თურქეთი მიმდინარე კვირას აპირებს გახსნას ირანთან გურბულაკის და ერაყთან ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ვაჭრობის გაზრდის მიზნით – ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ პეკჯანმა განაცხადა. საზღვრების გახსნა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში იგეგმება.
როგორც მინისტრმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, ყველაზე ცუდი პერიოდი უკვე გადავლილია და ახლა საჭიროა ვაჭრობის ხელშეწყობა.
ქვეყანაში ექსპორტის მაჩვენებელი მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით შემცირდა და $9.43 მილიარდი შეადგინა. ხოლო იმპორტი 28.2%-ით დაეცა და $12.79 მილიარდი შეადგინა. თურქეთის სავაჭრო დეფიციტი მაისის თვეში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 78.7%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი ბუნებრივია პანდემია და შემზღუდველი ზომები გახდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოფიციალურმა ანკარამ მალევე დახურა საზღვარი ირანთან, სადაც ეპიდემია უფრო ადრე დაიწყო. ჩაიკეტა თურქეთი-ერაყის საზღვარიც და მცირე დროით სატვირთო მანქანების გადაადგილებაც შეწყდა. თუმცა, შემდეგ შეიქმნა ბუფერული ზონა, სადაც სატვირთოებს პროდუქტი ჩაჰქონდათ და იქიდან იგზავნებოდა ქვეყანაში. თავად სატვირთოებს კი ქვეყანაში შესვლის უფლება არ ჰქონდათ.
როგორც ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, ექსპორტის აღდგენის პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს როგორც თურქეთში, ასევე ქვეყნის მთავარ საექსპორტო ბაზრებზე.
მისივე თქმით, ივნისში უკვე იქნება ასახული ეკონომიკის აღდგენის მონაცემები. ამასთან, ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან საბაჟო კავშირის ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს რაც შეიძლება მალე, რათა მხარეებს შორის სავაჭრო კავშირები გაუმჯობესდეს.
მინისტრი ამბობს, რომ ვაჭრობა ადგილობრივ ვალუტაში უფრო მნიშვნელოვანი გახდება მსოფლიოში და თურქეთს აქვს განსაზღვრული ის ქვეყნები, ვისთანაც სავაჭრო დეფიციტი აქვს. მისივე თქმით, მიმდინარეობს დისკუსიები აღნიშნულ საკითხზე, ხვდებიან ბიზნესმენებს და ა.შ.
პეკჯანის განცხადებით, თურქეთი რამდენიმე ქვეყანასთან სავალუტო სვოპის შეთანხმებებზე მუშაობს, მათ შორის ჩინეთთან. ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდოეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და მალაიზიასთან ადგილობრივ ვალუტაში ვაჭრობის შესახებ.
დატოვე კომენტარი