თურქეთის მთავრობა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ამჟამინდელი საბიუჯეტო ბალანსი და უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამის შესახებ თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომელმაც 2021–2023 წლების ახალი ეკონომიკური პროგრამა წარადგინა. მინისტრ ბერატ ალბაირაკის განცხადებით, ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯები მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება, რაც დაეხმარება ფინანსური სტაბილურობის მიღწევას.
ამასთან, თურქეთი მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდას 0.3%-ით ელის, თუმცა, მინისტრის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში ეკონომიკის მაქსიმუმ 1.5%-იანი კლებაა მოსალოდნელი.
მისივე განცხადებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდება მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით, თუმცა, 2021 წელს აჩქარდება და 5.8%-ს მიაღწევს. ამასთან, თურქეთის მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის მიხედვით, ზრდა 5%-იანი იქნება 2022 და 2023 წლებში.
“მიზნის მისაღწევად ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ექსპორტზე, დასაქმებაზე, რასაც აქამდეც ვაკეთებდით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის მშპ აპრილ-ივნისში 9.9%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა, მანამდე სამი თვის განმავლობაში ის იზრდებოდა 4.4%-ით.
ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მომსახურების სფერო, ტრანსპორტი და ტურიზმი, თურქეთში ჯერ არ აღდგენილა სასურველ დონემდე.
“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვაცოცხლოთ მომსახურების სექტორი, რომელიც 15 მილიონ ადამიანს ასაქმებს“, – განაცხადა მინისტრმა.
დატოვე კომენტარი