გასულ კვირას, თურქეთსა და სირიაში მომხდარი 7.8 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 36,000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ამ ეტაპისთვის, კატასტროფის შედეგად მიყენებული ზარალი დაზუსტებული არა არის, თუმცა „თურქული საწარმოებისა და ბიზნესის კონფედერაციის“ (TÜRKONFED) მონაცემებით, ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი თურქეთის მშპ-ის დაახლოებით 10%-ს უტოლდება.
„თურქული საწარმოებისა და ბიზნესის კონფედერაციის“ შეფასებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, $84 მილიარდს გადააჭარბებს, საიდანაც დაახლოებით $70.8 მილიარდი საცხოვრებელი კორპუსების ნგრევასთანაა დაკავშირებული, $10.4 მილიარდი კი ეროვნულ შემოსავალთან. სამუშაო ძალის ზარალი თურქეთის ეკონომიკას $2.9 მილიარდი დაუჯდება.
მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონი. ათ პროვინციაში დაინგრა ათასობით შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოები. სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა გზებს, მილსადენებსა და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურას, რეგიონში, სადაც დაახლოებით 13.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ინფრასტრუქტურისა და სახლების სწრაფი რეკონსტრუქციის პირობა დადო.
„თურქული საწარმოებისა და ბიზნესის კონფედერაციის“ ანგარიშით, ინფრასტრუქტურის, გზებისა და ელექტროგადამცემების, ისევე როგორც საავადმყოფოებისა და სკოლების დაზიანების შედეგად, თურქეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მიმდინარე წელს შესაძლოა 5.4%-ს გადააჭარბოს, რაც პროგნოზირებულ 3.5%-ზე გაცილებით მაღალია.
დატოვე კომენტარი