საქართველოს ახალ პარლამენტს პანდემიის რთულ პერიოდში მოუწევს მუშაობის დაწყება. როგორი უნდა იყოს ახალი ხელისუფლება იმისათვის, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგეს და ქვეყანა პროგრესის რელსებზე გადავიდეს? ასევე რა იყო რეფორმები და რა ანტი-რეფორმები, რომლებიც წინა მთავრობამ და პარლამენტმა სახსოვრად დაგვიტოვეს? Forbes Georgia–ს კითხვებს ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა და იურიდიული ფირმა BGI-ს პარტნიორმა ზაზა ბიბილაშვილმა უპასუხა.
[MAINPICTURE]
ბატონო ზაზა, როგორი ხელისუფლება სჭირდება ბიზნესს იმისთვის, რომ მისი განვითარება შეუქცევადი იყოს?
ალბათ იმით უნდა დავიწყო, რომ 1998 წლიდან ვარ პრაქტიკოსი იურისტი და ორ ათეულ წელზე მეტია ვმუშაობ საქართველოში მოქმედ უმსხვილეს ინვესტორებთან თითქმის ყველა სფეროში. მახსოვს შევარდნაძის დრო, ჩრდილოვანი ეკონომიკა, ძველი სასამართლო და სასამართლოს პირველი (1999 წლის) რეფორმა. მახსოვს ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი, რადიკალური საგადასახადო, საბაჟო და სხვა რეფორმები, რასაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბუმი და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოჰყვა, თუმცა რასაც არაერთი, რბილად რომ ვთქვათ, კონტრ-პროდუქტიული ნაბიჯიც ახლდა. ვაგრძელებ მუშაობას 2012 წლის შემდეგ ჩამომდგარ ე.წ. “ბიზნესის რენესანსის“ ხანაშიც, როცა მსხვილი პროექტები ერთი შეხედვით გაუგებარი მიზეზებით ჩერდება და როცა მართლმსაჯულების რეფორმის მზრუნველმა ტალღებმა სასამართლო ლამის ბოლომდე წალეკა. ამდენად, ჩემი პასუხები ეფუძნება ბიზნესთან მჭიდრო მუშაობის თითქმის მეოთხედ საუკუნოვან გამოცდილებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბიზნესზე საუბრისას, ბევრი პოლიტიკოსი სურათს ისე წარმოაჩენს, თითქოს ბიზნესი რაღაც ცალკე აღებული, განყენებული ფენომენია, რომელსაც დანარჩენი საზოგადოების საწინააღმდეგო ინტერესები აქვს. ამიტომ, დავაკონკრეტოთ, რომ “ბიზნესს ჭირდება“, ნიშნავს “ეკონომიკას ჭირდება“, ხოლო “ეკონომიკას ჭირდება“ ნიშნავს – “ქვეყანას ჭირდება“.
ამ შესავლის გათვალისწინებით, მოკლე პასუხია, რომ ბიზნესის განვითარებას ჭირდება გონიერი, მოქნილი და არაკორუმპირებული ხელისუფლება. აქვე დავამატებდი, რომ “შეუქცევადი“ არაფერია. რისთვისაც რუტინულად არ ვშრომობთ და რასაც მუდმივად არ ვიცავთ, უკეთეს შემთხვევაში, არ ვითარდება, უარესში კი – გვერთმევა ან კვდება. არსებობს კარგი ან ცუდი ხელისუფლება (და ივანიშვილის ხელისუფლება ბიზნესისთვის ცალსახად ცუდია), მაგრამ შეუძლებელია არსებობდეს ხელისუფლება, რომელიც “შეუქცევად“ განვითარებას უზრუნველყოფს. მესმის, რომ ეს ჩვენი სურვილია, მაგრამ ასე არ ხდება. სხვათა შორის, კარგად მახსოვს ოცნების პირველი, წარუმატებელი წლის თავზე, მაშინდელი ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება – ეკონომიკის “სტრუქტურული გაჯანსაღება“ დასრულებულია (ანუ ეს წელი ამიტომ იყო მძიმეო) და “შეუქცევადი აღმავლობა“ იწყებაო. ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, ეს რეალობა კონკრეტული ადამიანების ბედზე რომ არ აისახებოდეს…
შეუქცევადი არა, მაგრამ გრძელვადიანი წარმატების ყველაზე მყარი რეცეპტი ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი მოქალაქეა – გადასახადების გადამხდელი, რომელიც შეძლებს ხელისუფლებას თავად დაუდგინოს თამაშის წესები და წაუყენოს მოთხოვნები. ადამიანი, რომელიც ყოველი გადახდილი თეთრის სანაცვლოდ ხელისუფლებისგან მოითხოვს კონკრეტულ შესრულებას, რომელიც იქნება დამკვეთი და არა წყალობის მიმღები. მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელები სწორედ ასეა აგებული. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც.
