თურქ ექსპორტიორთა გაერთიანების მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, 2022 წლის პირველ კვარტალში უკრაინამ თურქეთისაგან 30-ჯერ მეტი სამხედრო შეიარაღება მიიღო. თურქეთიდან უკრაინაში მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში 59 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება გავიდა. გასულ წელს კი ამ რიცხვმა 1.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტიორთა გაერთიანებას, რომელიც ინდუსტრიულ ასოციაციას წარმოადგენს, შეიარაღების კონკრეტული სახეები არ გაუმჟღავნებია.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შესყიდვა თურქული დრონების, Bayraktar TB2-ის იმპორტი გახლდათ. გასულ წლებში უკრაინამ თურქული Baykar-ისაგან 20 ერთეული დრონი შეისყიდა. ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, 27 იანვარს კი კიდევ 16 ერთეული შეუკვეთა, რომლის მიწოდებაც მარტის დასაწყისში, უკვე ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოხერხდა.
ცნობისთვის, თურქეთსა და უკრაინას დიდი ხნის სამხედრო-სავაჭრო პარტნიორობა აკავშირებთ. თუმცა, თურქეთს კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს რუსეთთანაც. ამიტომ, უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთისათვის სანქციების დაწესებას თავი აარიდა.
ცნობისთვის, მთლიანობაში, 2021 წელს თურქეთიდან ექსპორტირებული სამხედრო შეიარაღების საერთო ღირებულებამ 3.22 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41.5%-ით მეტია 2020 წლის მონაცემზე.
დატოვე კომენტარი