თურქული სამხედრო კომპანიის, FNSS-ისა და ინდონეზიური PT Pindadi-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი საშუალო წონის ტანკის, Kaplan-ის პირველი პარტია ინდონეზიაში გაიგზავნა. Kaplan-ის საბოლოო ვარიანტის წარდგენის ცერემონია 15 მარტს ანკარაში გაიმართა. პირველი პარტიის მასობრივი წარმოების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას როგორც FNSS-ს, ისე PT Pindadi-ის წარმომადგნელები და ორივე ქვეყნის თავდაცვის სექტორის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, სატანკო კლასში Kaplan MT-ის ექსპორტი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიისათვის პირველ უცხოურ გაყიდვას წარმოადგენს.
სიტყვით გამოსვლისას, თურქმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ორ სამხედრო კომპანიას შორის თანამშრომლობას წარმოადგენს, ეს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კარგი მაგალითიც გახლავთ.
მსუბუქი ტანკების ნაწილი თურქეთში აიწყო, ნაწილი კი ინდონეზიაში იწარმოება. პროექტი ინდონეზიისათვის ტექნოლოგიის მიწოდებასაც გულისხმობს. თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თავდაცვით ინდუსტრიაში ექსპორტი არა მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებულ თემას, არამედ ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ტექნოლოგიის გაზიარებასაც წარმოადგენს.
ცნობისათვის, Kaplan-ის წარმოების დაწყებას საფუძველი 2015 წელს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე ჩაეყარა. 2016 წელს კი ტანკის პირველი მოდელიც წარადგინეს. თუმცა, პირველი პროტოტიპის წარდგენა 2017 წლამდე ვერ მოხერხდა. პროტოტიპის განვითარების შემდეგ, Kaplan-მა გამძლეობისა და სროლის ტესტირება ინდონეზიაში წარმატებით გაიარა. უკვე 2019 წელს ოფიციალურად გადაწყდა, რომ წარმოების დასრულების შემდეგ ინდონეზიას 18 ერთეული Kaplan-ი გადაეცემოდა.
დატოვე კომენტარი