როგორ ფიქრობთ, რომელია ის რეგულაციები, რომლებიც ბიზნესისთვის ყველაზე პრობლემატურია და რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებში პირველ რიგში უნდა გადაიხედოს?
“ოცნების“ პირობებში და, განსაკუთრებით, წულუკიანის 8-წლიანი იუსტიციის მინისტრობის მადლით, ქართული კანონმდებლობა დამძიმდა ათასგვარი უგუნური, მავნებლური, თვითმიზნური, იდეოლოგიურად მოტივირებული, გაუაზრებელი რეგულაციით. რეგულაციით, რომლებიც პირდაპირ ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას.
ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება: ავიღოთ თუნდაც სავიზო “რეფორმა“ (რომელმაც უამრავი ადამიანი გააქცია საქართველოდან და თვითმიზნური ბიუროკრატიული ბარიერები შექმნა ტურიზმისა და ბიზნესის კეთების გზაზე), კონკურენციის სააგენტო (რომელიც 2 წელი არკვევდა პურის ფასის 10 თეთრით გაზრდის მიზეზებს და რომელმაც ბოლოს დაადგინა, რომ ხელოვნურ ჩარევას ადგილი არ ჰქონია), ტექდათვალიერება (რომელმაც ბევრი ჩინოვნიკი გაამდიდრა და ბევრი ღარიბი კიდე უფრო გააღარიბა, მანქანების ტექნიკური მდგომარეობა კი არ შეუცვლია – როგორც ბოლავდნენ ქუჩებში, ისევე ბოლავენ). შეგვიძლია გავიხსენოთ საბანკო და მიკროსაფინანსო დაწესებულებების მიმართ გატარებული ზომები და სასესხო რეგულაციები, რომელთა შედეგი ვაჭრობის შემცირება და რიგითი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება იყო. გავიხსენოთ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, რამაც ასობით მილიონით აზარალა ეკონომიკა და კონკრეტული ინვესტიციები საქართველოდან აზერბაიჯანში გადაქაჩა. უამრავი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ვგონებ ესენიც საკმარისია.
როცა ვკითხულობთ ამ რეგულაციების შემოღების მიზეზს, უკეთეს შემთხვევაში გვპასუხობენ, რომ “სხვაგანაც ასეა“, თუმცა ეს უსუსური გამართლებაა. რა უკეთესობა მოიტანა ამ “რეფორმებმა“? მაგალითად, ანტიმონოპოლიური რეგულაციების მიზანი ხომ ისაა, რომ კონკურენცია გაიზარდოს და, შესაბამისად, ფასები გაიაფდეს. მოხდა ასე? არა. ტექდათვალიერებამ არ გააუმჯობესა ავტომობილების ხარისხი. მან გაუძვირა ცხოვრება ყველაზე უფრო გაჭირვებულებს და ეს გააკეთა ხელისუფლებასთან დაახლოებული კონკრეტული ბიზნესმენების კეთილდღეობის გაზრდის სანაცვლოდ. ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მიზანი საერთოდ გაუგებარი ნაბიჯი იყო, რომელსაც უანგარო მავნებლობის გარდა არაფერი შეიძლება ეწოდოს. ბოდიში, მაგრამ თუ, მაგალითად, გერმანია თავისუფლად არ შეუშვებს საქართველოს მოქალაქეებს, მას ამით დიდი არაფერი დააკლდება. ხოლო თუ საქართველო დაუწესებს შეზღუდვებს გერმანიის მოქალაქეებს, აქ ნაკლები ტურისტი და ინვესტორი შემოვა.
