებსა და ყავას გაუკეთებს ორგანიზებას. ყველაფერს მოაგვარებს თქვენს კონტაქტებთან: თქვენს პრიორიტეტებზე დაყრდნობით, მათ შეხვედრის დროებსა და ადგილებს შესთავაზებს. თქვენ კი მასთან ზუსტად ისეთ კომუნიკაციაში ხართ, როგორშიც ადამიანთან იქნებოდით. „გთხოვ, შემახსენე, რომ ერთ კვირაში სტომატოლოგთან დავნიშნო შეხვედრა“ – ამ ფრაზის წყალობით, მაგალითად, ზუსტად შვიდ დღეში, წამის დაყოვნების გარეშე, მეგობრული ი-მეილი მოგივათ.
როცა რომელიმე ი-მეილი კლარას ალგორითმებისთვის ზედმეტად რთულია, სცენაზე Clara Labs-ის დამხმარე ადამიანი გამოდის: ის სახლიდან მუშაობს მთელ მსოფლიოში, დროის სხავადასხვა სარტყელისთვის.
„თანამედროვე მანქანური სწავლებით ვერ აღწევ ბუნებრივი ენის კომპლექსურ გაგებას… უბრალოდ არ გამოდის“, – ამბობს ნელსონი. მისი თქმით, მაშინ, როცა ბოტისგან, შესაძლოა, ბოდვა მიიღო პასუხად, კლარა გაგზავნის მესიჯს რომელიმე იმ ადამიანთან, რომელიც კომპანიაში მუშაობს; მსგავსი ადეკვატური ქცევის პროგნოზირების საშუალებას მისი ალგორითმი იძლევა.
ეს ჰიბრიდული მიდგომა კლარას იმ ჩატ-ბოტებისა და ვირტუალური ასისტენტებისგან განასხვავებს, რომელთაც, მაგალითად, Amazon-ი, Google-ი და კლარას ყველაზე დიდი მეტოქე X.AI გვთავაზობენ. ადამიანი-ასისტენტების მიერ გაგზავნილ ყოველ ი-მეილთან ერთად, კლარა სულ უფრო ჭკვიანი ხდება. „გვაქვს მუდმივი უკუკავშირის სისტემა, რითაც ვიგებთ, რა შეგვეშალა, რა გავაკეთეთ არასწორად და რეალურად რა უნდა ყოფილიყო სწორი რეაქცია“, – ამბობს ნელსონი (მსგავსი, ავტომატი-პლუს-ადამიანი სტრატეგია Facebook-მაც შეიმუშავა თავისი „M“-ისთვის – Messenger-ში ჩაშენებული ასისტენტისთვის, რომელიც შეზღუდული ტესტირების რეჟიმშია; კომპანია ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს).
კლარას დაბადების მიზეზი ინბოქსების ტირანიასთან გამკლავებას უკავშირდება და ის ყოველთვის ავტომატიზებული არ ყოფილა. 2013-ში ნელსონმა ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტი მიატოვა, სადაც ნეირომეცნიერებასა და ფსიქოლოგიას სწავლობდა, და აღმოაჩინა, რომ უჭირდა თავისი პირველი ინიციატივისთვის თავის გართმევა; ის Y Combinator-ის მიერ დაფინანსებულ A/B ტესტირების სტარტაპ Crowdery-ის თანადამფუძნებელი გახლდათ, თუმცა მას არა იმდენად ეს როლი აწვებოდა ხარკად, რამდენადაც განრიგების შედგენასთან დაკავშირებული უსასრულო მიმოწერის კულტურა. ხანდახან საქმეს იმიტომ აფუჭებდა მნიშვნელოვან კონტაქტებთან, რომ ავიწყდებოდა შეხვედრის დაგეგმვა ან საპასუხო მიპატიჟებაზე რეაგირება. „მართლა ძალიან არ მომწონდა და უვარგისი ვიყავი ამ მხრივ“, – ამბობს ის.
Crowdery რომ დაიხურა, ნელსონი კომპიუტერულ მეცნიერთან, აკილიანთან გაერთიანდა, რომელიც მეათე კლასიდან, პლანოში (ტეხასი), მისი საუკეთესო მეგობარიც იყო. დუეტმა ბეტა-მტესტავები, მათ რიცხვში, მორილი, დაიქირავა, აკილიანმა კი პროტოტიპი შექმნა, რომელიც მათ საშუალებას აძლევდათ, შესულიყვნენ სისტემაში და ხელით შეედგინათ განრიგები. „ძალიან გვინდოდა, გაგვეგო, რა სურდა ხალხს ამ პროდუქტისგან“, – ამბობს აკილიანი.
საკმაოდ მალე ნელსონი Y Combinator-ში დაბრუნდა – ის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი და ერთადერთი ქალი იყო, აქსელერატორში ზედიზედ ორი წელი რომ გაატარა. მიიღეს, იმის გათვალისწინებით, რომ ავტომატიზება და მანქანური სწავლების ტექნოლოგია, რაც ჯერ არ ჰქონდა პროდუქტს, მას მასშტაბების გაზრდაში დაეხმარებოდა.
2014 წელს, როცა კაპიტალის მოძიების დრო დადგა, კლარაზე ინვესტორებს უკვე ჰქონდათ თვალი დადგმული. Salesforce-ის შვილობილი Heroku-ს თანამშრომლები მას ჯერ კიდევ მაშინ იყენებდნენ, სანამ ბენიოფი მისთვის პირველ ჩეკს გამოწერდა. მაღალპროფილიან მომხმარებელთა რიცხვში არიან Sequoia Capital-ის (რომელიც მისი ინვესტორიც გახლავთ), Stripe-ისა და Hipmunk-ის აღმასრულებლები. სტარტაპი ფინანსურ დეტალებს არ ამხელს, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ყველაზე საქმიანი აღმასრულებლებისთვის ფასები წელიწადში $4,800-ს ურტყამს, Forbes-ის შეფასებით, მილიონობით დოლარის შემოსავალთან უნდა გვქონდეს საქმე.
დამფინანსებლები კლარას პოტენციალს მხოლოდ განრიგების შედგენაში როდი ხედავენ. „ჩემი კონტაქტების სია ჩემს ინბოქსშია გამომწყვდეული, – ამბობს Reddit-ის ოჰანიანი. – კლარა ხვდება ამას და შეუძლია, ჭკვიანური რაღაცები მოიმოქმედოს. უამრავი მოულოდნელი სიურპრიზი შეიძლება, გამოვიდეს აქედან. კლარას აქვს პოტენციალი, პროგრამაზე მორგებულ, მოქნილ დამაკავშირებლად იქცეს“.
ამასობაში, მორილის მსგავსი გავლენიანი მომხმარებლები „კლარას სახარებას“ სან-ფრანცისკოს ყურის ოლქში ავრცელებენ. „ხალხი მოდის ოფისში და ჩემს თანაშემწეს, კლაუდიას კითხულობს, – ამბობს ის. – უცნაური წამი დგება ხოლმე, როცა საჭიროა, აუხსნა, რომ არა, კლაუდია არაა ნამდვილი“.
დატოვე კომენტარი