„გოლოვინის პროსპექტზე პოლიციელმა შეიპყრო ერთი ქალი, რომელსაც პოლიციის ტანთსაცმელი ეცვა. როდესაც გამოიკითხეს ამ ქალის ვინაობა, აღმოჩნდა, რომ ეს ქალი პოლიციელის ცოლი ყოფილა და ქმარს უთქვამს, ჩემი ტანისამოსი ჩაიცვი და ჩემი მოვალეობა აასრულეო“.
ამ ერთი კონკრეტული ფაქტის განზოგადება და ძველი თბილისის წესრიგის დამცველთა ამ შემთხვევაზე დაყრდნობით დახასიათება არ იქნებოდა მართებული, რომ არა ათასგვარი საჩივარი, XIX საუკუნის მიწურულს პოლიციელთა მისამართით რომ ისმოდა.
ინსტიტუტი, რომელსაც, ყველაფერთან ერთად, ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაშიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეესრულებინა და თბილისელი ვაჭრების, ქალაქში პროდუქტის გასასაღებლად ჩამოსული გლეხების, ხელოსნების, ძვირფას მასალაზე მომუშავე ოსტატების, დუქნებისა და სხვადასხვა სავაჭრო თუ საწარმოო დაწესებულების მფლობელთათვის სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტი უნდა ყოფილიყო, არათუ ჯეროვნად და რიგიანად ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას თავს, პოლიციაში დასაქმებულთა არაპროფესიონალიზმი და თანამდებობით ბოროტად სარგებლობის მავნე პრაქტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.
საკუთარი უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის გადასაფარავად, ზოგჯერ ამ უწყების ხელმძღვანელი პირებიც კი სხვისკენ იშვერდნენ ხელს, მაგალითად, იმ მოტივით, რომ „ქალაქი ღამ-ღამე მეტად ცუდად არის განათებული, რის გამოც პოლიცია ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ვერ იცავს მკვიდრთა მშვიდობიანობასაო“.
ქალაქის განათების საკითხი ნამდვილად პრობლემური იყო, თუმცა როგორც იმდროინდელი პრესა იუწყებოდა, ტფილისის ღამის რაინდები დღისითაც უშიშრად დანავარდობდნენ – „ავაზაკობენ ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ, იცარცვებიან მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მაედნებზე, გალავინის პროსპექტზე, ერთის სიტყვით, ყველგან და ყოველთვის…“
ამ დროს კი, როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება, პოლიცია ზედამხედველობის დარგშიც უსუსური იყო… წესრიგის დამცველებს განსაკუთრებით იმ ადგილებისა და ღონისძიებებისთვის უჭირდათ ყურადღების მიქცევა, სადაც ხალხმრავლობა იყო და აქტიურად დაძრწოდნენ სხვისი ქონების მოყვარულნი, „ყნოსავდნენ, რამე ხომ არ იდო ცუდად“.
ასეთ ადგილებში ერთმანეთს ერწყმოდა ხმაური, ხალხის ყვირილი და თუკი გაუმართლებდათ, რიგითი მოქალაქეების მიერ დაჭერილი ქურდის კვნესაც, რომელსაც იქვე უსწორდებოდნენ მუშტებით. ასეთ დროს, როგორც წესი, ან არსად ჩანდნენ, ან შემთხვევის ადგილზე მისვლას აგვიანებდნენ წესრიგის დამცველები, რომელთაც უკვე პოსტფაქტუმ შესჩიოდნენ ვაჭრები თუ მათი მუშტრები – „ფული ამოგვაცალეს ვაჭრობის დროსაო“.
ამგვარ ვითარებაში მოსახლეობას ისევ ერთმანეთის იმედი თუ ექნებოდა:
„ერთმა ჯიბგირმა იარმუკაში ერთ ღარიბ სოფლელ დედაკაცს, რომელიც წინდებსა და მაწვნებს ჰყიდდა, ამოაცალა ჯიბიდგან ხელსახოცში გამოკრული 32 მანეთი. საბრალოს იქვე ვერ შეეტყო და როდესაც მისულიყო მეიდანთან, ენახა ჯიბე და თავზარ-დაცემულს გული წასვლოდა. როდესაც მოუბრუნებიათ, გაქცეულა მტკვრისაკენ თავის დასარჩობად: „ჩემი სამი წლის შეგროვებული ფული, ჩემის ქალის მზითევი დავკარგეო“ და ღაპა-ღუპით ცრემლები სცვიოდა დამჭკნარს და გაყვითლებულს სახეზედ. მოეხვია ხალხი, ყველას აღეძრა გრძნობა სიბრალულის, გამოჩნდა ერთი ყოჩაღი ქართველი კაცი, რომელმაც დაიძახა: „შეუგროვოთ ფული, ვითომ ჩვენ დაგვიკარგავსო“, და მართლა იქვე შეუგროვეს 22 მანეთი“.