“ოცნების“ არგუმენტი ხშირად ისაა, რომ მსგავსი რეგულაციები ევროკავშირშიც აქვთ. ოღონდ, ფაქტია, რომ ამ გზით ევროკავშირს ვერასდროს დავეწევით, ინვესტიციებს ვერ მოვიზიდავთ და მუდმივად ღარიბ სახელმწიფოდ დავრჩებით. მაგალითად, თუ რუმინეთსა და საქართველოში ერთნაირი რეგულაციები იქნა, ინვესტორი ყოველთვის აირჩევს ნატოსა და ევროკავშირის წევრ რუმინეთს და არასდროს ჩადებს ფულს საქართველოში. თითქოს მარტივია, მაგრამ კოლექტიური წულუკიანის სწორხაზოვან ხედვაში ეს ლოგიკა არ ჯდება. მეორე ვარიანტია, რომ ივანიშვილს ზუსტად ეს უნდა – ნაკლები კონკურენცია და ნაკლები მისგან უკონტროლო ინვესტიცია, რათა თავად იყოს ფულის ყველა ნაკადის წყარო ან მაკონტროლებელი, პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.
რომ შევაჯამოთ: უნდა გაუქმდეს ყველა რეგულაცია, რომელიც ზრდის ბიუროკრატიას, აფერხებს ინვესტიციებს, ანელებს ეკონომიკურ ზრდას, ქმნის ხელოვნურ, თვითმიზნურ ბარიერებს ბიზნესის კეთების გზაზე, წარმოქმნის კორუფციის დამატებით ბუდეებს და რომელსაც არანაირი კონკრეტული სარგებელი არ მოაქვს.
ბიზნესის ხმა ისმოდა წინა მოწვევის პარლამენტში?
ბიზნესის, როგორც და დამოუკიდებელი მოთამაშის, როგორც ერთ-ერთი ლეგიტიმური დამკვეთის ხმა, სამწუხაროდ, არც წინა პარლამენტში ისმოდა და არც რომელიმე იმის წინა პარლამენტში. სხვა საქმეა, რომ პარლამენტში იყვნენ და არიან ბიზნესმენები, რომელთათვისაც პარლამენტარის სტატუსი ან მმართველი ძალის მიმართ ხარკის ნაწილია, ან საკუთარი ბიზნეს-ინტერესების “დაკრიშვის“ მცდელობა. ამას “ბიზნესის ხმად“ ვერ განვიხილავთ.
დღესაც, ბიზნესები ხელისუფლებასთან უფრო სხვა ფორმატებში მუშაობენ. პირველ რიგში ესაა ბიზნეს-ასოციაციები (BAG, AmCham, ICC და ა.შ.), რომელთა შორის ხელისუფლებას ჰყავს აშკარა ფავორიტები და არასასურველი პარტნიორები. ამ უკანასკნელთა შორისაა ყველა, ვინც საჯარო დისკუსია და კრიტიკას არ ერიდება.
რომელმა რეფორმებმა განაპირობა ეკონომიკის მეტ-ნაკლები მედეგობა პანდემიის მიმართ და რა უნდა იყოს შემდეგი თაობის რეფორმები?
მართალი გითხრათ, ვერ ვიხსენებ ბოლო 8 წლის მანძილზე განხორციელებულ ვერც ერთ რეალურ რეფორმას. ანტი-რეფორმა, რამდენიც გენებოთ – ასეთებზე უკვე ვისაუბრეთ. სიტყვა “რეფორმას“ ხშირად იყენებს ხელისუფლება, თუმცა როცა ვითხოვთ კონკრეტულ ჩამონათვალს, სასაცილო პასუხებს ვიღებთ ხოლმე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, იუსტიციის სამინისტრომ გამოსცა ბუკლეტი მისი “რეფორმების“ ჩამონათვალით, სადაც იყო ისეთი პუნქტები, როგორიცაა “აღსრულების პროცესი გახდა უფრო ჰუმანური“, რაც სინამდვილეში ნიშნავდა, რომ აღსრულება გახდა უკიდურესად პრობლემური.
