თურქეთი აპირებს მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას იმისათვის, რომ გახდეს რეგიონული და კონტინენტებს შორის დამაკავშირებელი ჰაბი, – ამის შესახებ თურქული მედია წერს.
Daily Sabah-ის ინფორმაციით, ქვეყანა გეგმავს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მთავარი საკონტეინერო პორტის მშენებლობას, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი წერტილი იქნება ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. კონკრეტული ადგილი კი პორტის მშენებლობისთვის მას შემდეგ გამოიკვეთება, როდესაც პროექტზე მუშაობა დაიწყება და კვლევა ჩატარდება. ეს კი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წლიური გეგმის მიხედვით 2021 წელს იგეგმება. პროექტს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს.
გარდა ამისა, ქვეყანა გეგმავს გაზარდოს Belt and Road Initiative-ის (BRI) ქვეყნებთან თანამშრომლობა. აღნიშნული ინიციატივა ჩინეთის მთავრობამ 2013 წელს გამოაცხადა და ის ითვალისწინებს რეგიონების სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ დაკავშირებას ერთმანეთთან.
BRI-ი ერთმანეთთან აკავშირებს თურქეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს სარკინიგზო ხაზით, და შემდეგ მარშრუტი კვეთს კასპიის ზღვას და თურქმენეთისა და ყაზახეთის გავლით უკავშირდება ჩინეთს. ამ მარშრუტის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტიც.
დატოვე კომენტარი