ეს ამბავი 1894 წელს, ბზობა დღეს მომხდარა, თუმცა ძარცვა-გლეჯა არა მხოლოდ დღესასწაულებთან დაკავშირებული ხალხმრავლობის, არამედ ტფილისის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. როგორც ძველი თბილისელი მხატვარი, კარაპეტ გრიგორიანცი იხსენებდა, „პოლიციის დარაჯების უქონლობის გამოდ მუდმივად ქალაქის სახლები, დუქნები და ხალხი ერთავათ იცარცვებოდა… სუსტი პოლიციის გამოთ ქურდობა და ავაზაკობა ისე ხშირი იყო, რომ შუადღისას უშიშრად ჯიბგირები და იშკილბაზები ქუჩა-ქუჩა და ბაზარ-ბაზარ დასეირნობდნენ და თავიანთ ეშმაკურ თვალთ მაქციურ ხერხს ხმარობდნენ და თუ გარედან შემოსულებს, თუ მოქალაქეებს ადვილად სცარცვამდნენ“.
რეალურად, ტფილისში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები მაინც კადრების სიმცირე და პოლიციელთა დიდი ნაწილის დილეტანტობა იყო, რის გამოც, ძველი თბილისის პოლიცია არათუ ჯეროვნად ვერ უმკლავდებოდა ქალაქში მომხდარ ურიცხვ დანაშაულს, არამედ მათ სიმრავლესაც კი ვერ აუდიოდა.
სამართალდამცავთა რაოდენობა ქალაქის ზრდის პროპორციულად არ იზრდებოდა, რის გამოც პოლიციის მოხელეებს მეტად დიდი ადგილი ჰქონდათ მინდობილი სამეთვალყურეოდ, შესაბამისად, ვერაფერს აწყობდნენ ქურდობისა და ავაზაკობის ასაცილებლად.
თავად განსაჯეთ, XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც ტფილისში 160 ათასამდე მოსახლე იყო, მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე იმდენივე სამართალდამცავი აგებდა პასუხს, რამდენიც 1870-იან წლებში, როდესაც ქალაქი მხოლოდ 78 ათას მცხოვრებს ითვლიდა.
ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ტფილისის მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა და ქალაქი კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა რეგიონში ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად, სადაც მთელი კავკასიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან იყრიდნენ თავს, პოლიციის მოხელეთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, რაც ყველასთვის საგრძნობი იყო და ნებისმიერი ტიპის ეკონომიკურ აქტივობაზე ნეგატიურად აისახებოდა.
სტატისტიკური ცნობებით, 1897 წლისთვის, ქალაქში უსაფრთხოებასა და წესრიგზე პასუხს აგებდა მხოლოდ „10 ბოქაული და ამდენივე თანაშემწე ბოქაულებისა, 52 პოლიციის მოხელე, 300 პოლიციელი და 100 საპოლიციო სადარაჯო“.
ეს ცნობები თავისთავად ბევრს რამეს ჰფენს ნათელს. თუმცა პოლიციის მოხელეთა მიმართ მოსახლეობის უარყოფით დამოკიდებულებას არა მხოლოდ სამართალდამცავთა უმოქმედობა თუ არაეფექტიანობა, არამედ ამ უკანასკნელთა მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების არაერთი ფაქტი იწვევდა.
ერთი მხრივ, ისინი სრულიად უსაფუძვლოდ, ან არაპროპორციული ძალით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ რიგით მოქალაქეებს, მეორე მხრივ კი არა კანონების, არამედ საკუთარ ახირებებს მორგებული წესებით მოქმედებდნენ.
