მიუხედავად იმისა, რომ “თიბისი დაზღვევა” ბაზარზე ახალი მოთამაშეა, მის მმართველს, პაატა ღაძაძეს, წარსული გამოცდილება და პროგრესული ხედვები აძლევს იმის საბაბს, რომ უახლოეს მომავალში სადაზღვევო სფეროში კომპანიის ლიდერთა სამეულში მოხვედრის ამბიცია ჰქონდეს. თავად ამბობს, რომ სადაც არ უნდა ემუშავა, ყოველთვის “თიბისი ბანკის” გუნდის ნაწილად რჩებოდა და ახლაც ამ ჯგუფის სრულუფლებიანი წევრია არაერთი გრძელვადიანი და მასშტაბური პროექტის განხორციელების გეგმითა და სურვილით, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო ყოველთვის უმაღლეს შედეგებს დებდეს.
საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვთ – საჯარო სექტორი, სადაზღვევო ბიზნესი და საბანკო სფერო. იქნებ ცოტა უფრო ვრცლად მოუყვეთ ჩვენს მკითხველს თქვენი წარსული გამოცდილების შესახებ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
საჯარო სექტორში უნივერსიტეტის შემდეგ ვმუშაობდი, თუმცა ძალიან ცოტა ხანს. ეს იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. მაშინ საკმაოდ საინტერესო პერიოდში მომიწია მუშაობა, რადგან სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა პრივატიზაციის პროცესები და მეც ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილე ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ ამით ამოიწურა ჩემი დაახლოებით წელიწადნახევრიანი სამუშაო საჯარო სექტორში. მას შემდეგ ფინანსურ სექტორში ვარ, კერძოდ – “თიბისი ბანკში”. კერძო სექტორში მუშაობის პარალელურად ვიყავი ლექტორიც უნივერსიტეტ “ESM-ში”, ახლა უკვე “თავისუფალ უნივერსიტეტში”. მინდა გითხრათ, რომ აკადემიურმა საქმიანობამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. პრიორიტეტებზე თუ ვისაუბრებთ, ფაქტია, რომ ამჟამადაც “თიბისი ბანკში” ვარ უკვე 24–ე წელია. ამ ბანკის ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბება ჩემ თვალწინ მოხდა. მართალია, სხვადასხვა დროს მიხდებოდა ხოლმე განსხვავებული ფუნქციების შესრულება, მაგრამ ყოველთვის ვრჩებოდი “თიბისი ბანკის” დიდი გუნდის წევრად.
თქვენი კარიერის განმავლობაში რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ მიღწევად?
ცხადია, ეს არის “თიბისი ბანკის” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა. თუ კარიერული თვალსაზრისით მხოლოდ ერთი ყველაზე დიდი მიღწევა უნდა გავიხსენო, დიახ, ეს არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა, რადგან ამით “თიბისი ბანკისთვის” განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.
რით იყო განპირობებული თქვენი სადაზღვევო ბიზნესში დაბრუნება და შეიცვალა თუ არა ამ გადაწყვეტილებით თქვენი საქმიანობის არეალი და მასშტაბები?
მართალი გითხრათ, ამას დაბრუნებას ვერ დავარქმევდი, ეს სავსებით ახალი ფუნქციაა. ა. მაშინაც, როდესაც “ჯი პი აი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი ვიყავი და ახლაც, როდესაც “თიბისი დაზღვევის” გენერალური დირექტორი ვარ, ვრჩები “თიბისი ბანკში” გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის როლში. ვინაიდან “თიბისი ბანკმა” თავისი ბრენდის ქვეშ არსებული სადაზღვევო მიმართულება, კერძოდ კი არასამედიცინო დაზღვევის მიმართულება შექმნა, ცხადია, რომ ეს სიახლე ამ სფეროში გარკვეული მენეჯერული უნარების მქონე, გამოცდილ ხელმძღვანელს საჭიროებდა. ალბათ ეს იყო ჩემი და ჩემი კოლეგების გადაწყვეტილების ყველაზე დიდი მოტივი და მიზეზი.
