მეწარმეობის საერთაშორისო სამიტზე თურქმა სამხედრო დრონების პიონერმა და ბიზნესმენმა სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ ჭკვიან მფრინავ მანქანებზე მუშაობა უკვე დაიწყო. ბაირაქტარი ასევე არის Teknofest–ის საბჭოს თავმჯდომარე.
„ამჟამად დაახლოებით 200–მდე სტარტაპი ცდილობს ამ სფეროს განვითარებას. ჩვენ ჭკვიან მფრინავ მანქანებზე მუშაობა გაცილებით ადრე, დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყეთ“, – აღნიშნა მან.
პროექტის უსაფრთხოების ასპექტებზე საუბრისას, ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ მანქანები საიმედო და უსაფრთხო უნდა იყოს. მათ უნდა ჰქონდეს ადამიანისათვის გასაგები სიტუაციური ინფორმირების სისტემები. ყველაზე რთული ასპექტების გათვალისწინებით, პროექტის განსახორციელებლად სავარაუდოდ 5, 10 ან 15 წელიწადი იქნება საჭირო.
„მნიშვნელოვანი მიღწევები ყველა სფეროში აუცილებელია – ზემოქმედების სისტემებით დაწყებული, ბატარეის ტექნოლოგიით დამთავრებული. ამასთან უმნიშვნელოვანესია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მანქანას თვითმართვის საშუალებას მისცემს. ჩვენ დღეს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხვალ ამ სფეროს წამყვანი მოთამაშეების სტატუსი მოვიპოვოთ“, – განაცხადა კონფერენციის მსვლელობისას ბაირაქტარმა.
რაც შეეხება Baykar–ის ახალ უპილოტო საჰაერო სისტემების პროექტს, ინჟინრებმა აღნიშნეს, რომ Bayraktar TB3 თავის პირველ ფრენას 2022 წელს შეასრულებს.
„იმედი მაქვს, Bayraktar TB3-ის პირველ ფრენას 2022 წელს იხილავთ. 2023 წლისათვის კი ახალი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, რომელსაც ჩვენ საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავების სისტემას, ანუ უპილოტო სამხედრო თვითმფრინავებს ვუწოდებთ“.
დატოვე კომენტარი