თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის ხელმძღვანელის, ადილ კარასიმაილოღლუს თქმით, თურქეთი ნახიჩევანამდე ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს. ახალი რკინიგზა, რომლის მშენებლობაც განიხილება, სომხეთის ტერიტორიაზე არ გაივლის, ის მხოლოდ თურქეთსა და ნახიჩევანის მხარეს დააკავშირებს.
ახალი რკინიგზის მშენებლობის შესახებ განცხადება აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ გაკეთდა. ნახიჩევანი არის აზერბაიჯანის ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც თურქეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს. საზღვარი 10 კილომეტრის სიგრძისაა და ის მდინარე არაქსზე გადის. 1992 წელს ორ ქვეყანას შორის აშენდა ხიდი, რომელიც სატრანსპორტო კავშირს უზრუნველყოფს.
თუმცა, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისგან განცალკევებულია. წარსულში გაკეთებული განცხადებების თანახმად, ნახიჩევანამდე ახალი რკინიგზა თურქეთის ქალაქ ყარსიდან უნდა აშენებულიყო.
რაც შეეხება საავტომობილო ტრანზიტს, 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ცენტრალურ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის უნდა შეიქმნას ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის. სომხეთის მონაკვეთზე ტვირთებისა და მგზავრების უსაფრთხოებას რუსული მხარე დაიცავს.
აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების მეცხრე პუნქტი, რომელიც სატრანსპორტო გადაზიდვებს შეეხება:
“რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანების და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით.
სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ. მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების დოკუმენტში.
რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას:
მარაბდა-კარწახის რკინიგზა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. ის $775 მილიონიანი სასესხო ხელშეკრულებით აშენდა, თუმცა სრული დატვირთვით ამ დრომდე ვერ ამოქმედდა. მაგისტრალის სიგრძე 157 კილომეტრია.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყება 2007 წლის ბოლოს გამოცხადდა. თავდაპირველად, მშენებლობის დასრულების თარიღად 2010 წელი სახელდებოდა, თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ გადაიდო და საბოლოო ვადად 2012 წელი, შემდეგ – 2013, 2015, 2016, 2017, 2018 წლები სახელდებოდა. გადადების მიზეზები, რომელთაც საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ასახელებდნენ, სხვადასხვა იყო, დაწყებული შეფერხებებით დაფინანსებაში, პოლიტიკური ცვლილებებით და დამთავრებული პრობლემებით კონტრაქტორ კომპანიასთან თურქეთში, ასევე რთული გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და კლიმატური პირობებით. არსებული მდგომარეობით, ბაქო-ყარსის მაგისტრალის სრულფასოვანი ექსპლოატაციის დაწყება მეზობელ ქვეყნებზე არის დამოკიდებული.
დატოვე კომენტარი