მაგალითად, ორ პოლიციელს სრულიად უსაფუძვლოდ უცემიათ „მეონკანე ტყემალაძე“, რომელსაც სამართალდამცავთათვის „წყალი მუქთად არ დაუნებებია“; მათ კოლეგას ქარქაშიანი ხმალი დაურტყამს თავში თბილისში ჩამოსული მეურმისთვის, მარჯვენა მხარეს რატომ არ ატარებდი ურემსო; სხვა პოლიციელს გამეტებით უცემია რაჭველი „კურტნის მუშა“ და „ვიდრე უცხო ხალხმა ტუქსვა არ დაუწყო პოლიციელს, მინამ წესიერების დამცველმა ხელი არ აიღო ბეჩავ მეკურტნე მუშისგან“; წესრიგის ერთ-ერთ დამცველს კი, ხმა რომ ვერ მიუწვდენია, მტკვარში მობანავეთათვის დიდი ქვა უსროლია და ერთი მათგანისთვის თავი გაუჩეხია – „რომ არა ამხანაგები, რომელთაც წყლიდამ ცოცხალ-მკვდარი გამოათრიეს, შიგ წყალშივე დაიღრჩობოდა“.
ამგვარ შემთხვევათა სიმრავლის გათვალისწინებით, პოლიცმეისტერს სპეციალური განკარგულებაც კი გაუცია, რომ თუკი რომელიმე პოლიციელი ასეთ „საზიზღარ საქციელს“ კიდევ ჩაიდენდა, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან. როგორც გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა – „ძლივს ეუწყათ პოლიციელებს, რომ ხალხის ცემა სავალდებულო კი არა, აღკრძალულია!“
მიუხედავად ამისა, დიდად არაფერი იცვლებოდა და დამნაშავეთა დაკავებასა და დანაშაულის პრევენციის ნაცვლად, სამართალდამცავთა დიდი ნაწილი უბრალო ხალხის დევნას არ იშლიდა. მათი უმოქმედობისა და უსუსურობის შედეგად, ქალაქში არაერთი სახლი, დუქანი თუ მაღაზია „გატეხილა“, მით უფრო, რომ ტფილისელი ქურდები დროს არ კარგავდნენ, უფრო და უფრო ხვეწდნენ საკუთარ მეთოდებსა და ტექნიკას, რითაც გვარიანად აზარალებდნენ როგორც რიგით მოსახლეობას, ისე, განსაკუთრებით, ვაჭრებსა და სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულ მოქალაქეებს.
ცალკე ამბავია ე.წ. სავაჭრო პოლიცია, რომლის მოხელეებიც უშუალოდ ვაჭრობის სფეროს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდნენ ქალაქში. კოლეგებისგან განსხვავებით, ტფილისელები არც მათი საქმიანობით იყვნენ დიდად კმაყოფილნი:
„ყოველის მხრით უკმაყოფილებას აცხადებენ ქალაქის გამგეობის პოლიციაზე, ანუ ესრედ წოდებულ ბაზარნიკებზე; ქალაქის ტაქსას ვაჭრები სრულიად არ უყურებენო, როგორც შეხვდებათ, როგორც მოახერხებენ ისე ატყვილებენ ხალხს და ბაზარნიკებს კი ამ დროს დაუღიათ პირი და შესჩერებიან ვაჭრებს, ხმასაც არ იღებენო…“.
სავაჭრო პოლიციის წარმომადგენლებს ჩარჩ-ვაჭრების მფარველობასა და სამსახურებრივ გულგრილობაშიც სდებდნენ ბრალს – „როდესაც ესრედ-წოდებულს კახეთის მეიდანზე სოფლელები ჩამოვლენ, მაშინვე წაავლებენ ჩარჩები ხელს და თითქმის ძალით ართმევენ 100 კვერცხს მაგალითად 1 მანეთად და ქათამს 25 კაპეიკათაო. შემდეგ იმათსავე თვალის წინ ერთი-ორადა ჰყიდიანო, და ყველა ეს ამბავი სავაჭრო პოლიციის ცხვირის წინა ხდებაო, რომელიც ხელსაც კი არ ანძრევს და არ ესარჩლება ჩვეულებრივს მყიდველებსაო“.
