თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. თურქეთის პარლამენტი ალიანსის წევრი ქვეყნებიდან ბოლო საკანონმდებლო ორგანო იყო, რომელმაც ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.
დოკუმენტის რატიფიცირებას წინ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება უძღოდა, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას და ქვეყნის პარლამენტსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს შვედეთთან ალიანსის პრინციპებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი მიდგომის საფუძველზე“, – განაცხადა ერდოღანმა. საუბარია ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერებზე, რომელთაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს შვედეთში. ერდოღანი ამ პარტიას ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ამას უკავშირდება შვედეთის მიმართ მისი პრეტენზიებიც.
ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალიტეტზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. მათ წევრობაზე განაცხადს NATO-ს 30-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი და დაამტკიცოს შესაბამისი დოკუმენტები ეროვნულ დონეზე.
დატოვე კომენტარი