ჩვენი მკითხველებიდან ალბათ ბევრს არ ახსოვს, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ჯი პი აის” მმართველი დირექტორი – საინტერესოა, რით განსხვავდება სადაზღვევო სფეროში მაშინ და დღეს არსებული გამოწვევები? როგორ შეიცვალა ბაზარი და მომხმარებელი ამ ხნის განმავლობაში?
ცხადია, მაშინ სადაზღვევო ბაზარი დღევანდელთან შედარებით ძალიან მცირე იყო და კომპანიებსაც თითზე თუ ჩამოთვლიდი. ამავდროულად, ეს ბაზარი არ იყო კაპიტალიზებული, ახლა კი არის. არც მრავალფეროვანი არხები და პროდუქტები იყო წარმოდგენილი. ახლა უკვე მოქალაქეების ყოფაქცევის მოდელში სადაზღვევო მომსახურება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. გაჩნდა დაზღვევის ერთგვარი კულტურა. მართალია, ყველა მიმართულებით ჯერ კიდევ არა, თუმცა დღეს მომხმარებლები გაცილებით მეტად არიან გათვითცნობიერებულები სადაზღვევო პროდუქტებში. მე აღვნიშნე, რომ მასშტაბები სადაზღვევო ბაზრის მიმართულებით გაფართოებულია, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაში სადაზღვევო ბაზრის წილი ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. სამედიცინო მიმართულების ჩათვლით მშპ-ში დაზღვევის წილი 1.2 %-ზე ოდნავ მეტია, არასამედიცინო დაზღვევას თუ ავიღებთ, საერთოდ 0.6 %-ია. ეს თავისთავად ძალიან დაბალი მაჩვენებელია. პრინციპში ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც “თიბისი ბანკმა” სადაზღვევო მიმართულებით დაიწყო მუშაობა, სწორედ ის პოტენციალი გახლავთ, რასაც ჩვენ სადაზღვევო მიმართულებით ვხედავთ.
შეიძლება ითქვას, რომ “კოპენბური” “თიბისი დაზღვევის” მიმართულების განსავითარებლად ერთგვარი პლატფორმა იყო. მის შესაძენად “თიბისი ბანკმა” $1.4 მილიონი გადაიხადა. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
ჩვენ ნულიდან დაწყებას არსებული და ბაზარზე ფეხმოკიდებული კომპანიის შეძენა ვამჯობინეთ. ტექნიკური თვალსაზრისით “კოპენბური” საკმაოდ კარგი ბაზა იყო ჩვენთვის. “კოპენბურის” შეძენით ჩვენ შევქმენით ახალი კომპანია, ოღონდ ძველი ფინანსური ვალდებულებების გარეშე. საქმე ისაა, რომ “თიბისი ბანკისთვის” ნებისმიერი ფინანსური მომსახურება საინტერესოა, იქნება ეს ლიზინგი, სწრაფი გადახდის ბიზნესითუ მომავალში სამედიცინო დაზღვევის მიმართულება, რომელსაც, სხვათა შორის, აქტიურად მოვიაზრებთ ჩვენს სამომავლო გეგმებში. საქართველოში საპენსიო რეფორმა თუ განხორციელდა, ასევე ვფიქრობთ საპენსიო ფონდის მმართველი კომპანიის ჩამოყალიბებაზეც, “თიბისი კაპიტალი”, იცით თქვენ, რომ თიბისი ჯგუფის საქმიანობის ახალი მიმართულებაა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ “თიბისი ბანკს” სადაზღვევო ბიზნესში როგორც მენეჯერული რესურსები, ისე ტექნოლოგიური რესურსები საკმარისი აქვს არსებული ამბიციების რეალიზებისთვის.
