თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, შვედეთი ანკარისაგან NATO-ში გაწევრების შესახებ მწვანე შუქს მანამ არ უნდა ელოდოს, სანამ ქვეყანაში ანტითურქული პროტესტი არ შეწყდება. მისი განმარტებით, სანამ სტოკჰოლმში „ტერორისტები“ თურქეთის პოზიციას აპროტესტებენ, თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრების წინააღმდეგი იქნება.
გუშინ თურქეთის, ფინეთის, შვედეთისა და NATO-ს წარმომადგენლები ერთმანეთს ანკარაში შეხვდნენ და შვედეთის NATO-ში გაწევრების შესახებ თურქეთის წინააღმდეგობის მიზეზებზე იმსჯელეს. შვედური მხარის მთავარი მომლაპარაკებლის, ოსკარ შტენსტრომის განცხადებით, თურქეთთან მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა გასულ წელს მადრიდში გაფორმებული სამმხრივი შეთანხმება და ამ შეთანხმების შესრულებისთვის შვედეთის წინსვლა და ძალისხმევა განიხილეს.
მარტში თურქეთმა ფინეთის NATO-ში გაწევრებას მწვანე შუქი აუნთო, თუმცა შვედეთთან მიმართებით კვლავ წინააღმდეგია. თურქეთთან ერთად წინააღმდეგობას უნგრეთიც გამოთქვამს. თურქეთის ოფიციალური პოზიციით შვედეთი ქურთული სამხედრო დაჯგუფებების წევრ, ანუ ქვეყანაში ტერორისტებად მიჩნეულ პირებსა და ორგანიზაციებს მფარველობს. შესაბამისად, მისი წინააღმდეგობაც ამას უკავშირდება. შვედეთი კი აპელირებს, რომ ანკარის რეკომენდაციებს ასრულებს, რომელთა თანახმადაც ახალი ანტიტერორისტული კანონიც მიიღო. მათი განმარტებით, კანონი ექსტრადიციის ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებთანაა თანხვდენილი.