ორი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა სოციალური დახმარების მიმღებთა დასაქმების პროგრამის დაწყება დააანონსა. მაგრამ, რადგან დღემდე ჯერ კიდევ პროგრამის დეტალები არ არის ცნობილი, ჩვენ მხოლოდ მთავრობის წევრების მედიაში გაკეთებული განცხადების საფუძველზე შეგვიძლია, მის ავკარგიანობაზე ვიმსჯელოთ. ამიტომ ამ წერილს არა კრიტიკული, არამედ უფრო რეკომენდაციული ხასიათი მინდა, ჰქონდეს.
პირველი, რაც შეიძლება გაჟღერებული ინიციატივიდან ვივარაუდოთ, მთავრობამ ქრონიკული უმუშევრობა სისტემურ პრობლემად და მასთან ბრძოლა სახელმწიფოს პასუხისმგებლობად აღიარა. იმედია, ამით დასრულდება უმუშევრობის პრობლემის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სიღრმეებში ძებნა, როცა „წარმატებულების“ მხრიდან სიღარიბე და უმუშევრობა ადამიანების პიროვნულ თვისებებს ბრალდებოდა და „წარუმატებლების“ სენად სიზარმაცე იყო გამოცხადებული.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც დღესაც 90-იანი წლების ვაშინგტონის კონსენსუსისა და შოკური თერაპიის რეცეპტების განუხრელი რწმენისა და ბიზნესის კეთების სხვადასხვა არაფრის მომცემი რეიტინგების ტყვეობაშია. რის შედეგადაც, 30 წლის შემდეგაც კი, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 1988-89 წლის მაჩვენებელსაც კი ჩამოვრჩებით.
ბაზრის უხილავმა ხელმა ვერც ღირებული სამუშაო ადგილების შექმა შეძლო, არსებულმა შრომის ფასმა კი ვერც იმ საჭირო სიგნალების გაგზავნა, რომლებიც დასაქმებას შეუწყობდა ხელს. რადგან კაპიტალიზმში სოციალური პოლიტიკა „ბაზრის ჩავარდნების“ გამოსწორებას ემსახურება, ამჯერად მასზე შევჩერდები. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი სოციალური პოლიტიკა არა ადამიანის განვითარებაზე, არამედ მის ფიზიოლოგიურ გადარჩენაზე იყო ორიენტირებული. ის პირდაპირ ემსახურებოდა სოციალური დაყოფის ჩაბეტონებას. მაგალითად, PISA-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების შვილები თითქმის 3 წლით ჩამორჩებიან აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით თავიანთ თანატოლებს. პრობლემა არა მხოლოდ ფულადი დახმარების მოცულობაში, არამედ სოციალური პოლიტიკის ბერკეტების სიმცირეშია.
საბაზისო სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისთვის საჭიროა სოციალური ორიენტირი. საქართველოში დღეს მის ფუნქციას საარსებო მინიმუმი ასრულებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ზრდასრული შრომისუნარიანი მამაკაცისთვის ის დღეს 224 ლარს შეადგენს. აქედან 70 %-ს საკვები კომპონენტი წარმოადგენს, 30 %-ს სხვა დანარჩენი, რაშიც ტრანსპორტის ხარჯებიდან კომუნალური ხარჯების ჩათვლით, ყველაფერი იგულისხმება. ადამიანი ფიზიოლოგიურთან ერთად, სოციალური არსებაც არის. დამეთანხმებით, რომ 224 ლარი მისი ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც ვერ იქნება საკმარისი. თუ ჩვენ ყველაზე ხელმომჭირნე მეთოდოლოგიითაც კი დავთვლიდით, საკვების კალორაჟში ცხოველური წარმოშობის საკვების წილის გაზრდისა და დრომოჭმული შევაჭრების კოეფიციენტის გაუქმების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმი, სულ ცოტა 450 ლარი იქნებოდა. ზოგადად ამ ტიპის მეთოდოლოგიით ბავშვებზე ზრდასრული ადამიანის საარსებო მინიმუმის 60% მოდის. ანუ, რომ წარმოვიდგინოთ ოთხსულიანი ოჯახი, მამა, დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახზე გადათვლილი მინიმუმი 1440 ლარი იქნებოდა. 60 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე ამ დემოგრაფიული მდგომარეობის ოჯახიც კი, რომელიც დღეს მაქსიმალურ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, არაფინანსურ დახმარებასაც (კომუნალური ვაუჩერი, ტრანსპორტის სუბსიდირება, ჯანდაცვის პაკეტი და ასე შემდეგ) იღებს, არაფინანსური დახმარების თანხაში გამოსახვის შემთხვევაშიც კი, ახლოსაც ვერ მიდის ამ მაჩვენებელთან, თან თუ ჯანდაცვის პაკეტსაც გამოვაკლებთ, რომლის გამოყენების საჭიროება, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, მიმდინარე ყოველთვიურ ხარჯებს არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, დასაქმების გაცხადებული პოლიტიკის მიზანი, სულ ცოტა, შინამეურნეობის შემოსავლის ამ მაჩვენებლის მიღწევა მაინც უნდა იყოს.
