Amazon-ისებრი ლოგისტიკით, Clutter-ი $30-მილიარდიან თვითშემნახველ ინდუსტრიას ძირს უთხრის. საბოლოო ჯამში, მას სურს, საშუალება მოგცეთ, საკუთარი ნივთები თავად გაგზავნოთ, გააქირაოთ და გაყიდოთ.
ტერი შეილინს მოულოდნელად მოუწია უცხოეთში გადაბარგება და მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა, დედამისის სანტა-მონიკას ბინა რომ დაეცალა. ის Clutter-ის რეკლამას გადააწყდა. სამ დღეში სახლის კართან სატვირთო მანქანა უკვე იდგა. “მარტივი იყო”, – ამბობს შეილინი და ამასობაში Clutter-ის ორი გადამზიდავი ავეჯს დამცავ ფენაში ფუთავს, ლენტებს აკრავს და კოდებს აწებებს, ამ კოდებს კი ციფრულ კატალოგში ფოტოებთან აკავშირებს. შემდეგ ყველა ეს შეფუთულ-დახარისხებული ნივთი ორი საათის სავალზე, აღმოსავლეთით, უდაბნოში მდებარე საწყობში მიაქვთ. კიდევ უკეთესი: ექვსი თვის განმავლობაში შეილინი დაახლოებით $700-ით ნაკლებს გადაიხდის, ვიდრე იმ შემთხვევაში, ტრადიციული თვითშემნახველი საწყობისთვის რომ მიემართა.
ყველაფერი, რაც კი Clutter-ის პროცედურებს ეხება, შემნახველი ინდუსტრიის კონვენციებს არღვევს. და მიზანიც ესაა. სულ რაღაც ორ წელიწადში იაფი უძრავი ქონების, სოლიდური სამომხმარებლო სერვისისა და ჭკვიანური ტექნოლოგიის ბერკეტებად გამოყენებით, Clutter-მა 10,000-ზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა და წელს, შემოსავლების სახით, ათობით მილიონის მოპოვების გზას ადგას. კალვერ-სიტიში (კალიფორნია) დაფუძნებულ კომპანიას მიზანში ის ინდუსტრია აქვს ამოღებული, რომლის წლიური გაყიდვები დაახლოებით $30 მილიარდს შეადგენს, ხოლო მისმა დამფუძნებლებმა, არი მირმა და ბრაიან თომასმა $97 მილიონი უკვე მოიზიდეს ისეთი ვენჩურული ფირმებისგან, როგორიც Sequoia Capital-ი, GV (ყოფილი Google Ventures-ი) და ლონდონური Atomico-ა. Clutter-ი, რომლის ღირებულება, გათვლების მიხედვით, $240 მილიონს უტოლდება, თავისი ამჟამინდელი შვიდი ბაზრიდან (ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, სიეტლი, ჩიკაგო, ნიუ-ჯერსი, სან-დიეგო და სან-ფრანცისკო), ექვს წელიწადში, 50 ქალაქში აპირებს გლობალურ გაფართოებას. შედარებისთვის: მის ყველაზე რეალურ მეტოქეს, სტარტაპ MakeSpaces-ს $61 მილიონი აქვს მოზიდული და ოთხ ბაზარზე ოპერირებს. “როცა საქმე თვითშემნახველ საწყობებთან გაქვს და, მაგალითად, ტახტის შენახვა გინდა, მეგობრებს უნდა დაურეკო და პიცით უნდა მოქრთამო, შაბათს რომ დაგეხმარონ, – ამბობს Clutter-ის აღმასრულებელი დირექტორი მირი. – ტახტი საწყობთან უნდა მიიტანო, U-Haul-ი დააბრუნო, სახლში წასასვლელად Uber-ი გამოიყენო და ამაში მთელი დღე გეკარგება. ჩვენს შემთხვევაში, მხოლოდ ერთ ღილაკზე გიწევს თითის დაჭერა”.
ათი ამერიკული ოჯახიდან დაახლოებით ერთი პირად შემნახველ საწყობში ფულს ისედაც იხდის. ბეიბი-ბუმერების რიცხვის კლებასთან ერთად, ბაზარი მდგრადი განვითარებისთვის უნდა მოემზადოს. ამ სექტორს, რომლის ლიდერიც Public Storage-ი გახლავთ, – რომელზეც, თავის მხრივ, 2016 წლის $2.6-მილიარდიანი გაყიდვებით, ინდუსტრიის შემოსავლის 10%-ზე ნაკლები მოდის, – უჭირს ფეხის აწყობა. საწყობების გაქირავების მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს. მართალია, ახალი საწყობებიც შენდება, მაგრამ მაიამისა და ნიუ-იორკის მსგავსი ქალაქები ფეხს ითრევენ. ურჩევნიათ, ურბანული მიწა ლამის ნებისმიერი სხვა მიზნისთვის გამოიყენონ. ტიპურ შემნახველ საწყობში ერთი მუჭა ხალხია დასაქმებული და გადასახადებიდან ბიუჯეტში უფრო მცირე შემოსავალი შეაქვს, ვიდრე ოფისებს, ბინებსა თუ მაღაზიებს. სივრცის დეფიციტმა საშუალება მისცა შემნახველ ფირმებს (რომელთა ღირებულებას, როგორც წესი, მათი უძრავი ქონების ჰოლდინგები ადგენენ), ბოლო წლებში ფასები წლიურად 3%-ით გაეზარდათ, რამაც Wall Street-ი გაახარა, აი, მომხმარებლებში კი გაღიზიანება გამოიწვია.
