თურქი პროკურორები ქვეყნის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის მერისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ. ექრემ იმამოღლუს ბრალად თურქი მაღალჩინოსნების შეურაცხყოფა ედება. ის 2023 წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტადაა მიჩნეული.
აღნიშნული ინფორმაცია თურქულმა სახელმწიფო მედია Anadolu-მ გასულ კვირას გაავრცელა. მათი ცნობით, პროკურორებმა უკვე მიმართეს სასამართლოს და იმამოღლუსთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების შეურაცხყოფის ბრალდებით.
ბრალდების მხარე მიუთითებს იმამოღლუს მიერ 2019 წლის მარტში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების გადაწყვეტილებას, გაეუქმებინათ მუნიციპალური არჩევნების შედეგები, ბრიყვული ნაბიჯი უწოდა.
ცნობისთვის, 2019 წლის მარტში იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. შედეგებით უკმაყოფილო მმართველმა პარტია „AK“-მ კი არჩევნების ხელახლა ჩატარება მოითხოვა და ამასთან, აპელირებდა, რომ წინა არჩევნებში იმამოღლუმ თაღლითობის დამსახურებით გაიმარჯვა. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ერდოღანის პარტიის მოთხოვნა დააკმაყოფილა – სწორედ ამ ნაბიჯს აფასებდა იმამოღლუ ბრიყვულად და ამასთან, თვლიდა, რომ ეს გადაწყვეტილება აზიანებდა თურქეთის რესპუბლიკის იმიჯს საერთაშორისო არენაზე.
მიუხედავად ხელახალი არჩევნების ჩატარებისა, მასში დამაჯერებელი გამარჯვება კვლავ ექრემ იმამოღლუმ მოიპოვა. სწორედ ის მიიჩნევა ერდოღანის მთავარ კონკურენტად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან, ქვეყანაში ჩატარებული უკანასკნელი კვლევებით, იმამოღლუ თურქეთში უფრო რეიტინგულია, ვიდრე ერდოღანი.
Anadolu-ს ცნობით, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო და სტამბოლში სასამართლო მოსმენებიც მალე დაიწყება.
დატოვე კომენტარი