ცხადია, ხანგრძლივი უმუშევრობის შემთხვევაში, ადამიანს განგრძობადი შრომითი ურთიერთობებისთვის საჭირო უნარები და მოტივაცია ეკარგება. მათი აღდგენა აუცილებელია, მაგრამ არა სოციალური დახმარების მოხსნის მუქარით, გინდაც დასაქმების შემდეგ ერთი, ორი ან თუნდაც სამი წლის თავზე.
დასაქმების მთავარი მოტივატორი ხელფასია და არა თვითრეალიზაციის სურვილი, განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში, რადგან სხვადასხვა დასაქმების პორტალებზე განთავსებული ვაკანსიების უმეტესობა და არსებული შრომის პირობები, ნამდვილად არ იძლევა თვითრეალიზაციის განცდის შესაძლებლობას. მოტივაციის წყაროდ გვრჩება მხოლოდ ხელფასი. 2019 წლის მონაცემებით, 320 ათასი ადამიანის დარიცხული ხელფასი 500 ლარზე ნაკლები იყო – საშუალოდ 280 ლარი. ანუ დასაქმებულთა ერთ-ერთი ყველაზე დიდ საშემოსავლო ჯგუფის ხელფასი, რეალურ საარსებო მინიმუმზე, 450 ლარზე ნაკლები იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ უამრავი სამუშაო ადგილი ვაკანტური რჩება. ამ რეალობის გათვალისწინებით, გამოსავალი კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასია. ცხადია, სრული დასაქმებისა და კოლექტიური შეთანხმებების პირობებში თვითონ დამსაქმებელები და დასაქმებულები შეთანხმდებოდნენ ხელფასის გონივრულ ოდენობაზე, მაგრამ ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე. გამოცდილება ცხადყოფს, რომ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებში კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის 45-50%-ს შორის მერყეობს. მედიანურს ჩვენი სტატისტიკა არ ითვლის. მინიმალური ხელფასი, სულ ცოტა, საარსებო მინიმუმზე მეტი მაინც უნდა იყოს, რათა ადამიანი დათანხმდეს ვაკანსიას. ამ შემთხვევაში დღევანდელი საშუალო ხელფასის (1325 ლარის) 45 % პროცენტი (596 ლარი) კარგი საწყისი იქნებოდა. ჩემი ეს კანონპროექტი უმრავლესობამ ერთხელ უკვე ჩააგდო 2020 წელს კენჭისყრაზე პარლამენტში, რაც კიდევ ერთხელ მაძლევს მთავრობის გაცხადებული ინიციატივების განხორციელების მიმართ სკეპტიციზმის საფუძველს. ამიტომ, სანამ ვინმეს მუქარით თუ მის გარეშე დასაქმებას ვეცდებით, მინიმალურ ხელფასზე უნდა ვიზრუნოთ. სხვათა შორის, დევიდ ქარდმა 2021 წელს ნობელის პრემია სწორედ იმაში მიიღო, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მინიმალური ხელფასის დადგენის მოწინააღმდეგეთა არგუმენტების უსაფუძვლობა.