რაც შეეხება ქართული ეკონომიკის მეტ-ნაკლებ მედეგობას, ამაზე საუბარი როგორც მინიმუმ ნაადრევია. წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება. 2021 წელს რა გაგრძელება მოყვება ამას, ჯერ კიდევ უცნობია. ამასობაში ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. არ არსებობს ახლო პერსპექტივაში მათი ხელახლა შექმნის მოლოდინი და წინაპირობა. ეროვნული ბანკი ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს, რომ ისედაც ისტორიულ მინიმუმზე მცურავი ლარი საარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო არ გაუფასურდეს…
ზოგადად, ეკონომიკური მედეგობისთვის, გარდა უკვე განხილული რეგულაციების გაუქმებისა, გვჭირდება მეტი კონკურენცია, მეტი სიმარტივე ბიზნესის კეთებისას, ნაკლები სახელმწიფო ჩარევა და მეტი დივერსიფიკაცია სავაჭრო პარტნიორებს შორის. სამწუხაროა, რომ გადასახადების შემცირება, რაც 2012 წლამდე უკვე ჩადებული იყო კანონმდებლობაში, გადაიხედა და, ამის ნაცვლად, გადასახადები გაიზარდა (საპენსიო სქემა სხვა არაფერია). ასევე სამწუხაროა, რომ რუსეთი, რომელიც 2012 წელს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების პირველ ხუთეულშიც კი არ შედიოდა, უკვე წლებია, მყარად გადავიდა მეორე ადგილზე, რითიც გავლენის ბერკეტი მოიპოვა ჩვენს ეკონომიკაზე. რაც მთავარია, ეს არ ყოფილა ბუნებრივი პროცესი, არამედ იმთავითვე ივანიშვილის გაცხადებული მიზანი იყო.
სიტყვამ მოიტანა და, შეუძლებელია არ ვახსენოთ ეკონომიკაზე ოლიგარქიული წყობილების დამღუპველი გავლენა. როცა ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს – ადამიანი, რომელსაც ამასთანავე ტოტალური კონტროლი აქვს ხელისუფლების ყველა შტოზე – ამ სიტუაციაში ინვესტიციების მოლოდინი, როგორც მინიმუმ, მიამიტობაა. ძალიან უხერხული იყო ის, რომ პანდემიამდე, საინვესტიციო ფორუმებზე ივანიშვილის პროექტები დაჰქონდა ხელისუფლებას, თანადაფინანსების მოზიდვის მიზნით. ამას, ცხადია, შედეგი არ მოჰყოლია და ვერც მოჰყვებოდა. პირიქით – ამგვარი საქციელი უცხოელ ინვესტორებს უმყარებდა ეჭვს, რომ ამ პირობებში საქართველოში ფულის ჩადება არ ღირს.
სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, IT ტექნოლოგიები და ა.შ. რომელი სექტორები უნდა აარჩიოს მთავრობამ პრიორიტეტულად ეკონომიკური განვითარებისთვის?
ტურიზმი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და, ალბათ, ერთადერთი სექტორია, რომლის მნიშვნელობაზე აღარავინ დავობს (არადა, არც თუ ისე დიდი წინ ისმოდა ხმები, რომ ტურიზმის სფეროში მუშაობა უცხოელებისთვის “მოსამსახურედ დადგომაა“ და არ გვეკადრება). პანდემიამ ამ სექტორის განვითარება სრულიად ბუნდოვანი გახადა. ამდენად, აუცილებელია სხვა სფეროებზე აქცენტი. დიდი ძალისხმევა და ინოვაციური ხედვა იქნება საჭირო კოვიდის “გვერდის ავლითი“ სტრატეგიის შესამუშავებლად. სამწუხაროდ, ახალი ხედვები კი არა, არსებული პროექტებიც არ ვითარდება, რომელთა დაძვრა მთლიანად ხელისუფლების ხელშია. ავიღოთ თუნდაც ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ს უმაღლესმა ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კონსორციუმს ფორმალურად გაუწყვიტა ხელშეკრულება. რატომ არ აცხადებენ ახალ ტენდერს? კითხვა რიტორიკულია, მაგრამ მაინც უნდა დაისვას.
ასევე მნიშნელოვანია IT ტექნოლოგიები, საბანკო სექტორი და ფინანსური ბაზრები. სოფლის მეურნეობა სენტიმენტალური თემაა, მაგრამ ამ სფეროს როლი ეკონომიკაში უმნიშვნელოა. სხვათა შორის, ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად დასახელება იმთავითვე შეგნებულად პოპულისტური მესიჯი იყო.