ერთი შეხედვითაც ძალიან ადვილი შესამჩნევია ლოგიკური კავშირი “თიბისი ბანკსა” და “თიბისი დაზღვევას” შორის, თუმცა საინტერესოა, რა კავშირი არსებობს ამ ორ მიმართულებას შორის იურიდიული და ფაქტობრივი თვალსაზრისით. არის თუ არა “თიბისი ბანკი” “თიბისი დაზღვევის” ფინანსური განვითარების უზრუნველყოფის გარანტორი და რამდენად უპირატეს მდგომარეობაშია “თიბისი დაზღვევა” ზემოხსენებული კავშირის გამო კონკურენტებთან შედარებით ?
იურიდიული კავშირი ძალიან მარტივია – “თიბისი ბანკი” “თიბისი დაზღვევის” 100%-იანი წილის მფლობელია. შექმნის ეტაპზეც სხვა ბრენდის შერჩევაზე არც გვიფიქრია. გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოა – ჩვენ გრძელვადიან პროექტს ვახორციელებთ, შესაბამისად, სახელიც “თიბისის” ბრენდის ქვეშ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ სადაზღვევო ბიზნესი ძალიან პროგრესულია საქართველოში. რასაკვირველია, “თიბისი ბანკი” თავისი რესურსების ნაწილს “თიბისი დაზღვევას” აუცილებლად მოახმარს, იქნება ეს ფილიალების ქსელი თუ ტექნოლოგიური და მენეჯერული რესურსები, თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ “თიბისი ბანკისთვის” დაზღვევის მიმართულებით პარტნიორი მხოლოდ “თიბისი დაზღვევა” იქნება. გარკვეულ სტრატეგიულ თანამშრომლობას ვაპირებთ, მაგრამ “თიბისი ბანკი” კვლავ გააგრძელებს იმ სამ თუ ოთხ წამყვან სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობას, რომლებთანაც ახლა თანამშრომლობს. ბანკი თავის კლიენტებს სავალდებულო სახით ნამდვილად არ სთავაზობს “თიბისი დაზღვევით” სარგებლობას. მინდა გითხრათ, რომ “თიბისი დაზღვევისთვის” “თიბისი ბანკის” ქსელში გაყიდული პროდუქტები არ აღემატება 20%-ს.
რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული სადაზღვევო ბაზარზე შესვლა და რა ბარიერების გადალახვა მოგიწიათ?
რაიმე მნიშვნელოვანი ბარიერი არ ყოფილა, არადა, როგორც წესი, ახალი კომპანიის შექმნას თან ახლავს ხოლმე ბარიერები. ეს ძირითადად ბრენდის თავის დამკვიდრების თანხმლები სირთულეებია, ჩვენ კი ამ სირთულეების საწყის ეტაპზევე დასაძლევად ტექნოლოგიური რესურსი გვქონდა და ბრენდიც დამკვიდრებული იყო ბაზარზე, შესაბამისად, ბაზარზე ადაპტირება სწრაფად მოხდა.
არეგულირებს თუ არა საქართველოში სადაზღვევო სფეროს კანონმდებლობა ეფექტიანად და რამდენად მისაღებია რეგულირების ეს მოდელი თქვენთვის ? აქვე გკითხავთ, რა აზრის ხართ სავალდებულო დაზღვევაზე?
