თურქეთი 2023 წლისთვის ქვეყანაში სარკინიგზო ხაზის სიგრძის 16 775 კილომეტრამდე გაზრდას ისახავს მიზნად. როგორც თურქული მედია წერს, ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. ცნობისთვის, თურქეთში ამჟამად სარკინიგზო ხაზის საერთო სიგრძე 12 803 კილომეტრს შეადგენს.
მინისტრ ადილ კარაისმაილოღლუს განცხადებით, ბოლო 19 წლის განმავლობაში თურქეთმა რკინიგზაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. მისივე თქმით, ქვეყანა რკინიგზის მოდერნიზებას თანამედროვე ტექნოლოგიებით ცდილობს.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის მნიშვნელობას ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ „რკინის აბრეშუმის გზაზე“.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სარკინიგზო ქსელის სიდიდის მიხედვით, თურქეთი 23-ე ადგილზეა. პირველ ხუთეულში კი, ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და კანადა შედიან. ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან აღნიშნული ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობისა და ტერიტორიის ზომის მიხედვით, ყველაზე დიდი სახელმწიფოებია.
დატოვე კომენტარი