საქართველოსნაირი ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობის ეკონომიკურ პრიორიტეტად გამოცხადება ნიშნავს შეგნებულ არჩევანს სიღარიბის სასარგებლოდ. ხელისუფალი, რომელიც გვპირდება სოფლის მეურნეობის “აღორძინებას“ (როდის ყვაოდა?!) იმთავითვე იტყუება და მხოლოდ საკუთარი თავისთვის იღწვის. ხელისუფალი, რომელსაც უნდა, რომ მოსახლეობის 50% სოფლის მეურნეობაში დარჩეს დასაქმებული, არ არის ამ ხალხის კეთილმოსურნე. გლეხი სუბსიდიით კი არ უნდა იღებდეს მოსავალზე თანხებს, არამედ კომერციულად ყიდიდეს სარფიან ფასად თავის პროდუქციას. ზოგადად, განა არ ჯობია, ვაშლი ნაკლებმა ადამიანმა დაკრიფოს, ამაში მეტი ფული მიიღოს, ხოლო დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებმა უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურები იშოვნონ? დიახ, ჩვენ გვაქვს ნიშური სექტორები – ღვინო, თხილი – მაგრამ მთლიანობაში, სოფლის მეურნეობა ვერ იქნება ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. უხერხულია, რომ ამის მტკიცება გვიწევს და ეს რუსული პროპაგანდის წარმატების მაგალითია. მოკლედ, მენტალური რევოლუციაა საჭირო. მიდგომები და ხედვები უნდა შევცვალოთ.
სად და როგორ პროექტებში ხედავთ კერძო-საჯარო პარტნიორობას?
კერძო-საჯარო პარტნიორობა, როგორც წესი, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება. ამ მხრივ, საქართველოს პრაქტიკულად არ აქვს გამოცდილება. მაგრამ ამისთვის, როგორც უკვე მოგახსენეთ, პოსტ-საბჭოთა მენტალობიდან უნდა გამოვიდეთ, რისთვისაც არათუ არაფერი კეთდება, არამედ პირიქით – ხანდახან შთაბეჭდილება რჩება, რომ შეგნებულად აღვივებენ ფობიებს და ამყარებენ 19-ე საუკუნის სააზროვნო ჩარჩოებს.
მიმდინარე წლის განმავლობაში ბევრს საუბრობდნენ საქართველოს მიერ კრიზისის შესაძლებლობების გამოყენებაზე. თქვენი აზრით, რა შესაძლებლობები გავუშვით ხელიდან და რა დაგვრჩა?
ბოლო რამდენიმე წელი საქართველოსთვის შეგნებულად გაშვებული შესაძლებლობების მთელი კასკადია – ანაკლიის პორტი, თბილისის შემოვლით რკინიგზა, ყარსი-ახალქალაქი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც 2012 წელს უნდა გახსნილიყო და 2020 წელს გაიხსნა (ნუ ვეხუმრებით 8 წლის განათლებას – მთელი თაობაა!), რიყის საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, რომლებსაც ხავსი ედებათ, მთაწმინდის საბაგირო, რომელიც უბრალოდ გააუქმეს, არადა უმნიშვნელოვანესი ტურისტული პროექტი იყო. მეგა-მოგებებიდან სტაბილურ წაგებაზე გაყვანილი საქართველოს რკინიგზა და სხვა… მაგრამ, როგორც ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, არც ერთი გამარჯვება არაა საბოლოო და არც ერთი დამარცხება არაა ფატალური. ბევრი გავუშვით, მაგრამ ბევრი შანსი დაგვრჩა. მთავარია, მათი გამოყენების ნება. თუ იქნება ხელისუფლება, რომელსაც ექნება პოლიტიკური ნება, ყველაფერი გამოსწორდება.
როგორ პარლამენტს ისურვებდით იმისათვის, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს მუდმივი პრობლემები?
ვისურვებდი განათლებულ და მოაზროვნე პარლამენტს, რომლის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი იქნება არა პარტიული ინტერესები ან იდეოლოგია, არამედ საღი აზრი. ვისურვებდი პარლამენტს, რომლის წევრებს რეალურ სამყაროსთან შეხება ჰქონიათ და ეცოდინებათ, როგორ ოპერირებს ეკონომიკა. ვისურვებდი პარლამენტს, რომელიც “შტურვალს მიხედავს“ და რომელსაც ყველაფრის დარეგულირების ამბიცია არ ექნება. ვისურვებდი პარლამენტს, რომელიც ფესვებს არ გაიდგამს და კონკრეტული ამოცანის შესრულების მერე დემოკრატიულად წავა ან გზას დაუთმობს სხვას. ვიცი, უტოპიური სურათი დავხატე, მაგრამ თუ ნატვრაა, ნატვრა იყოს!
დატოვე კომენტარი