ე.წ. ბაზარნიკები გარკვეულწილად პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ იმაზეც, რომ არ დარღვეულიყო ვაჭრობის წესი და ვინმეს დაწესებულ ნიხრზე ძვირად არ გაეყიდა საქონელი, თუმცა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა გაზეთ „ივერიას“ კორესპონდენტი 1895 წელს:
„არ იქნა, ვერ აილაგმა ტფილისელ ყასბების თავ-გასულობა. ხორცის ავ-კარგობას ვინღა ჩივის, ნიხრიც აღარ არსებობს მათთვის. წარსულ შაბათს, საღამოზედ, სალდათის ბაზარში შეველ ყასაბთან, ავაწონინე ოთხი გირვანქა ძროხის ხორცი და გირვანქაში 8 კაპიკი [როგორც ნიხრია] მინდოდა მიმეცა. ყასაბმა ფული უკან გამომიბრუნა და ზედაც დაუმატა, ჩვენ 8 კაპიკიანი ხორცი არა გვაქვსო, თუ გნებავთ გირვანქაში 9 კაპიკი მოგვეციო. მე არ დავთანხმდი. ბევრი ლაპარაკის შემდეგ უკანვე გამოვბრუნდი და იქვე ერთს პოლიციელს ვსთხოვე გამომყოლოდა ზემოხსენებულ დუქანში.
პოლიციელი სიხარულით დამთანხმდა და დამარიგა: „შენ დუქანში შედი, მე გარედან დავზვერავ, რამდენიც გთხოვოს გირვანქაში, მიეცი, მე უცბად შემოვალ და ფულით ხელში იმ ყასაბს მილიციაში წავიყვანო, ამგვარად თუ მოიქეცი, ფულიც უკან დაგიბრუნდება და ხორცი კიდევ მეტი იქნებაო.
მე, რასაკვირველია, დავთანხმდი, შეველ დუქანში, გადაუხადე გირვანქაში 10 კაპიკი, მაგიერ 9 კაპიკისა და ველოდები, აი, ან ახლა დაეცემა მართლმსაჯულების რისხვა ამ ყასაბს, ან ახლა მეთქი, მაგრამ თქვენ არ მომიკვდეთ, პოლიცია არსად გამოჩნდა. გამოველ გარეთ, აღარც იქ არის პოლიციელი. ამგვარად, ამ ჩემმა ჭკუის დამრიგებელმა ყასაბთან ერთად მომატყუა“.
ამგვარი შემთხვევების მიუხედავად, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მიმართულებით მომუშავე პატიოსან სამართალდამცავებს ხშირად საკმაოდ რთული მისია ჰქონდათ შესასრულებელი, მით უფრო, რომ არათუ ჩარჩები და გადამყიდველები, რიგითი ვაჭრები და მედუქნეებიც კი არ ერიდებოდნენ კლიენტების მოტყუებას.
მაგალითად, 1897 წელს, ტფილისის ბაზრებში „ძლიერ ბევრი მარგარინი გაჩენილა“, რომელსაც ერბოს ფასად ჰყიდდნენ. ამ გამოწვევასთან გამკლავებაც პოლიციისთვის დაუვალებიათ, ვაჭრობას თვალი ადევნეთ და „სამართალში მიეცით ყველა“, ვინც მარგარინს ერბოს ფასად გაყიდისო.
ასევე, მათი სადევნელები იყვნენ ის ვაჭრებიც, რომლებიც მოსახლეობას წონაში ატყუებდნენ, როგორც ერთ-ერთი ტფილისური ქარვასლის მოიჯარე, რომელიც კლიენტებს ოფიციალურად „დაღ-დაუსმელი“ საწონი ქვების მეშვეობით აბითურებდა.
XIX საუკუნის ბოლოსკენ ქალაქის გამგეობამ სავაჭრო პოლიციის მოხელეთა ფარდულებში სპეციალური ყუთებიც კი გამოკიდა, სადაც უკმაყოფილო მყიდველს ანონიმურად შეეძლო ამა თუ იმ ვაჭრის უკანონო ქმედებების შესახებ საჩივრის დატოვება, თუმცა აღნიშნული ინიციატივა დიდად არაფერს ცვლიდა.