მირმა და თომასმა (ორივე 35 წლისაა) ერთმანეთი ტინეიჯერობისას, ლოს-ანჯელესში გაიცნეს, თუმცა მხოლოდ კოლეჯის დამთავრების შემდეგ დაახლოვდნენ. შემნახველი ინდუსტრიით 2013 წელს ~მას მერე დაინტერესდნენ, რაც თომასის დედამ დაიწუწუნა, ჩემი საწყობის პროვაიდერმა ტარიფი ერთ წელიწადში ორჯერ გამიზარდაო. იმ პერიოდში თომასი, რომელიც დღეს Clutter-ის “სახალხო დირექტორია”, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურას (M.B.A.) ამთავრებდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში (UCLA). მირს თავისი თანადაფუძნებული სარეკლამო ქსელისთვის, GumGum-ისთვის (ბოლოს $167 მილიონად იყო შეფასებული) თავი მიენებებინა. ორივეს სამსახური სჭირდებოდა, ჰოდა, შემნახველ ბიზნესში დიდი პოტენციალი დაინახეს, განსაკუთრებით, როცა გააცნობიერეს, რომ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ჭკვიან ტელეფონებს ეს ბიზნესი კიდევ ერთ ე.წ. მომენტალური დაკმაყოფილების სერვისად შეიძლება, ექციათ. ორი წელი გეგმების დახვეწაში გაატარეს. როცა 2015-ში Clutter-ი ჩაეშვა, პირველი 100 სამუშაო თავად თომასმა შეასრულა და მალევე მიხვდა, რომ ადამიანები მოწადინებულნი იყვნენ, სტრესისგან თავისუფალ გამოცდილებაში ფული გადაეხადათ.
Clutter-ი მეტოქეებს, როგორც წესი, დაბალი ფასებით ჯობნის. კომპანია მომხმარებელს წინასწარ განსაზღვრულ შემნახველ სივრცეს არ სთავაზობს, მაგრამ თუ, ვთქვათ, ლოს-ანჯელესის ცენტრში ცხოვრობთ, თვეში $89-ის სანაცვლოდ, იმდენ ნივთს შეგინახავთ, რამდენიც 5-5-ზე ფუტის სივრცეში დაეტევა, ოღონდ ეს ნივთები იქ, სულ მცირე, ერთი წლით უნდა დატოვოთ. Public Storage-ი დაახლოებით იმავე სივრცეში $125-ს ითხოვს, თუმცა ფასები იმის მიხედვით იცვლება, თუ რამდენად აქტიურადაა საწყობი გაქირავებული, რაც საფუძვლიანი შედარების გაკეთებას ართულებს. Clutter-ი აღიარებს, რომ მისი მომსახურება ყოველთვის უფრო იაფი არ ჯდება.
ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა შეფუთვა, ტვირთის გადატანა და ადგილზე მიტანა, Clutter-ის საწყისი ფასი საათში $35-ია. ინდივიდუალური შემნახველი კონტეინერების უგულებელყოფით, Clutter-ი მომხმარებელს მეტ მოქნილობას სთავაზობს: მაგალითად, ცალკეულ ფუთებს, რომლებიც 35 ფუნტზე ნაკლებს იწონის, თვეში $7-ად ინახავს. ამან, იმ პირობასთან ერთად, რომ შენახულ ნივთებზე ფასებს არასდროს გაზრდის, 2016 წელს შემოსავალი თითქმის $8 მილიონს გაუტოლა, რაც, წინა წელთან შედარებით, ათმაგი ნახტომია.