როგორც ყველა ბაზარს, ისე შრომის ბაზარსაც ახასიათებს ინფორმაციული ასიმეტრია. დასაქმების სამსახურისა თუ სააგენტოს ფუნქცია სწორედ ამ ასიმეტრიის აღმოფხვრა, სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის სწრაფი დაკავშირება უნდა იყოს. მაგრამ სტრუქტურული უმუშევრობის, კვალიფიკაციისა და ცოდნის თვალსაზრისით მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსის გათვალისწინებით, სააგენტო ამით ნამდვილად ვერ შემოიფარგლება. გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა მექანიზმიც ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ დღევანდელი პროფესიული ცოდნისა და გადამზადების მექანიზმები მოწყვეტილია ამ პრობლემასთან გამკლავების უნარს. აცდენაა პროგრამების კვალიფიკაციას, მათ ხანგრძლივობასა და ეკონომიკის სტრუქტურას შორის. დღეს არსებული ვაკანსიები ნამდვილად არ საჭიროებს მომზადება-გადამზადების ხანგრძლივ პროგრამებს. აქ ყბადაღებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს არ ვგულისხმობ. ხოლო ის სამუშაო ადგილები, რომლებიც ხანგრძლივ მომზადებასა და სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, მცირე რაოდენობით თუ იქმნება. ეს პირდაპირ ბმაშია ეკონომიკის პოლიტიკასთან და ამ შემთხვევაში სიღრმეებში შესვლისგან თავს შევიკავებ. მაგრამ, სანამ სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა არ ექნება კერძო სექტორის მონაწილეობით ჩამოყალიბებული, სადაც ცხადი იქნება კონკრეტული ტექნოლოგიატევადი დარგების განვითარების სტრატეგია და მხარდამჭერი მექანიზმები, ასეთ სამუშაო ადგილებს ბაზარი თვითონ ვერ შექმნის. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ ქმნის.
დაბოლოს, სოფლად სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე. სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებას, სხვა ფაქტორებს შორის, მეურნეობების მცირემიწიანობა და ფრაგმენტაციაც აფერხებს. სოფლად მცხოვრებთა დიდი ნაწილი ნატურალური მეურნეობით არის დაკავებული. ეს გარემოება ხელს უშლის მოცულობის ეკონომიკაზე გადასვლასა და პროდუქტიულობის ზრდას. მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის გზა მსხვილი ლატიფუნდიების შექმნაზე ვერ გაივლის. ჯერ ერთი, ადამიანებს სტაბილურობა სჭირდებათ. სოფლის მეურნეობა, სეზონური ხასიათიდან გამომდინარე, ვერ იქნება სტაბილური დასაქმების გარანტი. ესეც რომ არ იყოს, მარტივი სოციოლოგია გვკარნახობს, რომ სოფლად მცხოვრები ძნელად თუ თანხმდება მეზობლისა თუ ჩამოსული ინვესტორის მსხვილ მეურნეობაში დასაქმებაზე. სოფლად მცხოვრები გლეხი მუშა არ არის, რომელსაც სხვა არაფერი გააჩნია, გარდა საკუთარი სამუშაო ძალისა. ის 1 თუ 1,25 ჰექტარი მიწაც კი, რომელიც მის საკუთრებაშია, ერთგვარ წინაღობას წარმოადგენს მეზობელ მეურნეობაში დასაქმებაზე დათანხმებისთვის. ამიტომ ნუ ვეცდებით სოფლის მოსახლეობის პროლეტარიზაციას. უკეთესი გზა არის მათი გაერთიანება კოოპერატივებში, რაც მეურნეობის გამსხვილებასა და წარმატების შემთხვევაში მოცულობის ეკონომიკაზე გადასვლას გულისხმობს. ვიცი, რთულია და სახელმწიფოსგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე აუქციონზე უბრალოდ მიწის გატანა, მაგრამ როგორც ეკონომიკური, ისე სოფლად სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით, ბევრად უფრო სასარგებლოა და მდგრადი.
თუ რეფორმაა, რეფორმა იყოს.
დატოვე კომენტარი