ამას გარდა, გარკვეული პერიოდულობით, განსაკუთრებით კი ზაფხულში, პოლიციის მოხელეებს ევალებოდათ ყოველდღე შეემოწმებინათ საკვების ავკარგიანობა დუქნებში, ტრაქტირებში, ლუდხანებსა და სასტუმროებში:
„ამასთან, პოლიცმეისტერის თანამდებობის აღმასრულებელი საჭიროდა სცნობს, რომ დუქნებსა, ტრაქტირებსა, ლუდხანებსა და სასტუმროებში სტოლებსა და დახლებს გადაკრული ჰქონდეს თუნუქი; საყასბოებში ჰქონდეთ თუნუქით გადაკრული გრძელი ყუთები ხორციდგან ჩამონადენ სისხლის ჩასაღვრელად და ხორცზედ დაფარებული ჰქონდეთ ტილო ბუზებისა და მტვრის ასაშორებლად; ხილი, პური და სხვა ასეთი სანოვაგე დახურული იყოს თხელის ნარმით და მავთულის ბადით; ვაჭრებს და მედახლეთ ყოველთვის სუფთა წინსაფარი ჰქონდეთ აფარებული და ხორცი და თევზეულობა დილის ვაჭრობის შემდეგ, 11 საათიდგან სარდაფებში ინახებოდეს“.
ამ ყველაფრის პარალელურად კი, მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილებისა და პოლიციის მოხელეთა დიდი ნაწილის არაპროფესიონალიზმის მიუხედავად, ტფილისის პოლიციაშიც მსახურობდნენ გამოცდილი და პატიოსანი კადრები, რომლებიც არაერთი ადამიანის სიცოცხლეც გადაარჩინეს და დამნაშავეთა სამყაროს თავის ტკივილადაც იქცნენ.
ასე მაგალითად, ტფილისელი სამართალდამცავები წარმატებულად იბრძოდნენ კონტრაბანდისა და კონტრაბანდისტების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავინ იცის, ჯამში პოლიციელების მხარეს იყო უპირატესობა თუ კონტრაბანდისტების, მაგრამ ფაქტია, ძველ ქართულ პრესაში ხშირად ჩნდებოდა ინფორმაცია სამართალდამცავთა მიერ კონტრაბანდული ტვირთის აღმოჩენის შესახებ.
აქვე უნდა ვახსენოთ ერთი საინტერესო გარემოება. როგორც გაზეთი „კვალი“ წერდა 1890-იან წლებში, „არც ერთი ჩვეულება ისე სწრაფათ არ გავრცელებულა ჩვენში, როგორც ჩაის სმა… ყოველ ცოტათი მაინც შეძლებულ ოჯახში არი „სამოვარი“… თითქმის ვეღარ ძლებს, ვინც ერთხელ შეჩვეულა, უიმისოთ – „ჩაი მიირთვით“, „ჩაიზე მობძანდით“, „იქნება ჩაი არ მიგირთმევიათ“, გაიძახიან ქალაქებში, ყოველ ოჯახში, ყოველ დღე, დილით და საღამოთი“.
ალბათ ჩაის ასეთი პოპულარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ თბილისში ხშირად სწორედ განუბაჟებელი ჩაის კონტრაბანდას ეწეოდნენ და თუკი გაუმართლებდათ, მის რეალიზებასაც ახერხებდნენ.
„ამ უკანასკნელს დროს ძალიან ხშირად ჰპოულობენ ბაჟ-გადუხდელს ჩაის. ამ გვარი ჩაი მომეტებულად ქარვასლებში აღმოჩნდება ხოლმე. ამ დღეებში სიონის ქუჩაზე ჩაი-შაქრის დუქნები პოლიციის მოხელეებმა გასინჯეს და აღმოაჩინეს, რომ ვაჭრები ბაჟ-გადაუხდელს ჩაისა ჰყიდდნენ“.
კონტრაბანდული ჩაი ქალაქში სხვადასხვა გზით ხვდებოდა, მათ შორის ფურგონებით, ტომრებითა თუ ყუთებით, თუმცა გამორჩეულია 1887 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც ორ ტფილისელ სამართალდამცავს თითქმის ნახევარი ტონა განუბაჟებელი ჩაის კონტრაბანდის ფაქტზე უცხო ქვეყნის შვიდი მოქალაქე დაუკავებიათ.