საბანკო სისტემასთან შედარებით, სადაზღვევო ბიზნესი არ არის სრულყოფილად გამყარებული საკანონმდებლო ბაზით, თუმცა, როგორც ვიცი, არაერთი საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივაა მზად სადაზღვევო სფეროს ეფექტიანი რეგულირების უზრუნველსაყოფად და სავალდებულო დაზღვევის უზრუნველსაყოფადაც. სადაზღვევო კომპანიების ლიცენზირებით დაწყებული, ნორმატივების რეგულირებით დამთავრებული, ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს – სადაზღვევო პროდუქტებით მოსარგებლე იურიდიული თუ ფიზიკური პირები დაცული იყვნენ არასასურველი რისკებისგან.. რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევას, ჩემი ინფორმაციით, მომავალ წელს ავტომობილებისა და მშენებლობების დაზღვევის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში. როდესაც სახელმწიფო ფიქრობს დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნაზე, ალბათ ცვლილებებისთვის აუცილებელი გარემო უკვე მომწიფებულია. პირადად მე, სავალდებულო დაზღვევის მომხრე დიდად არ ვარ, თუმცა არის გარკვეული მიმართულებები, სადაც მწვავე უარყოფითი შედეგების პრევენციისთვის ასეთი დაზღვევა აუცილებელი ხდება, მაგალითად – მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. განვითარებული ქვეყნები ამ თვალსაზრისით ჩვენთვის სამაგალითოები უნდა იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, თუ გეზი ევროპისკენ გვაქვს, ნელ-ნელა მათი სტანდარტებიც უნდა დავნერგოთ.
როგორ აპირებთ ამ სექტორიდან მოგების მიღებას? მზადაა თუ არა მომხმარებელი იმისათვის, რომ დაზღვევაში თანხა გადაიხადოს?
მინდა გითხრათ, რომ სადაზღვევო ბიზნესი, ჩადებულ კაპიტალზე ამონაგების თვალსაზრისით, საქართველოში ძალიან მოგებიანია, მეტიც – საბანკო ბიზნესზე მოგებიანიც კი. სხვათა შორის, ევროპაში არაა ასე. სადაზღვევო კომპანიების მოგებიანობის დიდ წილს განვითარებად ქვეყნებში აქტივების დაბანდებიდან მიღებული ფინანსური შემოსავლები განაპირობებს, და არა მხოლოდ სადაზღვევო პრემიებისა და ანაზღაურებული ზარალების სხვაობა. მომავალში ალბათ საქართველოშიც ისე იქნება – კომპანიებს გაუჩნდებათ იმის რესურსი, რომ აქტივების მართვიდან მიღებული შემოსავლები მათი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ იქცეს. ზოგიერთ კომპანიაში მიღებული მოგება ხშირად 2-ჯერ და 3-ჯერ მეტიცაა, ვიდრე მთლიანად საბანკო სექტორიდან მიღებული მოგება. ჩვენ ამ მომენტისთვის ძირითადად საცალო ბაზარზე ვართ ორიენტირებულები ანუ ინდივიდუალური ტიპის დაზღვევაზე. ჩვენი სადაზღვევო პორტფელის 85% სწორედ ასეთი ტიპის დაზღვევაზე მოდის. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კონკურენტული გარემოა სადაზღვევო ბიზნესში. ერთადერთი, რაც ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული ჩვენს ქვეყანაში, ეს სიცოცხლის დაზღვევაა. ჩემი აზრით, კულტურის ზრდას არ უნდა დაელოდოს სადაზღვევო ბიზნესი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიწოდება ქმნის მოთხოვნას. ზოგადად, საზოგადოების ყოფაქცევის მოდელი ეკონომიკაში არსებული ცვლილებების მიხედვით იცვლება. ასეა სადაზღვევო სფეროშიც. ამჟამად საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული, ეს, ჩემი აზრით, წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია.
რა იქნება წელს მთავარი გზავნილი და შედეგი, რითაც თქვენი კომპანია დაამახსოვრებს თავს მომხმარებელსა და ბიზნესწრეებს?