Clutter-ის საწყობები, როგორც მისი 130,000 კვადრატული ფუტის სივრცე ონტარიოში (კალიფორნია), Costco-ს მოგაგონებთ Amazon-ისებრი არომატით: ტექნოლოგია აქ მთავარი საყრდენია. კოდების სისტემა ფუთებს თაროებთან აკავშირებს და ის ტრანსპორტირების სისტემასა და ონლაინ კატალოგთანაცაა ინტეგრირებული. თანამშრომლებმა წინასწარ იციან, რა ფუთები მიდის ადგილზე და სად უნდა შეინახონ დიდი ნივთები. კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე მუშაობს, რომელიც Tetris-ისებრი ეფექტიანობით გამოუყენებელი სივრცეების ათვისებაში დაეხმარებათ. ამასთან, Clutter-ი ეძებს გზებს, რითაც შეძლებს, იწინასწარმეტყველოს, პირველ რიგში, რომელი ნივთების დაბრუნება მოუნდება ხალხს. მაგალითად, ველოსიპედს ქალაქთან ახლო ინახავს, ხოლო პიანინოს – მოშორებით, ანუ იქ, სადაც მიწა უფრო იაფი ჯდება. რაღაც მომენტში, Clutter-ს უნდა, კლიენტებს საშუალება მისცეს, საკუთარი ნივთების კატალოგი თავად შეადგინონ ვიდეოს მეშვეობით ისე, რომ მანქანური სწავლების ალგორითმებმა ავტომატიზებული ნუსხა მოამზადონ. შენახული ნივთების დაბრუნება იოლია. შეარჩიეთ სასურველი ნივთების სია და ამ ნივთებს დაახლოებით 48 საათში კართან მოგიტანენ, ზუსტად ისევე, როგორც Amazon Prime-ი აკეთებს.
“Clutter-ი ძალიან სერიოზულად ცდილობს, დაპატენტებული ტექნოლოგია შექმნას”, – ამბობს Atomico-ს პარტნიორი ჰირო ტამურა. ის Clutter-ის პროგრამულ უზრუნველყოფას “სანგარს” უწოდებს, რომელშიც მეტოქეებს შეჭრა გაუჭირდებათ. Clutter-ი ახლა სამუშაო ძალის გასამმაგებას – 600 ადამიანამდე გაზრდას – გეგმავს (შტატის ყველა წევრი, მათ შორის, გადამზიდველები და შემფუთველები, თანამშრომლები არიან და კომპანიაში სააქციო კაპიტალს იღებენ); გეგმავს, ასევე, უცხოეთში გაფართოებასა და ისეთი საგნების შენახვაზე მუშაობას, როგორიც ხელოვნების ნიმუშები და მანქანებია. ზოგიერთი ანალიტიკოსი გვაფრთხილებს, რომ Clutter-ის მოდელი სირთულესა და ხარჯებს არასაჭიროდ ზრდის. “მას ბიზნესის ეკონომიკა საერთოდ არ უმაგრებს ზურგს”, – ამბობს Morningstar-ის ბრედ შვერი.
მაგრამ მირი და კომპანია არ ეპუებიან… და უკვე შემნახველი ბიზნესის მიღმაც ფიქრობენ. მზარდი ლოგისტიკური შესაძლებლობებითა და ინვენტართან დაკავშირებული რეალური მონაცემებით აღჭურვილნი, ინდუსტრიის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ, რომ მას კიდევ უფრო ღრმად გამოუთხარონ ძირი. Clutter-ს იმედი აქვს, რომ სულ მალე, ის თქვენ საშუალებას მოგცემთ, თქვენი შენახული ნივთები ნებისმიერ ადგილას გაგზავნოთ. გინდათ, თქვენი თხილამურები ასპენში ჩამოვიდეს ან სერფინგის დაფა – ჰავაიში? რა პრობლემაა!
თომასი სხვა დამატებით ფუნქციებსაც განიხილავს; მაგალითად, შემოგთავაზებთ ნაძვის ხეს და მის აწყობაში დაგეხმარებათ, როცა თქვენი საშობაო დეკორაციების დაბრუნებას მოისურვებთ. ამასთან, მირი ჯერ კიდევ ბუნდოვან მოსაზრებებზეც ლაპარაკობს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს მომხმარებელს საკუთარი ნივთებისგან “ღირებულების შექმნაში”.”გვინდა, ღილაკზე თითის მხოლოდ ერთი დაჭერა გაშორებდეთ ნივთების შენახვისგან, მათი გადაყრისგან, მათი გაცემისგან, გაგზავნისგან, უკან მოთხოვნისგან, გაყიდვისა თუ გაქირავებისგან”, – ამბობს ის. საბოლოო მიზანი იმ ფორმის ტრანსფორმირება გახლავთ, რა ფორმითაც ადამიანები საკუთარ ფიზიკურ საკუთრებებს განკარგავენ. და რატომაც არა? – ამბობს თომასი. აღნიშნავს, რომ მილიონდოლარიანი ბიზნესის შექმნა ისეთივე რთულია, როგორიც მილიარდდოლარიანისა, და ამატებს: “რატომაც არ უნდა მოჰკიდო ხელი იმას, რაც, თუ იმუშავებს, საინტერესო იქნება და მასობრივ სახესაც მიიღებს?!”
დატოვე კომენტარი