აი, როგორ ყოფილა ეს საქმე: ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე, პოლიციელებს შეუტყვიათ, რომ „ვიღაც სპარსელები ქალაქ შუშიდამ იღებენ ფოსტით ჩაისა და ჰყიდიან ჩუმად ჩაის სასმელ სახლებსა და მაღაზიებში და სხვა პატარა ქალაქებშიო. მთელი ერთი კვირა თურმე ჰყარაულობდნენ ეს მოხელენი ფოსტაში ამ სპარსელებს და ელოდებოდნენ, რომ მიეღოთ თავიანთი ამანათი ჩაი ფოსტაში, მაგრამ სპარსელებს ეჭვი აეღოთ, ამიტომ, მივიდოდნენ ხოლმე ფოსტაში და დაინახავდნენ თუ არა პოლიციელებს, ცარიელები ჰბრუნდებოდნენ. ბოლოს ერთს სპარსელთაგანს ძალად მიაღებინეს ამანათი, რადგანაც იმის სახელზედ იყო გამოგზავნილი და როცა გახსნეს, ჩაი აღმოჩნდა“.
კორესპონდენტის ცნობით, შეპყრობის დროს შვიდივე სპარსელს აღმოაჩნდა ჩაი, „თურმე დაჰქონდათ აქა და იქ და ნიმუშად აჩვენებდნენ მსყიდველთ“.
ჩაის გარდა, დამნაშავეები აქტიურად ეწეოდნენ „ბერდანის თოფებისა“ და ტყვია-წამლის კონტრაბანდასაც. ტფილისელ პოლიციელებს გარკვეული წარმატება ამ მიმართულებითაც ჰქონდათ, ისევე, როგორც სხვადასხვა ცალკეულ შემთხვევაში. მაგალითად, 1899 წლის 18 აპრილს, ღამით, პოლიციელ გუდაშვილს ოქრომჭედელ მამულოვის დუქნიდან თურმე ხმაური შემოესმა. გუდაშვილს ეს ამბავი მეორე პოლიციელისთვის, გვარად ბონდარენკოსთვის შეუტყობინებია, რომელიც კართან დაუყენებია, თავად კი დუქნის ბანზე ასულა და დაუნახავს, რომ დუქანს ორი ქურდი ძარცვავდა.
„გუდაშვილმა განგებ რევოლვერი გაისროლა და ვიდრე ქურდები გაქცევას მოასწრებდნენ, კიდევაც შეიპყრო იგინი. ორივენი ტფილისის მცხოვრებნი აღმოჩნდნენ. ქურდები მეტეხის ციხეში გაჰგზავნეს, ხოლო გუდაშვილს და ბონდარენკოს ერთგულებისათვის პოლიცმეისტერმა ფული აჩუქა: გუდაშვილს – 4 მანეთი და ბონდარენკოს – 2 მანეთი“.
როგორც ჩანს, ქალაქის პოლიციაში გუდაშვილის მსგავსი პროფესიონალი და საკუთარი საქმის ერთგული სამართალდამცავებიც მსახურობდნენ, თუმცა პროფანებისა და კრიმინალური სამყაროს წევრებთან შეკრული პოლიციელები რაოდენობით ბევრად აღემატებოდნენ და საერთო სურათსაც ტფილისში სწორედ ისინი ქმნიდნენ:
1899 წლის „ერთ მშვენიერ დღეს“, პოლიციის სამმართველოში ვიღაც კაცი დილაუთენია თეთრეულის ამარა გამოჩენილა, ბოქაულის წინაშე გამოჭიმულა და ჯარისკაცთათვის დამახასიათებელი მანერით მიუმართავს:
– თქვენო ბრწყინვალებავ, გამძარცვეს.
– ვინ გაგძარცვა?
– რა მოგახსენოთ! გამომეღვიძა და ვნახე, რომ არსად იყო
არც წაღები, არც შალვარი, არც რევოლვერი…
– რა რევოლვერი?
– ხმალიც-კი წაიღეს!..
– მერე შენ ვინა ხარ?
დაზარალებული პოლიციელი აღმოჩენილა, რომელიც სულ ახალი მიღებული ყოფილა სამსახურში.
იმ დღეს, როდესაც ავადსახსენებელი ამბავი შეემთხვა, ნაძალადევში ყოფილა დანიშნული სადარაჯოდ, თუმცა, ცოტათი ჩასთვლიმა და…
დატოვე კომენტარი