სიახლეები ძალიან ბევრი იქნება სისტემებისა და პლატფორმების კუთხით, იმიტომ რომ დღეს სადაზღვევო ბიზნესში ტექნოლოგიური მხარე ისე არ არის განვითარებული, როგორც, მაგალითად, საბანკო ბიზნესში, ვგულისხმობ დისტანციურ მომსახურებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს უკვე ქართული ბაზარი მიიღებს სრულიად განახლებული სახის დისტანციური სადაზღვევო მომსახურების სრულ პაკეტს და ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით იქნება ინოვაცია. მობილური აპლიკაციებით დაწყებული, ციფრული ტექნოლოგიებით დამთავრებული – პოლისის შეძენიდან თანხის ანაზღაურების პროცესების ჩათვლით. მიზანი ერთია: მარტივი, ადეკვატური და ეფექტიანი დისტანციური დაზღვევის შექმნა. მინდა გითხრათ, რომ ახლაც ავტოდაზღვევის ნაწილში “თიბისი დაზღვევას” ბაზარზე უკვე ლიდერი პოზიციები უკავია. სულ მალე ჩვენი პოზიციები ასევე გამყარდება მოქალაქეების ქონების დაზღვევის, სამოგზაურო და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებითაც. სამედიცინო დაზღვევას რაც შეეხება, როგორც უკვე გითხარით, ვგეგმავთ, მაგრამ ამ მიმართულების დანერგვას ალბათ ერთი წელი მაინც დასჭირდება. ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ 2017 წლის ბოლომდე სადაზღვევო სექტორის ლიდერი კომპანიების სამეულში ვიყოთ.
ვის განიხილავთ ყველაზე მსხვილ კონკურენტებად და რა მიგაჩნიათ თქვენს კონკურენტულ უპირატესობად?
ისეთი კონკურენცია, როგორიც სადაზღვევო ბაზარზეა, მე მგონი, არც ერთი სხვა მიმართულებით არ არის. ჩვენი უმთავრესი უპირატესობა იქნება ის, რომ მაქსიმალურად მინიმიზებული იქნება დრო, ამას დაემატებაპროცედურული თვალსაზრისით საკმაოდ მოსახერხებელი მომსახურება. ცხადია, ეს უფრო მეტ ნდობას გამოიწვევს ჩვენი პროდუქტების მიმართ.
რა ეტაპზეა დღეს ქართული საბანკო სისტემა? რამდენად ობიექტურია საუბარი მის გადაჭარბებულ მოგებიანობაზე და სხვადასხვა ბიზნესებში შესვლაზე, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტსა და არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე?
“კოლოსალური თანხები”, “გადაჭარბებული მოგებიანობა” – ეს ის ფრაზებია, რომელთა ლოგიკას ვერ გავიზიარებ საბანკო და გნებავთ, სადაზღვევო ბიზნესთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორში ძირითადად მაინც ორი ბანკი ლიდერობს, ხოლო დანარჩენი, საშუალო ზომის ბანკებია, რომლებიც, სხვათა შორის, საკმარისად აქტიურები არიან, ვთვლი, რომ ეს ბაზარი ძალიან კონკურენტულია ყველა მიმართულებით – დეპოზიტების მიმართულებით, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით. თითოეულ ამ სეგმენტში ახლა ყველა ბანკია წარმოდგენილი და საკმაოდ მაღალია კონკურენცია ამ თვალსაზრისითაც.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ საინტერესო და მდიდარი ბიოგრაფიის მქონე პაატა ღაძაძე დღეს სრულად არის გადართული დაზღვევის სფეროზე და თავის დროს აღარ უთმობს “თიბისი ბანკს”?
ეს ასე არ არის, თუმცა, ცხადია, იქიდან გამომდინარე, რომ “თიბისი დაზღვევა” ჯერ კიდევ ახალი მოთამაშეა ბაზარზე, ჩემი დროის გარკვეულ ნაწილს სწორედ მის მართვას ვუთმობ. პარალელურად ჩემი, როგორც “თიბისი ბანკის” პირველი ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციები და მოვალეობები აქტიურია და მათაც სრულფასოვნად ვასრულებ. ჯერჯერობით ბანკში ჩემი დროის უფრო მეტ ნაწილს ვატარებ. გაგეცინებათ და, “თიბისი დაზღვევაში” საკუთარი ოთახიც კი არ მაქვს და თანამშრომლების სამუშაო სივრცის ათვისება მიწევს ხოლმე.
დატოვე კომენტარი